27.05.09 აქცია რუსთაველზე ნინო ბურჯანაძის გამოსვლა
ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ საოცარი ერი ვართ. ჩვენ შეგვიძლია გამძლეობით, სიმტკიცით ვიბრძოლოთ და წარმატებას მივაღწიოთ. 26 მაისს ეროვნულ სტადიონზე შეიკრიბა უამრავი ადამიანი, რომელთაც სჯერათ, რომ ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება გამარჯვებული, სამართლიანი და დემოკრატიული. ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად მივაღწევთ მიზანს.
2009 წლის 26 მაისი იყო ხალხის დღე; იყო თითოეული თქვენგანის, ყველა იმ ადამიანის დღე, ვინც დასძლია შიში, დაღლილობა, უიმედობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამძლეობით და სულისკვეთებით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
გუშინ დასრულდა ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ ერთი ძალიან სერიოზული ეტაპის შემდეგ, ჩვენ, რა თქმა უნდა, კორექტივები უნდა შევიტანოთ სამოქმედო გეგმებში. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რათა ბრძოლა წარმატებით დასრულდეს.
წარმატების მისაღწევად ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ დგას, ვისაც ერთნაირი ხედვა აქვს, ვინც მზად არის ბოლომდე იბრძოლოს, უნდა გაერთიანდეს. ვისაც ერთმანეთის გვწამს და გვჯერა, რომ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ. ჩვენ ერთი ნაბიჯითაც არ დავიხევთ უკან , რადგან ვიცით, რომ ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი. ეს ბრძოლა სჭირდება ამ ქვეყანას, ეს ბრძოლა სჭირდება ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მიზანს მივაღწიოთ. უფრო მეტი თქვენგანის აქტიურობა საბოლოო შედეგამდე აუცილებლად მიგვიყვანს.
26 მაისს ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენ წინ მივიწევთ. წარმატებისკენ მძიმე, რთული, ტკივილიანი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით მივდივართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მშვიდობიანად მივიდეთ. 26 მაისს ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ჩვენი ბრძოლა მხოლოდ მშვიდობიანია.
რაც უფრო რთული, მძიმე ბრძოლით იქნება მიღწეული საბოლოო გამარჯვება, მით უფრო მყარი, ძვირფასი მონაპოვარი იქნება იგი თითოეული ჩვენგანისთვის და ყველა მეტად გავუფრთხილდებით.
მე მჯერა, ჩვენ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ.

























