„დღეს 19 წელი შესრულდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მიერ ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილე მთელი ჩვენი ქვეყნის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, მოსახლეობამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ეს იყო მოვლენა, რომლემაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ჩაუყარა საფუძველი.
სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ დღეს, 2010 წლის 31 მარტს, ყველა ის ფასეულობა, რომლისთვისაც საქართველოს მოსახლეობა 19 წლის განმავლობაში იბრძოდა, რომლისთვისაც, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლესაც სწირავდა, უგულებელყოფილია.
ტერიტორიული მთლიანობის ნაცვლად, ჩვენ ქვეყანას დაკარგული აქვს ტერიტორიის 20%, ევროინტეგრაციის ნაცვლად, დავშორდით დასავლურ ღირებულებებს.
ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების „დამსახურებით“, 19 წლის წინ არსებული ჩვენი ქვეყნის რუკა დღეისათვის დე ფაქტო შეცვლილია.
საქართველოს მოსახლეობა იბრძოდა არა ფორმალური, არამედ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისათვის. თითოეულ ჩვენგანს უნდოდა ჰქონოდა თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო, უნდოდა გათავისუფლებულიყო პოლიციური რეჟიმისგან, გათავისუფლებულიყო კერპებისგან და თავს მოხვეული იდეოლოგიებისაგან, უნდოდა ჰქონოდა თავისუფალი მედია და სიტყვისა და გამოხატვის ჭეშმარიტი თავისუფლება.
ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“ ბრძოლას ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ იმ ფასეულობების მისაღწევად და დასამკვიდრებლად, რისთვისაც მრავალი წელია ვიბრძვით. ჩვენი ქვეყანა გახდება რეალურად დამოუკიდებელი, ერთიანი, სუვერენული და დემოკრატიული. ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩვენ ხალხთან ერთად გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევთ", - აღნიშნულია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს განცხადებაში, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავარი საბჭოს წევრმა, მანანა სალუქვაძემ გაახმოვანა.
































