ბატონო მოსამართლევ!
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ვიყავი და ვარ კანონმორჩილი მოქალაქე. მას შემდეგ, რაც გამიჩნდა პროტესტის გრძნობა იმ უკანონობისა და უსამართლობის მიმართ, რაც სუფევდა ქვეყანაში, ვაღიარებ, რომ ასიათასობით თანამემამულესთან ერთად მონაწილეობას ვიღებდი საპროტესტო აქციებში.
ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ყოვლად მიუღებელია ის გარემოება, რომ XXI საუკუნეში საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული ავტორიტარული რეჟიმი თავისი რეპრესიული აპარატით. როგორც ჩანს, ისტორია მეორდება! რადგან გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში ასევე აპატიმრებდნენ და ასამართლებდნენ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული მოსაზრებების გამო. მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რომ ოცდაათიანს მოყვა ორმოცდაათიანი წლები, როდესაც მოხდა ამ ხალხის სრული რეაბილიტაცია, ხოლო მათი ჯალათები სათანადოდ დაისაჯენ.
(მოსამართლე დავით ჯუღელი აწყვეტინებს სიტყვას განსასჯელ გ. წიკლაურს იმ მოტივით, რომ მის მიერ ნათქვამი კავშირში არ არის განსახილველ საქმესთან. მოსამართლის ნებართვით, განსასჯელი გ. წიკლაური განაგრძობს საბოლოო სიტყვის წარმოთქმას)
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, საპყრობილეში გატარებულმა ოთხ თვეზე მეტმა და ბატონი პროკურორის საბრალდებო სიტყვამ, მე უფრო განმიმტკიცა რწმენა იმისა, რომ ეს ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს და ამას მე და ჩემი მეგობრები ქართველ ხალხთან ერთად უახლოეს მომავალში აუცილებლად მივაღწევთ.
სასამართლო გამოძიებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ მიცემულ ცრუ და რადიკალურად განსხვავებული ჩვენებებიდან, რომ არაფერი ვთქვათ მეტ-ნაკლებად კვალიფიციურ იურისტზე, აქ მყოფი ბადრაგისთვისაც ნათელი იყო თუ ვინ არის რეალურად დამნაშავე და ვინ არის უდანაშაულო. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს დამნაშავე პირები სულ მალე აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე და პასუხს აგებენ თავიანთი უკანონო ქმედებების გამო. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ არანაკლები დანაშაული მიუძღვის იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც ცდილობენ ეს უკანონო ქმედებები მოაქციონ სამართლებრივ ჩარჩოებში.
სასამართლოს კიდევ ერთხელ შევახსენებ მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს სისხლის სამართლის საქმიდან, რომელიც ჩემი აზრით ადასტურებს, რომ საქმე არის უნიჭოდ შეთითხნილი. განმეორება მომიწევს ბატონო მოსამართლევ, ადვოკატებმა უფრო ვრცლად ისაუბრეს საქმეში არსებულ აშკარა დარღვევებზე, მაგრამ მე მარტო რამდენიმე გარემოებას შევეხები, კერძოდ:
- პირადი ჩხრეკის ოქმში გამომძიებელი ამირხანაშვილი აღნიშნავს, რომ დაკავების მომენტში დაუყოვნებლივ, უშუალოდ მან განმიმარტა დაკავებულის უფლებები, ხოლო ბარბაქაძე და ბერიაშვილი თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ ჩემი დაკავებისას ამირხანაშვილი მათთან ერთად არ იმყოფებოდა და რომ იგი მოვიდა 10-15 წუთის შემდეგ;
- გამომძიებელი ამირხანაშვილი დამსწრეთა მოწვევაზე უარის თქმას ამართლებს, მოვახდენ ოქმში მითითებულის ციტირებას:-„არსებობს ვარაუდი, რომ ეჭვმიტანილი წიკლაური პირადად ინახავს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ან ნივთიერებას, რომელიც შეიძლება გადააგდოს ან გაანადგუროს“. ინსპექტორი ბერიაშვილი თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ დაკავებისას მან წელზე შემორტყმით დაადგინა, რომ მე ნამდვილად მქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და რომ არსებობდა საშიშროება მისი გამოყენების. ანუ ბერიაშვილმა უკვე იცოდა იარაღის არსებობის შესახებ, ხოლო ამირხანაშვილისთვის ეს იყო ვარაუდი. დაუშვათ და მართლა ყოფილიყო საშიშროება „კანონსაწინააღმდეგო ნივთის“ გადაგდების, ან განადგურების, მაშინ გაუგებარია, რატომ იწყებს ჩხრეკას გამომძიებელი ამირხანაშვილი მაისურიდან პირადობის მოწმობის ამოღებით, შემდგომ იღებს მობილურ ტელეფონს, შლის მას და აწარმოებს მრავალციფრიანი იმეიკოდის ამოწერას და ამის შემდეგ იღებს იარაღს.
- გამომძიებელი ამირხანაშვილი აღნიშნავს ოქმში, რომ ჩხრეკისას ამოღებული ნივთები მის მიერ ადგილზე დაილუქა, ასევე ამას ადასტურებენ ჩხრეკაში მონაწილე ინსპექტორები - ბარბაქაძე და ბერიაშვილი. ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ აღმოჩნდა სასამართლოში წარმოდგენილ ნივთმტკიცებად ცნობილ ნივთებებზე ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერა;
- ჩხრეკის ოქმში მითითებულია დრო 12 საათი და 10 წუთი, როდესაც ვითომდა მე გადმომეცა ჩხრეკის ოქმის ასლი, ხოლო სასამართლო გამოძიებისას გამომძიებელმა ამირხანაშვილმა აჩვენა, რომ ჩხრეკის დამთავრების შემდეგ მან გადმომცა ხელით გადაწერილი ჩხრეკის ოქმის მეორე პირი. როგორც ოქმიდან ჩანს, ჩხრეკა დამთავრებულია 9 საათზე და 55 წუთზე, ხოლო საქმეში არსებობს ცნობა, რომ მე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმიყვანეს 10 საათზე და 45 წუთზე, ანუ ამირხანაშვილი ცრუობს, როდესაც ამტკიცებს, რომ მე გადმომცა ჩხრეკის ოქმის ასლი. ჩხრეკის დამთავრებისას ოქმის არგადმოცემის მოტივი აშკარად ჩანს იმ ჩანამატში, რომელიც აღმოჩნდა შემდგომში ოქმის ბოლოს, თითქოს და მე მომეცა წინადადება დამსწრეების მოწვევაზე, რაზედაც მე უარი განვაცხადე. ეს ჩანამატი რომ არის გაკეთებული მოგვიანებით შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
- მე არ ვიცი რამდენად მიღებულია სასამართლო პრაქტიკაში ის გარემოება, როდესაც სისხლის სამართლის საქმის მთავარი მწარმოებელი, გამომძიებელი ამირხანაშვილი სასამართლოზე, ფიცის ქვეშ, ოთხი საათის განმავლობაში სკურპულოზურად აღწერს ჩემი დაკავების და ჩხრეკის დეტალებს, ხოლო შესვენების შემდეგ ცვლის თავის ჩვენებას იმ მოტივით, რომ თითქოს და მას ეს საქმე აერია სხვა საქმეში, რომელსაც ვერ აკონკრეტებს თუ ვის მიმართ ახორციელებდა იმ ქმედებებს, რომელზეც ოთხი საათის განმავლობაში უყვებოდა სასამართლოს! პარადაქსი ის გახლავთ, ბატონო მოსამართლევ, რომ მის მიერ პირველად მიცემული ჩვენებები, რატომღაც, ემთხვევა ჩემს მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენების დეტალებს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა და უამრავი სხვა, რბილად რომ ვქთვათ, უზუსტობებისა, ბატონი პროკურორი ცნობილაძე მაინც გვიმტკიცებდა, რომ თეთრი შავია და შავი - თეთრი. მე ძალიან კარგად მესმის მისი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ იგი ამ შემთხვევაში მოქმედებს თავისი ნების საწინააღმდეგოდ. აქვე მინდა დავადასტურო ჩემი მისდამი კეთილგანწყობა და ვთხოვო, რომ გამონახოს ორიოდე საათი თავისუფალი დრო თავის მეტად დატვირთული გრაფიკიდან და ოჯახთან ერთად კიდევ ერთხელ ნახოს დიდი ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის შესანიშნავი ფილმი „მონანიება“, რადგან ვფიქრობ, რომ მის მიერ არჩეული გზა ნამდვილად არ მიდის ტაძრამდე!
(საქართველოს სსკ-ს 492-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, მოსამართლე დ. ჯუღელმა გააჩერა განსასჯელი და კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ იგი ეხება იმ გარემოებებს, რომელისაც კავშირი არ აქვს განსახილველ საქმესთან. მოსამართლის ნებართვით, განსასჯელი გ. წიკლაური განაგრძობს საბოლოო სიტყვის წარმოთქმას)
ეს უბრალოდ მინდოდა მეთქვა არა მარტო პროკურორისთვის, არამედ ამ საქმეში მონაწილე ყველა პირის გასაგონად.
მე არანაირი ილუზია არ მაქვს იმისა, რომ არსებული რეჟიმის პირობებში სასამართლო იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებაში, მაგრამ თავს უფლებას მივცემ შეგახსენოთ, რომ თქვენგან მარჯვნივ დგას თემიდას პატარა ქანდაკება, რომელსაც თვალები აქვს ახვეული, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ თქვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიუკერძოებელი. თქვეს უკან არის სახელმწიფო (მოსამართლის უკან, კედელზე კიდია სახელმწიფო გერბი), რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ თქვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო თქვენს ზემოთ არის უფალი ღმერთი, რომლის სამსჯავროზეც ჩვენ ყველანი ადრე თუ გვიან წარვდგებით.
იმედს ვიტოვებ, რომ ჩემს მიერ ხსენებული ეს ორი ატრიბუტი ამ დარბაზში არ არის წარმოდგენილი მხოლოდ ინტერიერის შესავსებად!
დაე, უფალი იყოს ჩვენი მფარველი!
გოჩა წიკლაური, „დემოკრატიული მოძრაობის" წევრი

























