„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს განცხადება
ხელისუფლების მიერ „დემოკრატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში გადადგმული ყველა ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ფაქტს, რომ ხელისუფლებას ჩვენი პოლიტიკური ძალის დღითიდღე სულ უფრო მეტად ეშინია, რადგან იცის, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი - სიმართლე - ჩვენს მხარესაა.
რეალური პოლიტიკური ოპონენტებისა და მათ შორის განსაკუთრებული სიმძაფრითა და სისასტიკით „დემოკრატიული მოძრაობის“ წინააღმდეგ ხელისუფლებას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული. ხელისუფლება არ ერიდება უკანონობასა და ამორალურობას, მისთვის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მატერიალური ტერორი, ადამიანების დამცირება, შეურაცხყოფა, უკანონოდ დაპატიმრება ჩვეულ მოვლენად იქცა. ძალაუფლების შენარჩუნების სურვილმა ხელისუფლების წარმომადგენელებს ადამიანის სახე დააკარგვინა.
სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ყველაზე მეტად იმ ვირტუალური სამყაროს ნგრევის ეშინია, რომელსაც გულმოდგინედ აშენებს და ამით ცდილობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ დაავიწყოს საზოგადოებას ის უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი.
„პური და წყალი - ეს არის ჩვენი საჭმელი. არავინ ჩვენი პატრონი არ არის. მიტოვებულები ვართ. იმიტომ ავირჩიეთ პრეზიდენტი და ხელისუფლება, რომ დაგვასაქმონ და მოგვხედონ. დაგვასახლეს ტრიალ მინდორზე და მიგვატოვეს.... რომ გაიგეს, რომ ჩვენთან შესახვედრად ნინო ბურჯანაძე მოდიოდა, მაშინ გაახსენდათ, რომ ონკოლოგიური ავადმყოფისთვის წამალი მიეცათ“, - ეს არის სიმართლე, რომელზეც კასპის რაიონის სოფელ ხურვალეთში ჩასახლებული დევნილები საუბრობენ და ამისთვის დიდი მადლობა მათ, რადგან არ ეპუებიან, არ ეშინიათ ხელისუფლების ზეწოლის.
„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელბს სოფელ ხურვალეთში ხელისუფლებამ საკუთარი „პოლიტიკური პოლიცია“ დაახვედრა, გზა გადაკეტა და ქვების სროლა გააჩაღა.
დევნილი მოსახლეობის უმრავლესობა, რომელსაც ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიუღია, ღიად აცხადებს, რომ შეურაცხყოფილია.
ხელისუფლება სწორედ ასეთი ადამიანების ეშინია. სწორედ ამიტომ ქმნის გეტოებს და ცდილობს ტერორისა და დაშინების გზით აკონტროლოს ხალხი.
როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება, რომელიც უსირცხვილოდ იკვეხნის, რომ სამართლებრივ სახელმწიფოს აშენებს, არც ამჯერად დაინტერესებულა სოფელ ხურვალეთში მომხდარი ინციდენტის დეტალებით და არანაირი სამართლებრივი ქმედებებისთვის არ მიუმართავს. თუმცა ლოგიკურია, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც პროვოკაცია სწორედ ხელისუფლების მიერ არის დაგეგმილი და შესრულებული.
საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის, დღევანდელი ხელისუფლება არ ერიდება საზოგადოებაში შეუწყნარებლობის, ძალმომრეობის, უზნეობის დანერგვას. ხელისუფლება ცდილობს მომავალ თაობებს ყველა ის ფასეულობა დააკარგვინოს, რაზეც ჩვენი ქვეყანა საუკუნეებია დგას.
სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ამ სიმართლეს აუცილებლად მივიტანთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქემდე, ვერ შეგვაშინებენ. ჩვენ გადავლახავთ ყველა წინააღმდეგობას, გავუმკლავდებით ხელისუფლების მიერ საგანგებოდ დაგეგმილ წინააღმდეგობებს და იმ მიზანს, რასაც ქვეყნის გადარჩენა ჰქვია, აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ ქვეყანას დღეს გადარჩენა სჭირდება.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ეშინიათ და საკუთარი ღირსებისთვის იბრძვიან; დიდი მადლობა პროფესიონალ ჟურნალისტებს, რომლებმაც შეძლეს საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვათ, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ის რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად გამართლებული. დღევანდელი ხელისუფლების მიერ ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული ყველა ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ სიმართლის ყველაზე მეტად ეშინიათ.

























