„დემოკრატიული მოძრაობა“ იზიარებს საქართველოს საპატრიარქოს გულისწყრომას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იგნორირებული იქნა საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნა ჩართული ყოფილიყო საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებში, მისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე.
ვთვლით, რომ საქართველოს საპატრიარქოს აღნიშნული მოთხოვნა არა მარტო კანონიერია, არამედ ლოგიკურია და სწორედ, რომ გონივრული იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებას გაეთვალისწინებინა საპატრიარქოს მრავალჯერადი თხოვნა და ასევე რჩევა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ისტორიული ძეგლების გადარჩენის საკითხი იუნესკოს გააქტიურებით გაგრძელებულიყო.
ის რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ადარდებს ქართული ეკლესიის პრობლემები ეს მაშინაც გამოჩნდა, როდესაც „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ქალბატონი ნინო ბურჯანაძისა და რუსეთის კათალიკოს-პატრიარქის კირილის შეხვედრაზე პრაქტიკულად საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილ საკითხს, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან სრული იგნორირება მოჰყვა.
თურქეთი საქართველოსათვის ძალზედ მნიშვნელოვანი პარტნიორა, ამავე დროს იმის საუკეთესო მაგალითა თუ როგორ ახერხებს გონიერი ხელისუფლება საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და საკუთარი რელიგიური ინტერესების დაცვას.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ხაზს უსვამს ამ მნიშვნელოვან პარტნიორთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების აუცილებლობას. ამასთანავე, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პატივისცემას ყველა კონფესიის წამომადგენელთა მიმართ და თვლის, რომ ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოილოცოს საკუთარი აღმსარებლობის სულიერ ტაძარში, თუმც ეს საკითხები ხელისუფლების მხრიდანს არ ჩეიძლება სპეკულირების საგანი იყოს და მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიწრო ინტერესებს ემსახურებოდეს.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა მეგობარი სახელმწიფო გაგებით მოეკიდება მსგავსი დელიკატური საკითხების გონივრულად და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტას.
































