გუშინ ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე ქვეყნის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა საკუთარი რეალური სახე, პოლიციის დანაყოფები უმოწყალოდ გაუსწორდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებს და ჟურნალისტებს. სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების მე-4 წლისთავზეც კი სააკაშვილის მთავრობა აგრძელებს მოქალაქეებზე ძალადობას, ტერორს, წამებას და კვლას, დამცირებას და შეურაცხყოფას.
მაშინ, როდესაც ქვეყნის პირველი პირის უგუნური ქმედებებით ჩვენ ქვეყანას უამრავი ახალი დევნილი დაემატა და ისინი უმძიმეს პირობებში იმყოფებიან, ქვეყნის პრეზიდენტი იაფფასიანი პიარკამპანიით არის დაკავებული და არა რეალური პრობლემების მოგვარებით. მეტიც, ხელისუფლება უმოწყალოდ უსწორდება ყველას, როგორც დევნილებს, ასევე ჟურნალისტებს; ცდილობს ძალადობით ჩაახშოს სამართლიანი საპროტესტო განცხადებები, ყველანაირად შეუშალოს ხელი მუშაობაში თავისუფალ მედიას, რათა საფრთხე არ დაემუქროს იმ ილუზორული სამყაროს შექმნას, რომლის არსებობაში მოქალაქეების დარწმუნებას ამაოდ ცდილობს.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭო უერთდება ტელეკომპანია მაესტროს განცხადებას, მათი ოპერატორის ცემასთან დაკავშირებით, მასთან ერთად მიმართავს როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენ მომხდარს. ჩვენის მხრივ, დავამატებთ და მივმართავთ ყველა დემოკრატიულ და ეროვნულ ძალას, რომელსაც ადარდებს საქართველოს ხვალინდელი დღე, წინ აღუდგეს არსებულ ძალადობას, რათა ქვეყანა მომავალ საფრთხეებს ავაცილოთ.
































