ჩვენ, „დემოკრატიულმა მოძრაობამ” ჯერ კიდევ 2010 წლის 19 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის პარლამენტებთან პირდაპირი კავშირების დამყარებასთან დაკავშირებით გავრცელებული მიმართვა, მორიგ პროვოკაციად და შესაძლო დესტაბილიზაციის საფუძვლად შევაფასეთ.
საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში კვლავ აგრძელებს უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს. ამჯერად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებთათვის ცალმხრივად უქმდება სავიზო რეჟიმი.
ყევლასთვის ცნობილია, რომ საზღვარი ყველა ქვეყანაში ორმხრივია. საქართველო-რუსეთის ნებისმიერ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საზღვრის მეორე მხარეს დგას რუსი მესაზღვრე, რომლისთვისაც სააკაშვილის გადაწყვეტილებებს, რბილად რომ ვთქვათ, არ აქვს ძალა. ამდენად საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ, რუსეთთან შეთანხმების გარეშე ვერ იმუშავებს და ეს გადაწყვეტილება ვერანაირ ჰუმანიტარულ მისიას ვერ შეასრულებს. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რას ემსახურება საქართველოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება?
„დემოკრატიული მოძრაობა” ვაცხადებთ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ატყუებს საკუთარ მოსახლეობას, მთელს საერთაშორისო საზოგადოებას და ამჯერად, ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის აღდგენა ნამდვილად უმნიშვნელოვანესია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ქმედებები რეალურად ამისკენ კი არ არის მიმართული, არამედ, მიზანმიმართული პროვოკაციაა. პროვოკაციაა, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებს ქვეყნებად მოიხსენიებენ.
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ღიად აცხადებს რუსეთთან უპირობო დიალოგისთვის მზაობას, საქართველოს ხელისუფლება ცალმხრივად იღებს მსგავს პროვოკაციულ გადაწყვეტილებებს, რაც დამატებით არგუმენტებს აძლევს რუსეთის ფედერაციას, საქართველო ტერორისტული დაჯგუფებების მფარველობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულოს.
„დემოკრატიული მოძრაობა” სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგით შეიძლება დასრულდეს.
































