საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში რუსეთის შემოჭრის საშიშროებაზე გაკეთებული განცხადების კვალდაკვალ საქართველოს პარლამენტი ამზადებს მიმართვას ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებისადმი რუსეთის გვერდის ავლით თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს ხელისუფლების ამგვარი ქმედებები სხვა არაფერია თუ არა მორიგი პროვოკაცია.
იმის გათვალისწინებით თუ როგორი არასტაბილური და მძიმე ვითარებაა ჩრდილოკავკასიაში, აღნიშნული განცხადებები შესაძლოა რეგიონში კიდევ უფრო დიდი დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზეზი გახდეს.
აღნიშნული ინიციატივით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს გამოიწვიოს რუსეთი.
რა თქმა უნდა მეგობრული ურთიერთობები კავკასიელ ხალხებთან ძალზედ მნიშვნელოვანია და მსგავსი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა დაბალანსების აუცილებლობა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იდგა, თუმცა ეს არ გაკეთდა და ახლა, არსებულ ვითარებაში ამ ტიპის განცხადებების გაკეთება აშკარა პროვოკაციის მატარებელია და რუსეთის მხრიდან საკმაოდ მძიმე რეაგირების საბაბი გახდება.
სააკაშვილი ხვდება რა, რომ საფრთხე ექმნება მის ყოფნას ხელისუფლებაში, ცდილობს ახალი პროვოკაციული ქმედებებითა და განცხადებებით კიდევ ერთ ომში ჩართოს ქვეყანა, რადგან მას ურჩევნია რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტის სტატუსით დატოვოს საქართველო, ვიდრე მისცეს საკუთარ ხალხს არჩევანის შესაძლებლობა.
მაშინ როდესაც ჩვენ წლების მანძილზე სამართლიანად ვაკრიტიკებდით რუსეთს სეპარატიზმის მხარდაჭერისა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის, ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს იგივეს და აკანონებს რუსეთის ანალოგიურ ქმედებებს ჩვენს რეგიონებთან მიმართებაში.
ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“ ვთვლით, რომ ეს არის ხელისუფლების შეგნებული ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ საქართველო კიდევ უფრო დაშორდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ამ ნაბიჯით სააკაშვილი უარს აცხადებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ვინაიდან, ეს სხვა არაფერია თუ არა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გამართლება.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს სრულად გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა მოსალოდნელ შედეგებზე და უარი განაცხადოს ქვეყნისთვის დამღუპველი გადაწყვეტილების მიღებაზე.
მივმართავთ სრულიად მსოფლიოს, მთელს საერთაშორისო საზოგადოებას ადეკვატური შეფასება და რეაგირება მოახდინონ სააკაშვილის უგუნურ და მაპროვოცირებელ ქმედებებზე, რადგან შექმნილი რეალობა ძალიან ჰგავს 2008 წლის ომამდე არსებულ ვითარებას და იგი საგანგაშოა.
საქართველო კიდევ ერთი ომის დაწყების საფრთის წინაშე დგას!
"დემოკრატიული მოძრაობის"მთავარი საბჭო
19.02.2010
































