ორშაბათს, 25 მაისს, 16 საათზე თბილისში საქართველოს მოქალაქეთა აქცია - „აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!“ - იმართება.
მოვუწოდოთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ზუსტად 16 საათზე 5 წუთით შეაჩერონ მანქანები და მისცენ საყვირი, რითაც გააპროტესტებენ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოდან განყენებულად დაფიქსირებას.
საპროტესტო აქციის მიზანია მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, მისი სულის ნაწილია.
მსგავსი სამოქალაქო პროტესტის აქცია არაერთგზის გამართულა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. „აფხაზეთი საქართველოა! სამაჩაბლო საქართველოა!“ - არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის აქცია, ეს საერთო სახალხო პროტესტია ჩვენი უმთავრესი სატკივარის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
































