<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
მინდია უგრეხელიძის სიტყვა 29 სექტემბერს ფილარმონიაში გამართულ „სახალხო წარმომადგენლობითი კრების" შეხვედრაზე

ძვირფასო თანამოაზრენო და არათანამოაზრენო!  ყველას მოგესალმებით!

ვინაიდან არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ ვეკუთვნი, და არც რომელიმე საზოგადოებრივ გაერთიანებას, ამიტომ გესაუბრებით როგორც რიგითი მოქალაქე,  საკუთარი სახელითა და პასუხისმგებლობით.

მაინც, რატომ შევიყარეთ დღეს აქ, რამ შთაგვაგონა? მე ვფიქრობ, უბრალოდ, გაუსაძლისი გახდა უერთმანეთობა. ჩვენ რომ ნდობა და მანდატი გამოგვტყუეს, გნებავთ - ნდობის მანდატი, უკანვე გამოსათხოვი გაგვიხდა.  ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი:
 ან ბუნების შეცდომისა, - მიმიხვდებით, ალბათ, რასაც ვგოლისხმობ;
 ან სხვათა შეცდომისა, - არც ესაა ძნელი გამოსაცნობი;
 ან ჩვენივე ცდომილებისა, - მცდარ არჩევანზე მოგახსენებთ;
 ან ყველა ამ შეცდომისა, მათს ერთობლიობაში.

ფაქტი ერთია: ჩვენი ნდობა, ჩვენი მანდატი, ის, რაც ჩვენი კუთვნილებაა, მოძალადეთა ხელშია და თავიანთი ნებით არ აპირებენ მის დაბრუნებას.
რა უნდა ვიღონოთ, ჯერ არ ვიცით.  რაც გვეგონა, ის არ გამოდგა. ჩვენ ხომ სრულიად უჩვეულო, გამრუდებულ, ნორმიდან ამოვარდნილ სიტუაციასთან გვაქვს საქმე,     რომელსაც ბადალი არ მოეპოვება უახლეს ისტორიაში. არადა, ჩვეული, გულუბრყვილო, ზოგჯერ პრიმიტიული საშუალებებით ვცდილობთ ამ სირთულეების დაძლევას. ამიტომ წამდაუწუმ მოწოდებად ძახილი - ,,ჩვენი მანდატი ჩვენ”, ოდენ საცოდავ, გულსაკლავ, განწირულ ბღავილად გაისმის შინ და გარეთ. 

  რა ეშველება ამ საქმეს?
  სწორედ ამის გასარკვევად არის მოწოდებული სახალხო კრება. 
  როდესაც საკუთრივ ხალხი და მთლიანად სამშობლო განსაცდელშია, ყველა საბედისწერო გადაწყვეტილება საერთო ნების შესაბამისად უნდა მივიღოთ.

                              
                              I
რაც მომხდარია, ყველამ კარგად ვიცით. ამის თაობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. დღესაც არ დაჰკლებია მეცადინეობა. მეც ვაპირებდი ხელისუფლების ცოდვათა ჩამოთვლას და გადავიფიქრე; მეტადრე - „საყოველთაო სახალხო იმპიჩმენტისთვის” განკუთვნილი ტექსტის გაზეთებში გამოქვეყნების შემდეგ.

მთავარი ახლა მომავალი მზარდი რისკებისა და ხიფათების გამოცნობაა; მათი გათვლა და გამოანგარიშება. ამიტომ ყველაზე ღირებული იმდენად უმძიმესი წარსულის რეტროსპექტივა კი არ არის (უკვე დიდი ხანია, მოვთქვამთ და ვგოდებთ), არამედ კიდევ უფრო მძიმე მომავლის პერსპექტივა. მეტ-ნაკლებად ეს საქართველოს ცხოვრების ლამის ყველა სფეროს შეეხება - დიდსა თუ პატარას; შიდასა თუ გარეს; ეკონომიკურსა თუ პოლიტიკურს; მატერიალურსა თუ სულიერს; ომსა თუ მშვიდობას. 

თუმცა, არის ერთი განზომილება, რომელიც ყველაფერს ფარავს და მოიცავს. ეს გახლავთ პოლიტიკური რეჟიმი. ფაქტობრივად აქ მმართველობის წესზეა ლაპარაკი. 
სრული განუკითხაობა, თავაწყვეტილი თვითნებობა, განსხვავებული აზრის დევნა ან იგნორირება; არავითარი კანონი და სამართალი; არც სამართლის უზენაესობა; ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები; ერთი ვინმეს აბსოლუტურად ზღვარდაუდებელი ნება-სურვილი და მის ახირებათა უსიტყვო მორჩილება, აღსრულება თუ მიმნებელობა. აქ დემოკრატიაზე ხომ ლაპარაკი ძალიან ძნელია.
            რა ჰქვია ასეთ რეჟიმს?
           
           დიქ-ტა-ტუ-რა!
            
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ხდება უმოწყალო ძალმომრეობის, მათ შორის - ფიზიკური ანგარიშსწორების მეშვეობით, ნათელი გახდება, რომ ეს უკვე სისხლიანი დიქტატურაა. მაგრამ, უფრო წარმტაცი პერსპექტივაც გველოდება. ეს არის - სიძულვილის იდეოლოგია და უსაშველო ბოროტების რეჟიმი.

თავად განსაჯეთ, უკვე რამდენი ელემენტი იჩენს თავს ამ საშინელი ჭირისა, ითქვა და დაიწერა კიდევაც ამის შესახებ. მაგრამ, სულ მალე ვეღარც ითქმება, და ვეღარც დაიწერება, ამის ნიშანია ტოტალური კონტროლის ქვეშ მყოფი სატელევიზიო არხები.

როდესაც წინა საუკუნის 70-იან წლებში ევროპაში ერთმანეთის მიყოლებით დაემხო ფაშისტური რეჟიმები (გავიხსენოთ ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი), კაცობრიობამ შვებით ამოისუნთქა. ეგონათ, სამუდამოდ განიკურნენ ამ სენიდან. რას წარმოიდგენდნენ, რომ 30-ოდე წლის შემდეგ, უდიდესი ჰუმანისტის, რუსთაველის სამშობლოში გამოიჩეკებოდა, - ყოველ შემთხვევაში ინკუბაციას დაიწყებდა „ვარდისფერი ჭირი”. შავისაგან განსხვავებით, ერთი შეხედვით, ვარდიფერი პირქუში არ არის და ძნელი ამოსაცნობია; მეტისმეტად მატყუარაა მისი შეფერილობა. „ვარდისფერი სათვალითაც” ხომ ყველაფერი უფრო საამოდ გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეში. ჰოდა ვინ არის ამ სინამდვილის დამნახავი იმათ გარდა, ვინც თავის ზურგზე იწვნია „ვარდისფერი ჭირი”. 

ხელისუფალთ არ სჯერათ მათი ღაღადისა: „ესენი ხომ განაწყენებული არიანო”. დიდებული ლოგიკაა... ვერაფერს იტყვი...!

იქნებ, არც სხვას სჯერა ვინმეს? არც მე მჯეროდა, მაგრამ, როდესაც დოკუმენტალურად გავეცანი სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეთა მასალებს „სახალხო სასამართლოში”, გაოგნებული დავრჩი. საქართველოში თურმე უბრალოდ ნადირობენ ადამიანებზე, ამ სიტყვის სრული დატვირთვითა და პირდაპირი მნიშვნელობით. საჭიროებისდა მიხედვით, ხოცვა-ჟლეტა ხორციელდება ,,ცალობით თუ ბითუმად”. უბრალო გაუგებრობა ან ხელისწაცდენა არ გეგონოთ; ეს ხდება მიზანმიმართულად, წინასწარი გეგმის მიხედვით.

ნეტა თუ დაფიქრებულა ოდესმე პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა, მისი ოჯახი, ახლობლები და ნათესაობა, რომ აჩქარებული ნაბიჯით გვიახლოვდება, - ვაი თუ უკვე დაეუფლა საქართველოს დავრდომილ სხეულს, - ახალი ყაიდის ნაზავი, ფაშიზმნარევი ვარდისფერი დიქტატურა, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ მოსრას საქართველო და მისი ხალხი.

ერთი სიტყვით, აჩრდილი დაძრწის საქართველოში, აჩრდილი ფაშიზმისა. 
                                
                           II
   
რა გზას უნდა ვეწიოთ?
ვინაიდან საფრთხე ოთხივ კუთხით გვიახლოვდება, ცხადია, ყოველმხრივ უნდა შემოვიმტკიცოთ უსაფრთხოების ჯავშანი. უწინარესად ეს მოითხოვს ერთობას, გაერთიანებას. თუ ერი არ გაერთიანდა, თავდაცვით ჯავშანს ვერ მოირგებს. ზოოლოგიურ სამყაროშიც კი არსებობს შიდა ბრძოლები და დაპირისპირება, ქიშპობა და მეტოქეობა, მაგრამ საერთო მტაცებლის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ერთიანდებიან.

ნუთუ ცხოველური ინსტიქტის დონეზე მაინც ვერ ვგრძნობთ საფრთხეს და გადარჩენისათვის აუცილებელი ერთობისა და თანხმობის საჭიროებას? 

ძვირფასო თანამემამულენო! 
უმორჩილესად გთხოვთ, მუხლმოდრეკით გევედრებით და გემუდარებით: ნუ ვიქნებით მეტისმეტად გულაზიზნი. მაგის დრო არ არის. ბოროტებისა და სიძულვილის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკური, სამართლებრივი პოზიციების, შეხედულებებისა თუ გემოვნების მიუხედავად.  ამის უამრავი მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების ცხოვრებიდან.

ჩვენი ამოცანა კეთილშობილია და ამაღლებული. პიროვნულად შესაძლოა კიდევაც დაგვამცირეს და დაგვაკნინეს, მაგრამ აქა-იქ ჯერ კიდევ დარჩენილია საერთო ეროვნული ღირსების ნაფლეთები. მოდით, ეს მაინც გადავარჩინოთ. ეროვნული ღირსების, ამ უზენაესი სიკეთის დასაცავად, ღირს პირადი ამბიციების დათმობა.

საინტერესოა, როგორ განვდევნით ოკუპანტებს, როგორ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ჩვენვე არ გავმთლიანდებით?  ხომ შეიძლება ერთმანეთში შუღლი და დაპირისპირება, დროებით მაინც მოვიშალოთ? 

თუ ამას შევძლებთ, მაშინ წარმატება და მხარდაჭერა უზრუნველყოფილია _ შინ და გარეთ.  Gგარდა იმისა რომ, შინაური მეტი ხალისით ჩაერთვება საერთო ფერხულში, მთლიანს, ერთიანს და დარაზმულს უცხოელიც ანგარიშს გაგვიწევს; საიმედო პარტნიორად მიგვიჩნევს. უამისოდ უცხოეთს სხვა არჩევანი არ გააჩნია და, ამიტომ, როგორც წესი, მხოლოდ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს.  

მაშ, სანამდე ელოდოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ან სხვა, მაგალითად, საზოგადოებრივ გაერთიანებათა კონსოლიდაციას?

 


                                  III


რაკი ერთიანობისა და თანხმობის პირობას (ფიცს) დავდებთ და იმასაც დავთქვამთ, რომ ეს თანხმობა ხელისუფლებისმიერ საფრთხეებს უნდა შევაგებოთ, ახლა ისიც უნდა გავარკვიოთ, რა არსენალი გაგვაჩნია საამისოდ. სხვათა შორის, ხალხშიც ხშირად მსმენია ეს კითხვა - „რით და როგორ გავუმკლავდეთ სახელისუფლებო თვითნებობასა და ძალმომრეობას”.

შევეცდები განზოგადებული ფორმით ჩამოვაყალიბო პასუხი. სახელისუფლებო თვითნებობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ ყველა საშუალება ნებადართული და დასაშვებია, თუ იგი თანაზომიერი, პროპორციული, შესაბამისი და შესატყვისია იმ ინტერესისა, რომლის სასარგებლოდ იგი გამოიყენება. აბა, რისთვის არსებობს აუცილებელი მოგერიებისა თუ უკიდურესი აუცილებლობის სამართლებრივი ინსტიტუტები? წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, თუ ვინ, როდის, სად რა მეთოდი გამოიყენოს. მისი ვარგისიანობის, მიზანშეწონილობისა და ლეგიტიმურობის ხარისხის განსაზღვრა, ყოველთვის ადვილი ვერ იქნება; მაგრამ სწორედ ამისთვის არსებობენ პოლიტიკური და სახალხო ლიდერები, რათა მათი მეშვეობით დაისვას და გადაწყდეს ეს საკითხები. 

ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებულია სახალხო კრების როლი, როგორც ხალხის საერთო ნებისა და ერთიანი, შეთანხმებული პოზიციის გამოხატულებისა. სწორედ აქ უნდა გადაწყდეს ამიერიდან ხალხისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. კაცმა რომ თქვას, უპირატესად ასეთი გადაწყვეტილებებისათვის არის განკუთვნილი, ჩემი აზრით, სახალხო კრება.

შორს უნდა დავიჭიროთ თავი იმ მცდარი აზრისაგან, რომ ბრძოლის რომელიმე მეთოდი იმთავითვე დასაწუნია. ხშირად მსმენია, მაგალითად, ყბადაღებული ქუჩის აქციების ცოტა არ იყოს აგდებული მოხსენიება. ეს ხომ ან სრული პოლიტიკური უმეცრებაა, ან საკუთარი „პოლიტიკური უსუსურობის” უნებური გამჟღავნება, ან კიდევ, სრულიად გაუგებარი და უსაფუძვლო თვითიზოლაცია, პარალიზაცია და კაპიტულაციაა. როგორც ჩანს, ამასწინანდელი მარცხის სინდრომი ჩამოუყალიბდა ზოგიერთს. მაგრამ, ეს იგივეა, თოფზე თქვას უარი მონადირემ, იმიტომ რომ, ოდესღაც უმტყუნა.

ქუჩამ უნდა შეინარჩუნოს, ზოგჯერ სრულიად შეუცვლელი როლი; მით უფრო, რომ გაერთიანების, შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება ადამიანის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, როგორც შიდა (კონსტიტუციურ), ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით. მაგონდება ჩემთვის მრავალმხრივ ძვირფასი პუბლიცისტური ლექსი - „ქუჩის აპოლოგია”,  რომელშიც ჩვენი შემთხვევისათვის ზედგამოჭრილი ფრაზაა გახმიანებული: 

                   „ქუჩა და ხალხი განუყრელი ფენომენია,
                   ხალხმა ქუჩაში უნდა შობოს თვისი გენია,
                   უერთმანეთოდ რომელიმე მოსათმენია?”

   თუმცა იქვე გვაფრთხილებს ავტორი: 

                   „ვიცით, მრისხანე აქ რომ იდგა ბარიკადები,
                   აქ იმართება მიტინგები და პარადები,
                   მათ ისტორიამ დაუდგინა თავის ვადები”.

   დიახ,  დაუდგინა!  ფრიად საგულისხმო შეგონებაა.... 


                             
                              IV
  
ახლა კი უშუალოდ სახალხო კრების მოწვევისა და ჩატარების შესახებ.

ნება მიბოძეთ, ერთადერთი ორგანიზაციული წინადადებით, ამ მცირედი თაოსნობით შემოვიფარგლო (სხვა საკითხებზე სამუშაო ვითარებაში ვამჯობინებდი საუბარს).

სახალხო კრებაზე აუცილებლად მოვიწვიოთ, მისი აღმატებულება, ბატონი პრეზიდენტი. ეს იქნება ყველაზე უფრო ნაღდი და უტყუარი ტესტი. თუ არ ინებებს      მობრძანებას, ეს მისი არჩევანი იქნება, თუმცა მრავლისმეტყველი. მაგრამ, მობრძანდეს, ბატონო, და გამოჩნდება, ერთი ნერვი მაინც თუ შემორჩა, რომელიც მშობელ ხალხთან აკავშირებს, აქვს თუ არა დღეს რაიმე საერთო „ხალხის რჩეულს” მის „ამომრჩევლებთან”?

მაშინ გამოჩნდება, რად ღირს პრეზიდენტად წოდებულის ,,მოდელირებული შეხვედრები” წინასწარ შერჩეულ, დაბრიყვებულ და დამონებულ, ზოგჯერ - „პოლიტიკურ ფაუნად” ქცეულ, უკეთეს შემთხვევაში - „პილიტიკურ ლამაზისეულებთან”. გაიხსენეთ მათი დაბნეული, შეცბუნებული და გაოგნებული სახეები ტელეეკრანებზე.

ეს შეხვედრა აუცილებლად მესახება, რათა შევახსენოთ მოწვეულ სტუმარს, რომ:


   - საქართველო და მისი ხალხი ჯერ კიდევ სუნთქავს და სულდგმულობს; არც მომკვდარა,  და არც ძინავს; 
   - „როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა”; და რომ, ჩვენ სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია, თვითონ ხალხია ჩვენი სამშობლო;
   - ეს ხალხი არასდროს შეეგუება თვითნებობასა და ძალმომრეობას; უტიფარ სიცრუესა და გაუტანლობას; ბეზღსა და დასმენას;
   - საქართველოში უკვე სუნთქვაც კი შეუძლებელია, ისეთი მოწამლული და დაბინძურებულია გარემო - ამ სიტყვის ყველა, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით;
   - საზღვარი არა აქვს საყოველთაო ზიზღსა და შეჩვენებას; ხალხი იწყევლება, ილანძღება, იგინება და იფურთხება (ზოგჯერ ფარულად, ანგარისწორების შიშით).
   - უამრავი შეცდომა, რომელსაც ხელისუფლება სჩადის საქართველოსა და საერთაშორისო თემობის წინაშე, არათუ მიუტევებელია, არამედ ბოროტმოქმედების, უმძიმესი დანაშაულის ტოლფასი; 
  - არასდროს მოვიშლით დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად დაუზარელ და თავგანწირულ ზრუნვას; 
  - არასდროს განვუდგებით ჩვენს აფხაზ, ოს, რუს, უკრაინელ, სომეხ, აზერბაიჯანელ, ნებისმიერი სხვა ეთნიკური წარმომავლობის თანამოძმეებს; ვიცხოვრებთ მათთან ერთ სისხლად და ხორცად;
  - არ ვაპირებთ ვიცხოვროთ სხვათა, მეტადრე - გადამთიელთა სცენარით, და არც იმას მოვიწონებთ და შევეგუებით, რომ პოლიტიკური უცხოეთის, ზოგიერთი ვაგლახ-მესვეური მისდაუნებურად ინაწილებდეს ისტორიულ პასუხისმგებლობას ქართული ხელისუფლების შეუნიღბავ დანაშაულთა გამო, რაკი, ნებსით თუ უნებლიედ, გაერივნენ მათს მომზადებასა და ჩადენაში;
  - ვერ შევეგუებით საქართველოს ხელგაწვდილ, მათხოვრულ ცხოვრებას მხოლოდ უცხოური სესხების, გრანტების, შემოწირულობათა და შემწეობათა ხარჯზე. აუცილებლად მიგვაჩნია აღორძინდეს ეროვნული წარმოება და შეიქმნას შიდა ეროვნული პროდუქტი;
  - ხალხი ვეღარ დაემორჩილება ეგრეთწოდებული “ლიდერშიპის” ახირებებს და, უკიდურეს შემთხვევაში, თუ სამშობლოს დასჭირდა, მოჰკვეთს მას, როგორც ნეკროზულ სხეულს, ვინძლო არ დაგვაგვიანდეს. 
  - საკუთრივ ხალხი განკარგავს თავის ბედს და მოგვევლინება როგორც სრულიად ახალი, “მებრძოლი დემოკრატიის” მრისხანე ძალა; 
  - საქართველოს მომავალს ჩვენ ვხედავთ ნამდვილი დემოკრატიის, მისი პრინციპების აღმსარებლობისა და დამკვიდრების მოვალეობაში. ეს იქნება პოლიტიკური უმცირესობის ნებით გაწონასწორებული პოლიტიკური უმრავლესობის ნება, თანაც პერსონალურად მონაცვლეობითი, რათა არ მოხდეს ხელისუფლების შენიღბული მონარქიზაცია;
  - ყველას მოვუწოდებთ, ნუ მიჰყიდიან სულს ეშმაკს; ნუ შთაინთქმებიან ნებაყოფლობით ჯოჯოხეთში. პატივს მივაგებდეთ ყველას დამსახურებისამებრ. მაგრამ დავრჩეთ ერთგული ქართული ისტორიული, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივი ღირებულებებისა;   რაც მთავარია - სულიერებისა.
  - ვეთაყვანებოდეთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის სწორუპოვარ საჭეთმპყრობელს, უწმინდესსა და უნეტარესს - ილია მეორეს. ის ხომ ხალხის გულსა და გონებაში სიცოცხლეშივე წმინდანად არის შერიცხული.

      
დასასრულ, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რითაც დავიწყე: საქართველოს ხელისუფლებამ უტიფრად მიისაკუთრა ხალხის ნდობის მანდატი, რომლითაც შეიარაღებული, მისივე სახელით ჩაგრავს საკუთარ ხალხს (დაბეჩავებული და ნაცემ-ნაგვემი ხალხით ომში არ მიდიან: ომს არ იწყებენ. ხოლო თუ მიდიან, წინასწარვე წაგებულია ეს ომი..). ამიტომ, მანდატი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს; ეს ხალხის ლეგიტიმური უფლებაა და, რაც მთავარია, მოვალეობა.

მადლი ღმერთს, ქართველ ხალხს ჯერ კიდევ შესწევს ამის ძალა და უნარი.
ხალხნო, ჩვენ კიდევ გვაქვს მომავალი; ნათელი და ბრწყინვალე....   მაგრამ, ჩვენს მაგივრად ამ მომავალს სხვა ვერც გამოჭედავს და არც ოქროს სინით მოგვართმევს. 
ამიტომ,  ცხადზე ცხადია და ნათელი:  

„ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი”.
                                              

მადლობთ!


მინდია უგრეხელიძე
იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ყოფილი წევრი,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე    

 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა