<
კომენტარი
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა

25.06.09  აქცია პარლამენტის წინ

რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ დროში გაწელოს მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, რაც არ უნდა ილაპარაკოს იმაზე, რომ ოპოზიცია მხარდაჭერას კარგავს, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ უახლოს მომავალში ხელისუფლებას დავანახებთ, რომ ჩვენს

გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი დგას; აუცილებლად იქნება სერიოზული გამოსვლები, არის და იქნება სერიოზული მხარდაჭერა იმისთვის, რომ სააკაშვილი გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი სხვა სახის არჩევენების ჩატარებაზე თანხმობა იქნება არასწორი კომპრომისი, რომელიც ქვეყანას არაფერს კარგს არ მოუტანს. სწორედ ამიტომ, ყველა პოლიტიკური პარტია და ლიდერი უნდა ჩამოყალიბდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის იბრძვის; იბრძვის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თუ საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებს  დაუჭერს მხარს.

ჩვენ 2008  წლის საპარლამენტო არჩევნებმა დაგვანახა, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი  კიდევ უფრო გაღრმავდა, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგი არ მოიტანა.

მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მიზნის მისაღწევად.

ასევე მინდა საქმის კურსში ჩაგაყენოთ და გითხრათ, რომ მაქვს შეხვედრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათი შეფასებები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ნამდვილად არ არის ისეთი, როგორსაც  საქართველოს ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებით გვთავაზობენ.

მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. მოგეხსენებათ, რომ ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ბრძანდებოდა საქართველოში. მე მქონდა შესაძლებლობა მასთან მესაუბრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მიზეზებზე, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ტერორზე და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების ფაქტებზე.

რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო ვალდას ადამკუსისა და პრეზიდენტ ობამას შეხვედრაზე. სიუჟეტში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ადამკუსმა მოუწოდა ოპოზიციას შეწყვიტოს არაკონსტრუქციული მოქმედებები სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, შეწყვიტოს ძალადობა და დაიწყოს მოქმედებები დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად.

პრეზიდენტ ადამკუსთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ იგი ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. ჩვენ მოვიძიეთ პრეზიდენტის ვებ-გვერდიდან ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტ ობამასთან საუბრის დროს გაკეთებული განცხადების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ადამკუსი მოუწოდებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყოს ძალადობის ფაქტები და რომ ორივე მხარემ დემოკრატიული პრინციპებით იმოქმედოს.

ხელისუფლება ყველანაირი მეთოდით ცდილობს იმედი გაგიცრუოთ, გათქმევინოთ, რომ მსოფლიო მხარს არ გიჭერთ და რომ ამ ბრძოლაში მარტო ხართ. დამიჯერეთ, ეს ასე არ არის.

მხოლოდ გუშინ 12 შეხვედრა მქონდა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დიდია ინტერესი, დიდია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტერორია.  გარწმუნებთ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ხმამაღლა არის გაჟღერებული, რომ საქართველოში პოლიტიკური ტერორი უნდა შეწყდეს.

მე მოვინახულე მოშიმშილე ახალგაზრდები, რომლებიც ევროკომისიის წარმომადგენლობასთან შიმშილობენ. ეს ახალგაზრდები შეხვდნენ ევროკომისიის წარმომადგენელს საქართველოში პერ ეკლუნდს, რომელიც შეჰპირდა მათ, რომ დახმარებას გაუწევს, რათა აქციების დროს დაკავებულთა საქმეების გამოძიება ობიექტური და გამჭვირვალე იყოს; რომ ახალგაზრდებს, ვინც დღეს დაპატიმრებულია, აუცილებლად მოინახულებს ექიმი.

ჩვენ ვცდილობთ, რომ არც ერთი საკითხი ყურადღების გარეშე არ დავტოვოთ. მინდა გითხრათ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მხრიდანაც არსებობს გარკვეული ყურადღება და სერიოზული წუხილი ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი თანაპარტიელები, თანაგუნდელები, თქვენი თანამოაზრეები უსამართლოდ იყვნენ ციხეში და ხელისუფლება როგორც უნდა ისე ექცეოდეს მათ.

მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც უსამართლოდ იჭერს ხალხს, გავაფრთხილო გამომძიებლები და მოსამართლეები, რომ მათ პასუხისგება მოუწევთ.

ხშირ შემთხვევაში მოსამართლეები, რომლებსაც ხუთ წუთში გამოაქვთ უსამართლო გადაწყვეტილება  ერთთვიანი და ორთვიანი პატიმრობის შესახებ და თან თვალი პროკურორისკენ უჭირავთ, ქალები არიან. კარგად დაფიქრდით, თქვენ საკუთარ შვილებს უნდა ჩახედოთ თვალებში. ეს ახალგაზრდები, რომლებსაც უკანონოდ უშვებთ ციხეში, თქვენი შვილების ტოლები არიან.

მერწმუნეთ, ძალიან მძიმე იქნება პასუხისმგებლობა. არც ერთ მოსამართლეს, ვისაც უკანონო განაჩენი გამოაქვს, არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ პასუხს არ მოსთხოვენ. პასუხს მოსთხოვენ ყველას და მოსთხოვენ ძალიან მალე.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა. მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცა მასალა იმ დარღვევებსა და ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთაც ადგილი ჰქონდა ბოლო სამი თვის განმავლობაში.

გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მთელმა მსოფლიომ გაიგოს თუ რა ხდება საქართველოში. სააკაშვილი ხარჯავს ბევრ მილიონს, რათა თქვენი ხმა მსოფლიომ ვერ გაიგოს, რათა ჩვენი დიკრედიტაცია მოახდინოს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხალხის ხმის გადაფარვა შეუძლებელია. ჩვენ არა მარტო გავაგონებთ ჩვენს ხმას მსოფლიოს, არამედ ჩვენს მიზანს მივაღწევთ.

ჩვენ გვჭირდება გარკვეული ცვლილებები სტრატეგიასა და ტაქტიკაში; გვჭირდება სხვაგვარი დაგეგმვა, ვინაიდან სხვა ეტაპზე გადავდივართ; გვჭირდება პარტნიორების სწორად შერჩევა, რადგან ერთი ხედვით უნდა გავერთიანდეთ და ვაკეთოთ საქმე. 

მე უკან დახევას არ ვაპირებ და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად მიზანს მივაღწევ.




ელფოსტაბეჭდვა
 
არქივის კალენდარი
« თებერვალი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29
  
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა