პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
გიგლა ბარამიძის ინტერვიუ

ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს!

 

რას ფიქრობენ პოლიტიკოსები “ციანიდის საქმეზე”, სად მარხია ძაღლის თავი და რა ფაზაში გადადის პატრიარქობისთვის ბრძოლა? ამ და სხვა საკითხებზე “ალია” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, გიგლა ბარამიძეს ესაუბრა.

 

- თქვენი აზრით, “ციანიდის საქმე” რაში სჭირდება ხელისუფლებას, რისი მიღწევა სურს? პროკურატურამ ჯერ თქვა, რომ მაღალი სასულიერო იერარქის მოწამვლა იგეგმებოდა და შემდეგ უარყო. კიდევ ერთხელ გკითხავთ, ვინ გადაჰყვება ამ საქმეს?

- ამ საქმეს უნდა გადაჰყვეს მთავარი პროკურორი შოთაძე, პიროვნულად მის მიმართ არ მაქვს ანტიპათია, თუმცა, არც სიმპათია. ის არ არის პირსისხლიანი, როგორებიც იყვნენ მისი წინამორბედები, ვგულისხმობ ზრდასრულ ვირთხას _ ადეიშვილს, თუმცა ირაკლი შოთაძე ითვლებოდა მის მარჯვენა ხელად. ესეც საკითხავია, როგორ აღმოჩნდა შოთაძე მთავარ პროკურორად. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელმა პროკურორმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა და ურთულეს ვითარებაში ჩააყენა პრემიერი, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება. და არა მარტო პრემიერი, არამედ მთელი ხელისუფლებაც... მთავარი კი ისაა, რომ საზოგადოება დაზაფრეს, რადგან შექმნეს აზრი, რომ უწმინდესისა და უნეტარესის მოწამვლა იგეგმებოდა. შემდეგ კი პროკურატურამ აქეთ დაგვადანაშაულა, ჩვენი ნათქვამი სწორად ვერ გაიგეთო. “ოცნების” ხელისუფლება რამდენჯერ უნდა მიადგეს საქართველოს ხელისუფლებას და უთხრას, რომ ჩვენ ალთას ვართ, თქვენ ბალთას და ვერ იგებთ, რაზე ვლაპარაკობთო. ვერ გავიგე, საქართველოს პროკურატურის დასკვნა იეროგლიფებით იწერება? მაშინ, ერმა უნდა ვთხოვოთ, პავლე ინგოროყვა გაცოცხლდეთ და განგვიმარტოს ამათი სისულელეები. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ყველაფერი შერჩათ. რამდენჯერ გააკეთეს უმწიფარი განცხადება მთელმა რიგმა სამსახურებმა. ადრე იყო, გვაშინებდნენ სახელმწიფო შეთქმულება და გადატრიალება იგეგმება, “ნაცმოძრაობის” ლიდერებზე სისხლის სამართლის საქმე აღვძარითო და არაფერი შედეგი... ახლა კი უწმინდესსა და უნეტარესს მიადგნენ. ამას მეორე უბედურება დაემატა, ძალები გამოდიან იუდას სახეებით თითქოს უნეტარესზე გული შესტკიოდეთ და ამ დროს, მთელი სიბინძურე საჯაროდ გამოაქვთ და ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენენ. ესეც ვერ გათვალა პროკურატურამ, თუ რა მოჰყვებოდა ამ ამბავს. რაც მთავარი იყო, ერთი მხრივ, გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვეს ბრალდებულს და მოწმეებს და თვითონ პროკურატურიდან კი ყველა ინფორმაცია გამოდიოდა. “ფეისბუკით” მთელმა საქართველომ შეიტყო, ვინ იყვნენ ამ საქმეების მოწმეები, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ `სახლობანას~ თამაშის დონეზე აქვთ სახელმწიფო დაყვანილი. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეს პრემიერიც შეეწიროს, მთავრობის შიგნით ძალიან ბევრი ფარული დაპირისპირებული ჯგუფია, რომელთაც დღევანდელი პრემიერი არ უნდათ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ძალებმა დაუდგეს სპექტაკლი პრემიერს. დღეს და ხვალ შეიძლება კვირიკაშვილი არ გადაჰყვეს ამ საქმეს, მაგრამ მისი ძირის გამოთხრა დაწყებულია და ფინალამდე მივა. მე ვთვლი, რომ პასუხი უნდა მოეთხოვოს მთავარ პროკურორს და ყველა იმ ჩინოვნიკს, ვინც ეს გაუგებარი კამპანია წამოიწყო. მაგრამ მე გეტყვით, როგორ გაგრძელდება ეს სკანდალი, ამ ამბავს რაღაც დონემდე მიიყვანენ, შემდგომ გადაფარავენ, გადმოფარავენ და მოსახლეობას მიავიწყებენ, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ სახელმწიფო ქცეულია არასამთავრობო ორგანიზაციად, რომელიც იქით უბერავს, საითაც დავალებას აძლევენ. ეს არის ყველაზე ცუდი. ჩვენ, პოლიტიკოსებს, არ გვინდა ასე ხდებოდეს და კანონის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ.

- კრიზისის ნიშნები სახეზეა, ჩვენ ვხედავთ საპრეზიდენტო და საპარლამენტო ინსტიტუტების დაპირისპირებას, სოციალურ კრიზისს და ეკლესიის გახლეჩის ნიშნებს. აშკარაა, ეს ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდება, ხელისუფლებამ მოახერხა და პოლიტიკური ნიშნით დააპირისპირა ხალხი ერთმანეთს, ახლა კი მრევლს უპირისპირებს. საპატრიარქოდან ვინ გადაჰყვება ამ სკანდალს? მეუფე პეტრემ შემზარავი ბრალდებები წაუყენა პატრიარქის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს. ომი გაჩაღდა და ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება. თქვენ რას ფიქრობთ?

- როცა მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებებს განცხადებებზე აკეთებდნენ, მაშინ ვამბობდი, ვილოცოთ უწმინდესის ჯანმრთელობისთვის და დაველოდოთ მის განცხადებას, დაველოდოთ, წმინდა სინოდი რა დადგენილებას გამოიტანს-მეთქი, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. რა თქმა უნდა, ეკლესიას დიდი მრევლი ჰყავს და `ნაციონალები~ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც არის დედაეკლესია, შეერყვნათ და დაენგრიათ. შიდა დინებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ არ მინდა დეტალებზე საუბარი, რადგან სასულიერო პირი არ ვარ. რა თქმა უნდა, ეს პროცესები უმტკივნეულოდ არ ჩაივლის და გარკვეული პრობლემები იქნება. გამოჩნდა ერთ-ერთი ეპისკოპოსი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ვთვლი, რომ მან ნაადრევი განცხადებები გააკეთა, თუმცა არ მაქვს უფლება, განვსაჯო მეუფე პეტრე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც მისგან მოვისმინეთ, ეს იყო შოკისმომგვრელი და შემზარავი. აუცილებელია, სინოდის გადაწყვეტილება მოისმინოს საზოგადოებამ, როცა ამის დრო დადგება. ის, რომ მიშა აფათურებდა ეკლესიის შიდა საქმეებში ხელებს, გადაავიწყდათ, ახლა მის დამცველებად რომ გამოდიან. თუნდაც გაზეთ “ალიას” აქვს უამრავი სტატია გამოქვეყნებული, როგორ ერეოდნენ ახალაიები, თოფურიძე, უგულავა საპატრიარქოს საქმეებში და როგორ ახდენდნენ ზეწოლას პატრიარქზე. მათ ეს არ გამოუვიდათ, ახლა კი ყველანაირად ცდილობენ, ეს დრო გამოიყენონ და რაღაც ავნონ ეკლესიას. ხელისუფლებამ და პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წისქვილზე დაასხა წყალი.

- გერმანია იყო ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე თავი შეიკავა იმ მიზეზით, რომ ტერორისტები საქართველოს დერეფანს ევროპაში გასასვლელად გამოიყენებდნენ. ახლა რა გამოდის, სასულიერო პირები არიან ტერორისტები, გერმანელები ჩვენს პატრიარქს კურნავენ, ხოლო საქართველოს სასულიერო პირები მას წამლავენ... რას ამბობენ ამ თემაზე თქვენი გერმანელი მეგობრები?

- ჩვენ იმათ წისქვილზე დავასხით წყალი, ვისაც არ უნდა საქართველოს ევროპული არჩევანი, ვიზალიბერალიზაცია. ამას რომ თავი დავანებოთ, საქართველოს აქვს პრეტენზია, იყოს ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ამ საქმემ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. გერმანიაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს _ პოლიტიკოსები, მეცნიერები, ჟურნალისტები. მათთან მქონდა საუბარი, გაოცებულები ამბობენ, _ ისედაც პრობლემებია საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გერმანელები ვაპროტესტებთ და თავს ვიკავებთ ყველანაირად. საქართველოს უწმინდესსა და უნეტარესს, რომელიც გერმანელებისთვისაც პატივსაცემი პიროვნებაა, ვუმკურნალეთ, თქვენ კიდევ აქეთ აგზავნით მისი უწმინდესობის მოსაწამლად სასულიერო პირს. აბა, ეს ნორმალურიაო?!. ვინ დაიჯერებს, რომ ქართველები კრიმინალები არ ხართ. მოკლედ გეტყვით, შოკში არიან...

- სამაგიეროდ, სააკაშვილმა გაბედა და ჩავიდა პატრიარქის მოსანახულებლად. მთავრობას მისი უსუსურობა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა და სულაც არ გამიკვირდება, ხვალ სააკაშვილი თბილისში რომ ჩამოვიდეს. თქვენი აზრით, სახელმწიფოს დაცვის სამსახურმა რატომ ვერ უზრუნველყო, რომ სააკაშვილი იმ ტერიტორიაზე ვერ მისულიყო?

- ეს მეორე სითახსირეა დღევანდელი ხელისუფლების, არ ვიცი, ამას რა ჰქვია, იმდენად უნიათოები არიან, რომ ინტერპოლს მასალები ვერ წარუდგინეს, მკვლელები, ყაჩაღები, კორუმპირებულები, ვინც გაქცეულები არიან, პასუხი ვერ მოსთხოვეს. ამ ნაბიჯით სააკაშვილმა მთავრობა აბუჩად აიგდო და ხელისუფლებას სახეში შეაფურთხა, დედაჩემთან ერთად ჩამოვედი, შევედი უწმინდესთან, მოვინახულე და თქვენ საერთოდ, ვინ ხართო? ვეკითხები დღევანდელ ხელისუფლებას, _ რა გქვიათ თქვენ?!. არც პროფესიონალები ხართ, არც ღირსება გაგაჩნიათ, არც ქმედების უნარი. თქვენ რომ რამე შეგეძლოთ, დღეს სააკაშვილი ციხეში იჯდებოდა. სანამ პრემიერი ბერლინში ჩავიდოდა, სააკაშვილმა დაასწრო. ამ მკვდრებმა ხმაც ვერ ამოიღეს. ესენი არიან მოსიარულე მკვდრები, ამას რომ ვამბობ, ძალიან სწყინთ, მაგრამ ცივი წყალი დალიონ. ხელისუფლებამ საქართველოსა და მთელ მსოფლიოს დაანახვა, რომ სააკაშვილი არ არის ძებნილი, არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი და მას თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. უწმინდესისა და უნეტარესის მოსანახულებლად ჩვეულებრივად მიდის, სადაც წუთი-წუთზე უნდა მივიდეს საქართველოს პრემიერი, პროკურატურა გვეუბნება, რომ დეკანოზი მამა გიორგი ბერლინში მიემგზავრებოდა ციანიდით მაღალი სასულიერო იერარქის მოსაწამლად და ამის მერე პრანჭვა-გრეხით ვითხოვთ, ევროპაში გვინდაო. აი, ეს დაანახვა მთელ მსოფლიოს პროკურატურამ და ამის მერე შოთაძის გადადგომა აღარ უნდა მოვითხოვოთ?!. ამ ხელისუფლებას სჭირდება პამპერსები, ის არის ჩასვრილი და ყარს. ესეც მთელმა მსოფლიომ დაინახა, როცა სააკაშვილი იქ ჩავიდა. ამიტომ ხმა არ ამოიღოს ხელისუფლებამ, მათ ახლა დიდი ოდენობით პამპერსები ვუყიდოთ და ამოვაცვათ. ახლა მთავარია საზოგადოების კონსოლიდირება, კონსტიტუციური გზით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაცილოთ, მათ არ აქვთ უფლება, იყვნენ ხელისუფლებაში.

ნინო სამხარაძე

 

 

 

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ