11.05.09 აქცია პარლამენტის წინნინო ბურჯანაძის გამოსვლა
მოგესალმებით ყველას! ჩვენი ვალია მედგრად ვიყოთ, ერთმანეთი გავამხნევოთ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გვერდით დავიყენოთ და დაყრუებულ ხელისუფლებას გავაგებინოთ, რომ რუსთაველზეა ყველა, ვისაც საქართველო უყვარს, რომ ეს მთელი საქართველოს აქციაა.
ვფიქრობ, თქვენც უნდა წაგიკითხოთ წერილი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღე.
„ქალაქ გორის სატანკო ბატალიონი, რომელიც აგვისტოს პერიოდში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან, პრეზიდენტის წარმოსახვით ამხილეს ე.წ. მუხროვანის ამბოხებაში. სინამდვილეში, ქ.ნინო, ჯარისკაცები საკუთარ ხალხს არ დაუპირისპირდნენ. სამი-ოთხი დღე ჰყავდათ გაუსაძლის პირობებში სამხედრო პატიმრებად. შემდეგ ნაწილი გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან. ძალიან გთხოვთ რეაგირება მოახდინოთ; დაიცავით ეს ჯარისკაცები, მათი ოჯახები, შელახული ჯანმრთელობა, თავმოყვარეობა, ხელფასის იმედად აღებული კრედიტები; დაიცავით მათი მომავალი. დიდი მადლობა „პრეზიდენტს“, რომ ასე შეაწმინდა ფეხი საქართველოს პატრიოტებს, რომლებმაც აგვისტოში სიკვდილს თვალებში ჩახედეს. ქვეყანა იღუპება. დაიცავი საქართველო“.
ჩვენ ვპირდებით იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც საკუთარ ხალხზე ხელის აღმართვაზე უარი განაცხადეს, რომ დავიცავთ და გავათავისუფლებთ უღირსი მთავრსარდლისგან. მთავრსარდლისგან, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს თითოეულ ჩვენგანს.
თქვენ იცით, რომ პირადად მე, ისევე როგორც მრავალ თქვენგანს, პრეზიდენტთან შეხვედრის პოზიტიური შედეგების მოლოდინი არ მქონდა.
თუმცა, კარგია, რომ შეხვედრა შედგა. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ დიალოგით შეიძლებოდა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროცესის დაწყება. ამ შეხვედრამ დაგვარწმუნა, რომ ამ ქვეყანას არაადეკვატური პრეზიდენტი ჰყავს.
კაცი, რომელიც ვერ ხვდება, რა ხდება რუსთაველის გამზირზე. კაცი, რომელიც ამ ქვეყანას მხოლოდ მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიის ეკრანებით ხედავს. კაცი, რომელიც ნანობს, რომ თავ-პირი ბევრჯერ არ დაგვიმტვრია და ძალა მხოლოდ 6 მაისს გამოიყენა. კაცი, რომელიც ნანობს, რომ შეცდა და კარვებისა და საკნების დადგმა, სირცხვილის კორიდორების არსებობა დაუშვა.მას აშინებს სირცხვილის კორიდორები, აშინებს ჩვენი აქტიური ქმედებები. დაგვემუქრა, რომ გზის გადაკეტვის უფლებას არ მოგვცემს.
ჩვენ თავს ვიკავებდით რადიკალური ქმედებებისაგან. თავს ვიკავებდით არა იმიტომ, რომ პრეზიდენტის გვეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ ვცდილობდით ყველა შანსი გამოგვეყენებინა, ვუფრთხილდებოდით ყველაფერს. დღეს პრეზიდენტმა თითი დაგვიქნია. ჩვენს საპროტესტო აქციებს ცირკი უწოდა, ჩვენ, ალბათ, ცირკის მსახიობებად მიგვიჩნია; თუმცა, ცირკის მსახიობი ვინ არის, როდესაც სპექტაკლებს დგამს და შემდეგ უნიჭოდ ასრულებს როლს, მთელმა მსოფლიომ კარგად იცის.
სააკაშვილის უბედურება ყოველთვის ის იყო, რომ ხალხის არ ესმოდა.
დღეს პრეზიდენტმა წყალობა გადმოგვიგდო და განაცხადა, რომ დაჭერილთა წინააღმდეგ შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს. ვინ კითხავს პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას? ჩვენ არაფრის არ გვეშინია, რადგან დანაშაული არ ჩაგვიდენია. ყველაფერი კარგად გამოიძიონ და დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც მომიტინგეებს თავს ესხმოდნენ და უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. შეწყალება სწორედ მათ სჭირდებათ და არა ჩვენ.
ჩვენ არ ვაპირებთ საზოგადოებრივი პატრულის გაუქმებას, რომელიც თითოეულ თქვენგანს იცავს. უფრო მეტიც, ჩვენ გზებსაც გადავკეტავთ, რაიონებშიც წავალთ, ხალხს ფეხზე დავაყენებთ, ქუდზე კაცს დავუძახებთ და სააკაშვილს ამ ქვეყნიდან გავაქცევთ.
ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით სიმშვიდისა და სტაბილურობის ფასი. თუმცა, არ დავუშვებთ იმას, რომ სააკაშვილმა მოჩვენებითი სიმშვიდე და სტაბილურობა შექმნას ამ ქვეყანაში. მოჩვენებითი სტაბილურობა იყო საქართველოში ივლისში, აგვისტოს დასაწყისში, როდესაც პრეზიდენტი შემპირდა, რომ ომს არ დაიწყებდა, 7 აგვისტოს კი ცხინვალში ბომბარდირება დაიწყო.
ჩვენ აუცილებლად გვექნება ქვეყანაში ნამდვილი და არა მოჩვენებითი დემოკრატია და სტაბილურობა. ჩვენ გვექნება ძლიერი ეკონომიკაც, ნამდვილი და არა ბანერზე დახატული ქარხნები.
ჩვენ უნდა გადავიდეთ ძალიან აქტიურ ქმედებებზე. ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ გამოვაფხიზლოთ ხელისუფლება.
სააკაშვილს კიდევ აქვს შანსი, დაანახოს ხალხს, რომ საკუთარ სკამს ქვეყანა ურჩევნია. სამწუხაროდ, არ მჯერა, მაგრამ მინდა იმედი დავიტოვო და ვიფიქრო, რომ პრეზიდენტი თქვენს სიტყვებს შეისმენს და ქვეყანას თავიდან ააცილებს კრიზისის შემდგომ გამწვავებას.
სააკაშვილი და მთელი მისი გუნდი ერთმანეთის მძევლებად იქცნენ. მაგრამ მათ საკუთარი მომავლის წინაშე, საკუთარი შვილების წინაშე პასუხისმგებლობა არ უნდა დაივიწყონ და ადეკვატური ნაბიჯები გადადგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს. ფეხდაფეხ მოვივლით მთელ საქართველოს. ჩვენ ვიმოქმედებთ აქტიურად და მთელ მსოფლიოს დავაყენებთ დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ დავიცავთ ჩვენ ქვეყანას.
თუ ვიდგებით მყარად და არც ერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ, ჩვენ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვეყოლება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ უნდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ უკეთესი საქართველო გვინდა, რომ ჩვენ არ ვაპატიებთ პრეზიდენტს უგუნურებას, უკანონობას და ძალადობას. ჩვენ ვაიძულებთ პრეზიდენტს, რომ გადადგეს, ჩავატარებთ არჩევნებს და დავუმტკიცებთ მთელ მსოფლიოს, რომ ვართ დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის ღირსი. ამ მიზანს მივაღწევთ ბრძოლით, აქტიურობით და ერთად დგომით.
დღეს ფიქრისა და ყოყმანის დრო აღარ არის. ყველას ვისაც გამბედაობა გვაქვს, დავდგეთ ერთად მიზნის მისაღწევად.

























