28.05.09 აქცია რუსთაველის პროსპექტზე
მოგესალმებით, გამძლეობითა და იმედით სავსე ხალხო!
ყველა ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ უსამართლობას ხალხი არ აპატიებს. თქვენ ბევრის მოთმენა შეგიძლიათ, მაგრამ უსამართლობას და ღირსების შელახვას არავის აპატიებთ.
მისმა უწმინდესობამ დღეს განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ 26 მაისს ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას და ამიტომ, მოსალოდნელი იყო შეტაკება და სისხლიღვრა იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები მკვეთრად იმოქმედებდნენ. ყველაზე შემაშფოთებელი სწორედ ის არის, რომ ხელისუფლებას ყველაფერზე წასვლა შეუძლია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ხელისუფლება არის ამის გამკეთებელი, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ. 26 მაისს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ მშვიდობიანი ბრძოლით გვინდა მივაღწიოთ ქვეყანაში ცვლილებებს.
26 მაისს, უამრავი თქვენგანი, ახალგაზრდები და ხანშიშესულები ისეთი გულნატკენები იყავით, რომ მართლაც არსებობდა სიტუაციის გართულების საშიშროება. ჩვენ ყველას გვეყო გონიერება, რომ აღელვებული, თვალცრემლიანი ბიჭები, რომლებსაც უნდოდათ მისულიყვნენ ტელევიზიასთან და მოეთხოვათ, რომ სრულიად საქართველოს გაეგო ქუჩაში გამოსული ხალხის გულისტკივილი, იქ არ გაგვეშვა. იმ დღეს რეალურად არსებობდა საფრთხე, რომ ვითარება კონტროლიდან გამოვიდოდა, რასაც დაუშვებელი სისხლისღვრა მოყვებოდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძოლით, ჩვენი აქციებით საქართველოს ყველა კუთხეში, დავანახებთ ხელისუფლებას, რომ მისი წასვლის დროა.
ჩვენ ბრძოლის ახალი მეთოდებით ვიმოქმედებთ. რა თქმა უნდა, ყველა ეს მეთოდი იქნება მშვიდობიანი, კონსტიტუციური და ცივილიზებული, მაგრამ ეს იქნება მეთოდები, რომლებიც ჩვენ გამარჯვებამდე მიგვიყვანს.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პატრიარქმა ბრძანა ის, რასაც ხელისუფლება დიდი ხანია ამბობს და რომ ეს არის „დიალოგი“, როგორც კრიზისის დაძლევის გზა. პატრიარქმა ბრძანა „მოლაპარაკება“ და არა „დიალოგი“. ამ ორ სიტყვას შორის პრინციპული განსხვავებაა.
ჩვენ მზად ვართ დღესვე დავიწყოთ მოლაპარაკება პრეზიდენტისა და ხელისუფლების გადადგომის პირობებზე. ასეთ მოლაპარაკებაზე ჩვენ თითოეული თქვენგანის მანდატი გვაქვს.
ჩვენ ვაპირებთ განვაახლოთ ჩვენი ქმედებები. დარწმუნებული ვარ, სანამ ჩვენი ბრძოლა წარმატებით არ დასრულდება, რუსთაველზე და ავლაბრის რეზიდენციასთან უნდა შენარჩუნდეს პიკეტები.
ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას; ვივლით მხოლოდ წინ და დავანახებთ ყველას, რომ ქვეყანა ღირსია დემოკრატიული სახელმწიფო გახდეს.
ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის ღირსებას ლახავს, წარმატებას ვერ მოიპოვებს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის დრო არ არის, რადგან თბილისთან ახლოს რუსეთის ჯარი დგას. მინდა ვიკითხო, ვისი ბრალია საქართველოში რუსეთის ჯარი რომ დგას?
როცა თქვენ, წვიმაში და ქარში, 24 საათი ქუჩაში დგახართ, პრეზიდენტი საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად იტალიაში მიდის.
პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის 20% დაკარგა, ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ბაზები შემოაბრუნა პასუხს ხალხის წინაშე აუცილებლად აგებს.

























