ეს იყო იმ ადამიანების კარგად გააზრებული პოლიტიკური არჩევანი, ვისთვისაც უმთავრესია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, მათი ოჯახებისათვის ცხოვრების მშვიდი, უსაფრთხო და ღირსეული გარემოს შექმნა. ამ განწყობით შევუერდით ჩვენ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს მოწოდებას, ერთად გვევლო უკეთესი საქართველოსთვის რთულ, ტკივილიან, მაგრამ საამაყო გზაზე!
ნათელი გახდა, რომ ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ელიტა კონტროლირებადი მედიის მიერ წარმოებულ პროპაგანდას, ძვირადღირებულ პიარ კამპანიას აფარებს თავს. ვერ ჩამოყალიბდა ეროვნული იდეა, სახეზეა ფასეულობათა აღრევა. დაიკარგა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობა, ხვალინდელი დღის რწმენა, დაისადგურა შიშმა და დაუცველობის განცდამ.
საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის, დღევანდელი ხელისუფლება არ ერიდება საზოგადოებაში შეუწყნარებლობის, ძალმომრეობის, უზნეობის დანერგვას. ხელისუფლება ცდილობს მომავალ თაობებს ყველა ის ფასეულობები დააკარგვინოს, რომლებზეც ჩვენი ქვეყანა საუკუნეებია დგას.
ჩვენი მრწამსიდან, ჩვენი მოქალაქეების, თავზე მოხვეულ ომებში დაღუპლთა წინაშე გათავისებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ შევეგუებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
ჩვენი მიზანია, კონსტიტუციის ფარგლებში დაშვებული ყველა შესაძლებლობის, მათ შორის , არჩევნების გზით შევძლოთ ქვეყნის არსებული რეჟიმისაგან განთავისუფლება და სახელმწიფო აღმშენებლობის გზაზე დავაყენოთ.
საქართველოს მოსახლეობას აქვს კონსტიტუციური უფლება ჰყავდეს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელი და სახელმწიფო ინტერესების, სამართლისა და სიმართლის დამცველი ხელისუფლება.
ხალხი ამ მიზანს აუცილებლად მიღწევს!























