various
„ნინო ბურჯანაძე ჭაბუა ამირეჯიბის იდეის მომხრეა“

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

„სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ობამამ ლამის ოფიციალური ვიზიტით მიიწვია იგი, ჩვენთვის ამერიკულ მხარეს არ დაუდასტურებია. ამ განცხადების დროს მე ვიყავი ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე და ელჩს არც უხსენებია ამ შეხვედრის შესახებ. არც ჩვენს სტუმრებს უხსენებიათ ჩვენი პრეზიდენტის მომავალი ვიზიტი ამერიკაში.


ასეთი მიწვევა თუ იქნებოდა, ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა ქვეყნისათვის, შემდგომი სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისათვისაც და ოპოზიციისათვისაც, რადგან ზუსტად ვიცი, რას ეტყოდნენ ასეთ შეხვედრაზე სააკაშვილს.

კარგად ვიცით და ეს ხშირად უთქვამთ უცხოელებს, მათ შორის ამერიკელ მაღალჩინოსნებს, რომ პირადი შეხვედრების დროს ამერიკის და ევროპის სხვადასხვა შტოების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად ესაუბრებიან საქართველოში დემოკრატიის სერიოზულ ხელყოფაზე და რომ ამას გამოსწორება სჭირდება. ჩემს ამ განცხადებას ძალიან ოპერატიულად გამოეხმაურნენ ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და უკვე მანიად იქცა რუსეთის მაგალითის მოყვანა და ჩვენთან მობმა. თქვეს, რომ კულუარული დიპლომატია  რუსეთისთვისაა დამახასიათებელი, ამერიკელები კი ღიად ამბობენ ყველაფერს. ასე სულელები ჰგონიათ ჩვენს დეპუტატებს ამერიკელები?! რასაც ჩვენი ამერიკელი მეგობრები სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ეუბნებიან დახურული კარის მიღმა, ეს ყველაფერი რომ ღიად ითქვას, ნამდვილად ვერ დადგება ჩვენი ხელისუფლება კარგ ხასიათზე.

შემიძლია ბატონი ბაიდენის სიტყვები მოგიყვანოთ, რომელმაც ჩვენთან შეხვედრაზე თქვა, რომ მას საკმაოდ მწვავე საუბარი ჰქონდა სააკაშვილთან. ბაიდენს ეს, რა თქმა უნდა, ტელევიზიით არ უთქვამს.

„ვაშინგტონ პოსტში“ დაიწერა, საერთოდ უნდა მიიღოს თუ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სააკაშვილის მიერ გაგზავნილი ჯარი ავღანეთში, რადგან, გაზეთის სიტყვებით, სააკაშვილს ეს გადაჭარბებულ მოლოდინს უქმნის ამერიკის შესაძლო როლზე საქართველოში კონფლიქტების დარეგულირებაში და ამერიკას არ სჭირდება ისეთი გაუწონასწორებელი, არაადეკვატური და უპასუხისმგებლო პარტნიორი, როგორიც სააკაშვილია. ამერიკელი სტუმრების და ოპოზიციის შეხვედრაზე ნათლად ითქვა, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია არა ის, ვინ როგორ მოაჩვენებს მსოფლიოს თავს ამერიკის მეგობრად, არამედ რა ნაბიჯები იდგმება დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად.

ყველა ლაპარაკობს, რომ არჩევნები პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზაა. ამას მეც ვიზიარებ, მაგრამ არის ერთი „მაგრამ“. ადგილობრივი არჩევნები პოლიტიკურ კონიუნქტურას რადიკალურად ვერ ცვლის, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა არ არსებობს. და მეორე, მე ვუთხარი, რომ არჩევნები არ არის დემოკრატიული პროცესის გარანტი ქვეყანაში და მაგალითად მოვუყვანე, რაზეც გულიანად გაეცინათ, საბჭოთა კავშირში ტარდებოდა არჩევნები, არც ზონდერბრიგადები იყო, არც ყუთებში ჩაყრა, არც თავპირის მტვრევა, მაგრამ საბჭოთა კავშირში დემოკრატია იყო? დაახლოებით იმ ტიპის არჩევნებს გვთავაზობს დღეს ჩვენი ხელისუფლება.
ვინაიდან ხელისუფლება არ ცვლის გარემოს, ყველაზე სწორი იდეაა, რომელიც ბატონი ჭაბუა ამირეჯიბის სახელით გახმოვანდა. საუბარია სახალხო კრების მოწვევაზე, სადაც მოსახლეობა თავის დამოკიდებულებას გამოხატავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მიიღებს. მე სხვა რეალობას ვერ ვხედავ.

ჯერჯერობით სააკაშვილი რუსეთს აწყობს, თუმცა რა წუთშიც რუსეთი გადაწყვეტს მის მოშორებას, ასეთი გაუწონასწორებელი ადამიანის რაიმე პროვოკაციაზე წამოგება რთული სულაც არაა, მით უმეტეს, რომ თვითონ არის ხშირად პროვოკაციების ინიციატორი.

მერკელმა და სარკოზიმ გამოაცხადეს, რომ საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან სრულ  ჰარმონიაში უნდა იყვნენ. ამბობენ, რომ ცენტრალური მნიშვნელობა აქვს რუსეთთან ურთიერთობას და საქართველო არ უნდა ელაპარაკებოდეს რუსეთს?! შენ რომ არ ელაპარაკები, შენი ქვეყნის ინტერსებს ვინ დაიცავს?!
სააკაშვილს ეტყობა, როგორაა გამოსული წონასწორობიდან. იმის მიუხედავად, რომ ხან ციგურებით სრიალებს და ხან - თხილამურებით. ეს არაადეკვატური ადამიანის ქცევაა. ერთი რამეცაა - ერთი პროცენტითაც რომ დაუშვას სააკაშვილმა ოპოზიციის გამარჯვების შანსი, აუცილებლად ომს დაიწყებს. პროვოკაციაში ჩართავს ქვეყანას, რომ ქართველი ხალხის გაშვებული კი არა, რუსეთის გაგდებული პრეზიდენტი ერქვას. ეს საფრთხე ძალიან რეალურია“.

           „სარკე“; 10.02.10; ავტ.ნინო მეტრეველი; გვ.16-17

 

E-mailPrint
 
[ Back ]
Interaction
Do you think that "People`s Representative Assemble” is the way to change current reality in the country?
Archive Calendar
« July 2010 »
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
The Week in Pictures