საინტერესო
„ნინო ბურჯანაძე: იმ დღეს სააკაშვილი გულზე მჯიღს იცემდა და და ყვიროდა -სამღვდელოებას თავისი ადგილი უნდა მივუჩინო და ყველა თავის ადგილზე დავსვაო!“

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

 

„სააკაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ის ხალხიც დაპატიჟა, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში რომ დაადანაშაულა მანამდე... მათ შორის, მეც!

როგორ უნდა იხილავდეს ქვეყნისათვის სასიცოცხლო საკითხებს პრეზიდენტი უცხო ქვეყნის აგენტებთან ერთად? ესეც მორიგი ტყუილი და პიარკამპანია იყო, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმაც თავიანთი იქ ყოფნით, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი შეუწყვეს.

სააკაშვილმა ან დამიდასტუროს რუსეთის აგენტობა და სამშობლოს ღალატი, ან, კეთილი ინებოს და ოფიციალურად მომიხადოს ბოდიში!
გახსოვთ, ლევან გაჩეჩილაძე როცა შეხვდა სააკაშვილს, იმავე საღამოს გაათავისუფლეს ორი კაცი, მაგრამ სხვა თხუთმეტი დაიჭირეს! მეორე და მესამე დღეს კვლავ გააგრძელეს დაჭერების სერია და სამოცდათხუთმეტამდე ავიდნენ...

დღეს იმედგაცრუება არის ყველაზე დიდი მოკავშირე სააკაშვილისა!.. სააკაშვილი არის უთავმოყვარეო და უპასუხისმგებლო ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელები ჩამოვყაროთ და არაფერი აღარ გავაკეთოთ!

ხალხის დაკვეთა იყო ჩვენი ერთიანობა, მაგრამ ამ ერთობამ შექმნა ძალიან დიდი პრობლემა! არ შეიძლება მარჯვნივაც იარო და მარცხნივაც... ერთობის შენარჩუნების სანაცვლოდ, აღარც მარჯვნივ მივდიოდით, აღარც მარცხნივ და ცენტრში ვტკეპნიდით ერთ ადგილს...
რუსთაველის გამზირზე მდებარე „ფოსტის“ შენობა ექვს მილიონად შეაფასეს და ჩემი ერთი სახლი როგორ შეაფასეს ამხელა თანხად, გასაკვირია, უბრალოდ...

დღეს სააკაშვილი სადამსჯელო ოპერაციას ატარებს და თუ ჰგონია, რომ თავს მოვიკლავ ამ სახლისათვის, ძალიან ცდება! გაგრა დამაკარგვინა, ახალგორში რუსის ტანკია და ცხინვალში ვერ შევდივარ, კოდორი აღარ არის და ჩემი სახლი რა მოსატანია?!

ბოლო წუთამდე არ მითქვამს, რომ წყნეთის მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია, რადგან პარტიულ და პოლიტიკურ საქმიანობაში თანხა იყო საჭირო.

არაერთხელ მითქვამს და ახლაც არ მინდა განვმეორდე, მაგრამ...როცა ხარ ქვეყნის მეორე პირი, სხვა ვალდებულება გეკისრება და როცა ოპოზიციაში ხარ, სხვანაირად იქცევი მაშინ. თქვენ გგონიათ, პატრიარქი კმაყოფილი იყო ეკლესიების დანგრევით? ღმერთმა დამიფაროს, ისე გავკადნიერდე, რომ საკუთარი თავი პატრიარქს შევადარო, მაგრამ ყველაზე ავტორიტეტული ადამიანი მოვიყვანე მაგალითად...

როცა ფერიის მთაზე დაინგრა ეკლესია, მე არ ვიყავი საქართველოში. როცა ჩამოვედი, აეროპორტიდან პირდაპირ სააკაშვილთან მივედი და კატეგორიულად მოვთხოვე პატრიარქთან მისვლა და ბოდიშის მოხდა! ძალიან მაღალ ტონებში ვილაპარაკეთ მაშინ მე და მიშამ!

იმ დღეს სააკაშვილი გულზე მჯიღს იცემდა და „რუის-ურბნისის კრებას ჩავატარებო“, - ყვიროდა! „ჯერ  დავით აღმაშენებელი გახდი და საეკლესიო კრებაზე მერე ისაუბრე“- მეთქი, ვუპასუხე. „სამღვდელოებას თავისი ადგილი უნდა მივუჩინო და ყველა თავის ადგილზე დავსვაო!“ - აი, ეს არის ის ფრაზა, რომელიც მაშინ სააკაშვილმა მომაძახა!

დიახ, ვთვლი, რომ ჩემი იქ ყოფნითა და ძალიან დიდი ზეწოლით მოხდა ის, რომ სააკაშვილმა აიღო ყურმილი, დაურეკა პატრიარქს, მოუბოდიშა, სთხოვა აუდიენცია და მაშინვე წავიდა საპატრიარქოში!

კაცი, რომელსაც შეეძლო, მართლაც ოქროს ასოებით შესულიყო საქართველოს ისტორიაში და ქვეყნის გამაერთიანებლად და დემოკრატიულ მმართველად დარჩენილიყო, ისტორიაში შედის როგორც არაადეკვატური და სამარცხვინო პრეზიდენტი! ისტორიაში შედის იმ ლიდერად, რომელსაც ფეხსაცმელებს ესვრიან და რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები!

სააკაშვილს თუ ჰგონია, რომ წყნეთის სახლის წართმევის გამო ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლაზე ამაღებინებს ხელს, ან სინდისზე, ან ნამუსზე და ან იმ ადამიანების მიმართ გაცემულ პირობებზე, რომლებმაც მე 9 აპრილის აქციების შემდეგ მეორედ მომცეს ნდობის მანდატი, ძალიან ცდება! ეტყობა, სააკაშვილი ძალიან ცუდად მიცნობს!

იმ რეალობაში, როდესაც საბჭოთა კავშირის უშიშროების არქივები, რომელიც საქართველოში ინახებოდა და რომელიც გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს გატანილია სმოლენსკში და აქ დარჩენილია მხოლოდ არქივის ნაწილი - თქვენ სიმართლეს ვერასოდეს დაადგენთ! ჩნდება კითხვები: რატომ დარჩა არქივის ის ნაწილი საქართველოში, რომელიც დარჩა? შეგნებულად ხომ არ დარჩა? რა ნაწილი იქნა გატანილი? რა ნაწილი იქნა განადგურებული და ვის მიერ? თუმცა, მიიღონ... მე მაგის პრობლემა ნამდვილად არა მაქვს!“


„ასავალ-დასავალი“; 14.09.09; გვ.14-15; ავტ.გიორგი მამაცაშვილი;

 

ელფოსტაბეჭდვა
 
ინტერაქტივი
მიგაჩნიათ, რომ „სახალხო კრება“ არის გზა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლას?
არქივის კალენდარი
« ივლისი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
კვირის ფოტო