„დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს განცხადება
ზუსტად ერთი წლის წინ, 2009 წლის 15 ივნისს, დიღომში, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სამართალდამცავებმა ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციების სრულიად მშვიდობიანი აქცია დაარბიეს.
ახალგაზრდები, რომლებიც ყოველგვარი ძალადობისა და აგრესიის გარეშე სიტყვიერ პროტესტს გამოხატავდნენ, ასეულობით პოლიციელმა და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა „ზონდერბრიგადებმა“ ალყაში მოაქციეს და უმოწყალოდ გაუსწორდნენ.
სასტიკად სცემეს მედიის წარმომადგენლებს. პოლიციამ, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ჟურნალისტებს ყველა ის კამერა წაართვა, რომელიც დარბევის ამსახველ კადრებს იღებდა. მათ ნაწილს მოგვიანებით სამართალდამცავებმა დაუბრუნეს ფაქტების ამსახველი კადრებისგან სრულად გასუფთავებული კამერები.
2009 წლის 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან განხორციელებული ვანდალური აქტი დაგმო როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ და კატეგორიულად მოითხოვა, ჩატარებულიყო ობიექტური, სამართლიანი გამოძიება, კანონის შესაბამისად დასჯილიყვნენ დარბევის ორგანიზატორები და შემსრულებლები.
დღეს, ამ სასტიკი ძალადობიდან ერთი წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ ანგარიშშიც კი ხაზგასმულია 2009 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული დარბევების გამოძიების აუცილებლობა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ისევ რეაგირების გარეშეა დარჩენილი და გამოუძიებელია ტერორისა და ძალადობის, როგორც 15 ივნისის, ისე მრავალი სხვა ფაქტი.
ის რომ გამოძიება არ ტარდება, გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან ყოველივე ზემოაღნიშნული სწორედ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სცენარის მიხედვით ხორციელდება; მეტიც, ხელისუფლება საკუთარი ორგანიზებით განხორციელებული დანაშაულებების შემსრულებლებს სათანადოდ აჯილდოვებს და ქვეყანაში შერჩევითი დაუსჯელობის სინდრომს ნერგავს.
ძალადობრივი პოლიტიკა სააკაშვილის რეჟიმის განუყოფელ ნაწილად იქცა.
15 ივნისს განხორციელებული სასტიკი დარბევა იყო საჩვენებელი სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიგეგმა და მიზნად ხალხის დაშინებასა და ძალის დემონსტრირებას ისახავდა.
ჩვენთვის, „დემოკრატიული მოძრაობისთვის“ კანონი უზენაესია და სწორედ ამიტომ, არასოდეს მოვუწოდებთ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს უარი განაცხადონ კანონიერი უფლებამოსილების განხორციელებაზე, თუმცა ისინი უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და არ უნდა დაემორჩილნონ ხელმძღვანელობის უკანონო ბრძანებებს, მით უფრო მაშინ, როცა ეს ბრძანებები უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული.
































