ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, საბოლოოდ მიგვიყვანა იმ გზის გასაყარზე, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულმა თითოეულმა ადამიანმა ყოველი შემდგომი ნაბიჯისა და ქმედების შედეგებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.
პოლიტიკური სპექტრის თითოეულმა წარმომადგენელმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და სწორედ საკუთარი პოზიციით არჩევნების მართლზომიერებასა და შედეგებზე ხელისუფლებასთან ერთად სრული პასუხისმგებლობა აიღოს.
დღეს ეს მოწოდება განაპირობა იმან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების და გადადგმული ნაბიჯების შედეგად კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნის არანაირი სურვილი არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას მაინც სჯერა ხელისუფლების და რატომღაც ცდილობს, წინასწარ წაგებულ თამაშში ჩართვას. იმ თამაშში, სადაც მთავარი მსაჯი საქართველოს პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრია. შედეგად ვიღებთ საქართველოს მოსახლეობისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მცდარი მოლოდინებისა და ილუზიების შექმნას.
ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“, არ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს უარი განაცხადონ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ჩვენ მოვუწოდებთ მათ - ხელისუფლებასთან ერთად აიღონ პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც ელის ამ ქვეყანას უპასუხისმგებლო, არაადექვატური და არადემოკრატიული ხელისუფლების მმართველობის ყოველი შემდგომი დღის განმავლობაში.
ჩვენი პრინციპული პოზიცია ხელისუფლების უსწრაფესად შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმის ღრმა რწმენით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი დაიცვას საქართველოს ინტერესები არც მტერთან და არც მოყვარესთან. დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნისათვის საფრთხის მატარებელია. ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ვინც ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს არსებული რეალობის შენარჩუნებას.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ პრინციპულად მიუღებლად ვთვლით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ არსებულ გარემოში ჩატარებული არჩევნები არის „საარჩევნო ფარსი“, რომელიც მოემსახურება ხელისუფლების მიერ არადემოკრატიული გზით მოპოვებული ძალაუფლების დაკანონებას და სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას.
დღეს ჩვენი პარტიის მთავარი მიზანი არის სააკაშვილის რეჟიმისგან და იმ ადამიანებისგან გაათავისუფლოს საქართველო, რომლებსაც არ უყვართ საკუთარი ქვეყანა და აბუჩად იგდებენ საკუთარ ხალხს! რომლებმაც საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნისას ქვეყნისა და ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს; ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად თელავენ საქართველოს კულტურულ და სულიერ ფასეულობებს, ხოცავენ და ასახიჩრებენ საკუთარ მოქალაქეებს, მიზანმიმართულად ებრძვიან საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ ფასეულობებს, იწყებენ ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ანადგურებენ ქართულ ბიზნესს და ეკონომიკას, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ქვეყანას რამდენიმე მილიარდიანი საგარეო ვალი დააკისრეს.
დიახ, ზუსტად ქართველმა ხალხმა უნდა დაანახოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ტოტალიტარიზმი საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს. მას არ მოაქვს სტაბილურობა და მშვიდობა, პირიქით, იგი ომისა და დესტაბილიზაციის საფუძველია.
დღეს ოპოზიციის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს საარჩევნო გარემოს შეცვლა. დიახ, არჩევნების გზა სწორედაც, რომ მისაღები და სწორი გზაა და ჩვენც არჩევნებს ვითხოვთ! მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც რეალურად გახდება წინაპირობა ყველა სხვა ტიპის არჩევნების ჩასატარებლად. ვინაიდან ქალაქის მერს და ადგილობრივ თვითმმართველობას არ აქვს ის რესურსი და უფლებამოსილება, რომ ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემები და საფრთხეები აღკვეთოს. დღეს ქვეყანას რეალური და არა ფასადური ცვლილებები სასიცოცხლოდ სჭირდება.
ჩვენმა პარტიამ ერთი წლის არსებობის მანძილზე თანმიმდევრული და შეუპოვარი ბრძოლით, მტკიცე და პრინციპული პოზიციით დაამტკიცა, რომ ჩვენი რწმენის და იდეალების, ჩვენი დაპირებების და ხალხის ერთგულნი ვართ!
„დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს მოსახლეობას ვპირდებით, რომ მათ იმედებს არასოდეს გავუმტყუნებთ! ყოველთვის პრინციპულად ვიბრძოლებთ და დავრჩებით ერთგული იმ მოთხოვნებისა, რომლებიც ა.წ. 9 აპრილს საქართველოს საზოგადოებასთან ერთად წამოვაყენეთ!
ჩვენ ყოველთვის მოვუსმენთ საქართველოს მოსახლეობის გულისცემას!
ჩვენ ანგარიშს ვუწევთ და გავუწევთ უპირველესად საქართველოს ინტერესებს!

























