ვიმედოვნებ, საკუთარ თავზე გადამეტებულ აზრად არ ჩამითვლის მკითხველი ამ მიმართვა–მოწოდების გამოქვეყნებას. კარგა ხანია დაფუძნდა სადღესასწაულო მიმართვების ფორმა, რომელზეც უარის თქმა განვიზრახე, რადგან ქართველი ერის დღესდღეობითი მდგომარეობის მიმართ ტკბილი სიტყვა და საუკეთესო სურვილები ვერაფრის მაქნისია.
ვინ და რა ვართ ქართველები და საქართველო დღეს?
თავის დროზე ორმოცდაჩვიდმეტ ფრაზად ჩამოვაყალიბე და გამოვაქვეყნე ყოველივე, რაც დღეს არსებულმა ხელმძღვანელობამ დაგვმართა და შევეცდები, ნათქვამიდან აღარაფერი გავიხსენო. ისიც სრულიად საკმარისი იქნება არსებული ვითარების დასახასიათებლად, რომ ძველ „საქმეთა საგმიროთ“ ახლებსაც დავუმატებ.
პერევი, რაიონითურთ ჩვენი სულიერი მამის, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მეოხებით დაგვიბრუნდა, მაგრამ მეორე დღესვე სააკაშვილის დატრაბახებამ – აგერ ხომ დავიბრუნე და დანარჩენსაც მოვუვლიო! –ის მოიტანა, რომ მეორე დღესვე ისევ წაიღეს რუსებმა პერევი!
საინტერესოა, რომ დღემდე სათანადო ანალიზი და შეფასება არ მისცემია ჩვენს სამაჩაბლოში, ვითომდა ქართული მოსახლეობის დასაცავად შეჭრას, მაშინ, როდესაც სახელდობრ ამ სისულელემ გამოიწვია რუსების მიერ ჩვენი ტერიტორიების მისაკუთრება. სამაგიეროდ, მიზეზი მიეცა ლიკვიდაციის პირზე მიმდგარი რუსეთის იმპერიის
ხელმძღვანელობას თავისი საუკუნოებრივი ჩანაფიქრის – სამხრეთ კავკასიის პლაცდარმის პყრობით, ინდოეთის ოკეანეზე გასვლის რეალიზების დასაწყისს.
ამ შეცდომამ ისიც მოიტანა, რომ დღეს ოსები სხვა ტერიტორიებზეც გვიცხადებენ პრეტენზიებს.
არ შემიძლია საგანგებოდ არ აღვნიშნო მორიგი მტკნარი სისულელე – მერაბ ბერძენიშვილის მიერ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სამასორმოცდაათი ათასამდე ქართველის ხსოვნისათვის შექმნილი მემორიალის ბარბაროსული აფეთქება, რაც ვითომდა საქართველოს პარლამენტის შენობის ასაგებად განხორციელდა. ეს უმაგალითო ბოროტება ხომ თბილისიდან იმავე მერაბ ბერძენიშვილის, დავით აღმაშენებლის განდევნას მოჰყვა. რა დააშავა იმ დიდებული და საამაყო ძეგლების ავტორმა იმაზე მეტი, რომ სააკაშვილის ფიგურა არ წამოგვიჭიმია მეტეხის კლდეზე, ვახტანგ გორგასლის გვერდით?!
როგორც იტყვიან, „ჯერ სადა ვართ“. მერე და მერე ვინ იცის, რა მოგველის? რა ვქნათ რა ვუშველოთ განადგურების სუბიექტს – ქართველ ერს? მეპატიოს, ვინ იცის, მერამდენედ ვწერ და ვაქვეყნებ, – ჩვენ, მარადისი გასაჭირის მსხვერპლად გაგვიმეტა ღმერთმა, რომ საცხოვრისად ეს საოცარი გზაჯვარედინი მოგვანიჭა, რასაც ქართველთა მიწა–წყალი შეერქვა. სწორედ იმის გამო ვინ იცის, რამდენი მარცხი და უბედურება ვიწვნიეთ, მაგრამ შეუპოვრობამ, გასაჭირის მიმართ ფხიზელმა მიდგომამ და ერთადერთი გამოსავლის პოვნის გენიალობამ გვიხსნა და გამოვალთ ამ უდიდესი უკიდურესობიდანაც, თუ კვლავ ჭკუას დავუპირისპირებთ ავის მოსურნეთა ჯალათობას.
რა გზითა და საშუალებით?
უნდა გავერთიანდეთ, ყველამ ერთი მიზანი დავისახოთ, ვიფიქროთ, შეხედულებები და აზრები მხოლოდ ერთი გარემოების მიმართ გავაერთიანოთ – ვიხსნათ ჩვენი ერი და ნაგლეჯებად ქცეული სახელმწიფო, ნუ ვიქნებით იმ ფუჭი იმედის ამარა, რომ არჩევნებით გავიმარჯვებთ.
ეს არ მოხდება უპირველესად იმიტომ, რომ დაქსაქსულ – გათითოკაცებული ვართ და იმიტომაც, რომ მმართველ ხროვას ხმის უმრავლესობა განაღდებული აქვს შვიდნაირი პოლიციით, შეიარაღებული ძალებით, მის სამსახურში ლუკმაპურის მაძიებელი პლუტოკრატებისა და ყველა ამათი ოჯახების ხმათა რაოდენობით.
ათიოდე დღის წინ, მამულიშვილები შეიკრიბნენ სასტუმრო „პრიმა ვერაში“. მე ვუერთდები მათ სულისკვეთებას – ყველამ გვერდით გადადოს ამბიციები და გაერთიანდეს ერთი დიდი იდეის, ეროვნული, წარმომადგენლობითი ყრილობის გამართვის ირგვლივ!
გონიერო და გულწრფელო ქართველებო! შეიკრიბეთ, იმსჯელეთ, ამ გამოსავლის მომტანი ქმედების გარშემო და ქართველი ერი კიდევ ერთ, უმთავრეს გამარჯვებას მოიპოვებს.
ჭკუით ქართველებო, გადაარჩინეთ საქართველო!
ჭაბუა ამირეჯიბი
თბილისი, 29.12.2009
























Hardtalk - Mikheil Saakashvili pt 1