09.05.09 აქცია პარლამენტის წინ
ჩემო ძვირფასო ხალხო, მოგესალმებით ყველას. ისევე როგორც თითოეულ თქვენგანს, მეამაყება, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ. ქართველმა ხალხმა მრავალჯერ დაამტკიცა, რომ საკუთარი ღირსების და შვილების დაცვა შეუძლია.
რამდენიმე დღის წინ აქციაზე მოსული ადამიანები დაუფიქრებლად წავიდნენ იმ ბავშვების დასახსნელად, რომლებსაც აშინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ ქვეყნის უბედურება სწორედ ის არის, რომ არავის ეჭვი არ შეპარვია იმ ფაქტში, რომ პოლიციაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თხუთმეტი წლის ბავშვს დაემუქრნონ და შემდეგ რეალობად აქციონ საკუთარი მუქარა. ჩვენი ხალხი მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ თუ ქვეყნის ხელისუფლება არ დაიცავს თითოეულ ჩვენგანს, არ დაიცავს ბავშვებს, თუნდაც იმ ბავშვებს, რომლებსაც შეეშალათ და დანაშაული ჩაიდინეს, თუ ხელისუფლება იმოქმედებს უკანონოდ, შელახავს ჩვენს ღირსებას, საზოგადოება დადგება სამართლის და კანონის სადარაჯოზე; ადამიანები თავად დაიცავენ საკუთარი შვილების, საკუთარი თანამოქალაქეების ღირსებას.
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ის ხალხის მსახურია. თუმცა, ამ ხელისუფლებას არა აქვს ამის გაგების უნარი და სწორედ ამიტომ უნდა წავიდეს.
ჩვენ შევძლებთ დავანახოთ საზოგადოების სკეპტიკურად განწყობილ ნაწილს, რომელსაც ჯერ კიდევ არ სჯერა გამარჯვების, ჩვენ შევძლებთ დავანახოთ მსოფლიოს, რომ საკუთარ ძალაში დარწმუნებულები ვართ. დავანახოთ ყველას, რომ ქართველ ხალხს აქვს უნარი შეცვალოს უღირსი ხელისუფლება, აქვს ძალა და გამბედაობა, არ შეუშინდეს ნასროლ ტყვიას.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც განსაცდელში მყოფი ბავშვების დასაცავად წავიდა. ამ ადამიანებმა ტყვიას შეუშვირეს შუბლი. ეს ადამიანები ბავშვების ღირსებას იცავდნენ და ნამდვილ ტყვიასაც არ შეუშინდებოდნენ.
თქვენი სიმტკიცე ჩვენ აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე. არც ერთ ჩვენთაგანს არა აქვს უფლება ერთი ნაბიჯიც კი გადადგას უკან. უკან დახევა თქვენი ღალატი იქნება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვუღალატოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც პრაქტიკულად ამდენი ხნის განმავლობაში ქუჩაში ცხოვრობთ.
ხელისუფლება არაადეკვატურია და ვერ ხვდება, რომ ერთი თვეა დღისით, ღამით, სიცივეში, თავსხმა წვიმაში ათიათასობით ადამიანი ქუჩაშია. ერთი თვეა მოხუცი თუ ახალგაზრდა მუხლმოუყრელად დგას და ხელისუფლების ადეკვატურ ნაბიჯს ელოდება.
ხელისუფლება იმასაც კი არ ამბობს, რომ ქვეყანაში კრიზისია, რადგან ეშინია, იცის, რომ კრიზისის შემქნელი ხელისუფლება ვალდებულია წავიდეს.
ამ ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვედროდა. მათ არ ეყოთ გამბედაობა და ვაჟკაცობა, რომ თქვენს წინ გაევლოთ. ხელისუფლება დღეს ერთადერთ რამეზე, საკუთარი სავარძლებისა და კაბინეტების გადარჩენაზე ფიქრობს.
კაბინეტებში თქვენს მიერ არჩეული ღირსეული ადამიანები უნდა ისხდნენ. ის ადამიანები, რომლებიც თქვენ მოგემსახურებიან და არა საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოიყენებენ თანამდებობებს.
მჯერა, ეს ძალიან მალე მოხდება, ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება.
ბუნებრივია, ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ როდის დასრულდება ეს პროცესი. მერწმუნეთ, ეს პროცესი დასრულდება მით უფრო მალე, რაც უფრო მეტნი ვიქნებით ერთად, რაც უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენ აუცილებლად გადავალთ აქტიურ ქმედებებზე თბილისშიც და რეგიონებშიც. რადგან სახელმწიფო არ იცავს, ჩვენ დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს.
საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა ხალხის დასაბნევად, იმედის გასაცრუებლად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ მოთხოვნები შეცვალა და პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნას აღარ აყენებს. მერწმუნეთ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავის შეუცვლია მოთხოვნა და არც შეცვლის. ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან არის პრეზიდენტის გადადგომა. პრეზიდენტი უნდა გადადგეს; ჩვენ ხელისუფლებასთან სალაპარაკო სწორედ ეს გვაქვს.
ჩვენ ხელისუფლებისგან ველოდებით პასუხს სააკაშვილთან შეხვედრის დროსთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა არ შედგება, რადგან სააკაშვილს არ აქვს ოპოზიციის ლიდერებთან ლაპარაკის გამბედაობა.
თუ ხელისუფლებას ოდნავი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე, მან შეხვედრა უახლოესი ორი დღის განმავლობაში უნდა დაგეგმოს.
მინდა დაგარწმუნოთ, თქვენი გამბედაობა მთელ მსოფლიოში თანდათან ცვლის განწყობას. გარწმუნებთ, საბოლოო ჯამში, განწყობა ყოველთვის ხალხის სასარგებლოდ, სამართლიანობის სასარგებლოდ ყალიბდება.
პირადად მე და ყველა ის ადამიანი, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, შევეცდებით, ყველა ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ყველას, ვისაც საქართველოში სტაბილურობა უნდა, გავაგებინოთ, რომ ხალხი ქუჩაში დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის იბრძვის. ჩვენც კარგად ვიცით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ასეთი ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ინსტიტუტები არ გვაქვს. ყველაზე დიდი დემოკრატიული ინსტიტუტი თქვენ ხართ. „დემოსი“ - ეს ხალხის ძალაუფლებაა. სწორედ ამიტომ თქვენ დაუბრუნებთ საქართველოს ღირსებას.
სააკაშვილი აუცილებლად გადადგება. მან კარგად იცის რას ნიშნავს ხალხის ძალა, რას ნიშნავს ერთთვიანი საპროტესო აქციები.
ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ. უნდა ვიდგეთ რაც შეიძლება ბევრნი, რათა ხელისუფლებამ უახლოეს ხანში მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. არც ერთი ნაბიჯი უკან. ჩვენ მხოლოდ წინ ვივლით. ჩვენ არ შევცვლით საკუთარ მოთხოვნას, რადგან ამ ქვეყნის საფრთხე, სტაბილურობისა და დემოკრატიის საფრთხე სწორედ სააკაშვილია.

























