„დემოკრატიული მოძრაობა“ გმობს ტელერადიო კომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის, ჯონი ნანიტაშვილის პოლიციის მიერ უკანონოდ დაკავების, მასზე უმოწყალო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტს, რომელიც 2010 წლის 7 ოქტომბერს განხორციელდა.
სამართალდამცავების მხრიდან მიყენებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ჯონი ნანიტაშვილს ტვინის შერყევა და კისრის ტრამვა დაუდგინდა.
მსგავსი დაშინების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტერორის ფაქტები პირველად არ ხდება. ხელისუფლება ყველა მეთოდს იყენებს იმ ადამიანების წინააღმდეგ საბრძოლველად, ვინც ხმამაღლა და დაუფარავად ებრძვის ქვეყანაში არსებულ რეჟიმს. სწორედ ის ფაქტი, რომ ტელერადიოკომპანია „თრიალეთი“ არ ერიდება ეთერი დაუთმოს განსხვავებულ აზრს, ის რომ „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ მხარდამჭერთა შეკრება სრულად გაშუქდა და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა გაეგო იმ რეალობების შესახებ, რასაც გულმოდგინედ მალავს ხელისუფლება, გახდა ამჯერად მიზეზი ჯონი ნანიტაშვილს ამგვარი მეთოდით გასწორებოდნენ.
„დემოკრატიული მოძაობა“ უერთდება ტელერადიო კომპანია „თრიალეთის“ მოთხოვნას, გამოძიებულ იქნას მომხდარი ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, თუმცა კარგად ვიცით, რომ ხელისუფლებას არც ერთი მსგავსი დანაშაული არ გამოუძიებია, რადგან ყოველი ამგვარი შემთხვევა მათივე უშუალო დაკვეთით ხორციელდება.
ჩვენ მივესალმებით ტელერადიო კომპანია „თრიალეთის’ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ზეწოლების მიუხედავად, ტელერადიო კომპანია ჩვეული ობიექტურობით და კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს მუშაობას. სწორედ ასეთი შეურიგებელი ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ არის საფუძველი არსებული რეჟიმის დამარცხების.
„დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭო
































