შეიქმნება თუ არა მესამე ცენტრი და რატომ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციისმიღმა დარჩენილ პარტიებს, სწორედ ახალი გაერთიანების შექმნისკენ უბიძგებენ, აქვს თუ არა აზრი არჩევნებში მონაწილეობას მაშინ, როცა ხელისუფლებას სარეზერვო ამომრჩევლებად პატიმრები და მისი ოჯახის წევრები ჰყავს და საერთოდ, სად ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ ადგილს, ,,ვერსიას'' პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს'' გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია ესაუბრა.
_ დღევანდელი გადასახედიდან კარგად გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფლანგზე, ფართო კოალიცია უნდა შექმნილიყო, რომელიც მაქსიმალურად მოახდენდა ყველა ოპოზიციური ძალის მობილიზებას. სამწუხაროდ, ბიზნესმენის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, ოპოზიციაში წყალგამყოფი გაივლო, რაც პრაგმატულ და ეფექტურ პოლიტიკურ ნაბიჯად, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება. ვშიშობ, საბოლოოდ ისე არ მოხდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდისგან ,,გაკრეფილ'' პარტიებს, ახალი ცენტრის შექმნისკენ უბიძგონ.
_ იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ, ოპოზიციის ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა, თქვენს მიერ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მიანიშნებთ?
_ მასშტაბური გაერთიანების გარეშე, ხელისუფლებასთან ბრძოლაში ეფექტურ შედეგს ვერ მივიღებთ. თუ ცალ-ცალკე ვიმოქმედებთ, კიდევ ერთხელ დავკარგავთ დროს, ენერგიასა და ფინანსებს, რაც საზოგადოებაშიც მორიგი ნიჰილიზმის საფუძველი გახდება. გაჟღერდა, რომ ბიძინა ივანიშვილს უმრავლესობაში ორი მესამედით მოსვლა სურს, ამის შემდეგ მისი გუნდის მიერ ისიც ითქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ადგილსაც დასჯერდებიან... მსგავსი დამოკიდებულებით ხელისუფლებას ვერ შევცვლით, პირიქით, მათ კომფორტულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ. როცა სახალხო კრების ირგვლივ გაერთიანება შეიქმნა, ყველა პროფესიონალთან, ვისაც ქვეყნის წინაშე დანაშაული არ მიუძღვის, თანამშრომლობის სურვილი გამოვთქვით. არასდროს გვითქვამს, ,,შუა უნდა გაიკრიფოსო'', პირიქით, სულ იმას ვამტკიცებდით, რომ ხელისუფლება ერთიანი ძალით უნდა შევცვალოთ. ვიმეორებ, ყველა, ვისაც მმართველი გუნდის შეცვლა რეალურად სურს, ერთი მიზნის ქვეშ უნდა გაერთიანდეს. საქართველო პატარა ქვეყანაა და პროფესიონალი ადამიანების დაკარგვის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. ადამიანური რესურსი, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ძალთა გაერთიანება უნდა მოხდეს. 2003 წლის მოვლენები არ უნდა განმეორდეს, როცა ღირსეული და პროფესიონალი ადამიანები ჩარეცხილებად გამოაცხადეს. თითოეულის ბრძოლაში ჩართვაა აუცილებელი.
_ იგრძნობა, რომ ბიძინა ივანიშვილს, კიდევ ერთხელ, თქვენთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებთ, თუმცა, მაინც არ მპასუხობთ, თუ ოპოზიცია არ გაერთიანდა, თქვენ სად ხედავთ თქვენი პარტიის ადგილს?
_ ბიძინა ივანიშვილს არც ერთ განცხადებაში ჩვენს პარტიასთან თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამს. ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობაზე კატეგორიულ უარს კოალიციაში მყოფი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ. მეტიც, ისინი თავს უფლებას აძლევენ, ნინო ბურჯანაძის რენომე, მისი გამოცდილება და წარსული შეაფასონ და განაცხადონ, რომ თურმე, ქალბატონი ნინოს ადგილი მათთან არ არის. ჩვენ ამ პოლიტიკოსებთან კი არა, ხელისუფლების შეცვლის ბრძოლაში ვეძებთ ადგილს. გვჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებული პროცესი გულწრფელია. ჩვენ ამ მიზნის მიღწევაში აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა _ ეს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი და, ზოგადად, მოვლენებისადმი ჩვენი დამოკიდებულებიდანაც კარგად ჩანს. ახლა საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. ჩვენმა ქვეყანამ დაიმსახურა, რომ არჩევნების გზით, ხელისუფლების სათავეში ღირსეული ადამიანი მოვიდეს.
_ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, თქვენს პარტიასთან თანამშრომლობაზე უარს იდეური თანხვედრის არარსებობის გამო აცხადებს, მათ შორის, არჩევნებთან მიმართებაში...
_ სწორედ ესაა პრობლემა... ჩვენ ხელისუფლების შეცვლის კონსტიტუციურ გზას ვირჩევთ, თუმცა იგივე კონსტიტუცია, არც ქუჩაში გამოსვლებს კრძალავს. ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლებას საკუთარ მოედანზე სათამაშოდ არ უნდა გავყვეთ, რადგან ის თავის ტერიტორიაზე გაცილებით ძლიერი და გამოცდილია, რესურსის გამოყენების მეტი საშუალებაც აქვს. მმართველმა გუნდმა გაყალბების პროცესი დახვეწა და სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქცია, ამდენად საარჩევნო გარემო, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციას გვთავაზობს, თავიდან ბოლომდე მმართველი გუნდის გემოვნებაზეა მორგებული.
_ კი, მაგრამ ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს, არჩევნებს არ დაელოდოს და ქუჩაში გავიდეს?
_ ოპოზიციამ, პირველ ყოვლისა, დამოკიდებულება უნდა შეცვალოს _ ხმამაღლა გაპროტესტება არ შეიძლება. მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მეთვალყურეობის იმედი არ უნდა გვქონდეს, რადგან ხელისუფლება არჩევნებს მაინც გააყალბებს. მეტიც, მმართველი გუნდი მოტივირებულია სკამს ჩაებღაუჭოს, რაც ჯერჯერობით, კარგად გამოსდის კიდეც. მოგეხსენებათ, საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების ხარჯზე მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდას აპირებს. წინასაარჩევნოდ, საზოგადოების ეს ნაწილი ხელისუფლების რეზერვია.
_ გამოდის, ხელისუფლება არჩევნებამდე იგებს არჩევნებს...
_ ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ მოწოდების რეჟიმში ვართ, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად ერთადერთ გზა გვრჩება _ ვიყოთ გაბედულნი, გამჭვირვალე და ხელისუფლების შესაცვლელად რეალურად მოწადინებულნი. ოპოზიციის დუმილის პირობებში, საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოში დემოკრატია ყვავის და ხელისუფლებაც საზოგადოებისგან ნაკლებ კრიტიკას იმსახურებს. მეშინია ისე არ მოხდეს, რომ არჩევნების შემდეგ, იმ ცენტრმა, რომელიც პარლამენტში ორი მესამედით მოსვლას აპირებს, ხელისუფლებას გამარჯვება მიულოცოს. აუცილებელია, დღეს ამოვიღოთ ხმა და ვიყვიროთ, რომ ხელისუფლება არსებობის უფლებას გვიზღუდავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა.
_ საინტერესოა, სახალხო კრებაში რა პროცესები მიმდინარეობს, ცნობილია, რომ რამდენიმე პარტიასთან ინტენსიურ კონსულტაციებს მართავთ...
_ მოგეხსენებათ, სახალხო კრება რამდენიმე პოლიტიკურ ძალას აერთიანებს. მათ აქვთ საერთო ხედვა, თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ ლოკალური პრობლემები და ამოცანები. ვფიქრობ, მომავალში ბევრი რამ შეიცვლება და ქუჩაში გამოსვლის დრო ალბათ მაინც დადგება. სხვათა შორის, ითქვა, რომ თუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხმებს ქუჩის აქციებითაც დაიცავს. ასეთ შემთხვევაში, ნაკლები იმედი არსებობს იმისა, რომ რეალური შედეგი მივიღოთ, რისი არაერთი მწარე მაგალითიც გვაქვს. თუ მეტად გავაქტიურდებით, ჯერ კიდევ არის დრო, საარჩევნო გარემო შევცვალოთ და ხელისუფლებაზე ზეწოლა მოვახდინოთ. გახსოვთ ალბათ, ჩვენი პარტია გამოვიდა ინიციატივით, არასამთავრობო სექტორის დახმარებით, სიების გადამამოწმებელი კომისია შექმნილიყო, თუმცა ინიციატივა ინიციატივადვე დარჩა.
_ მსგავსი კომისია ხომ უკვე არსებობს, მას უნდობლობას უცხადებთ?
_ აღნიშნული კომისია უმეტესად სამთავრობო პირებითაა დაკომპლექტებული. ჩვენს მიერ ინიცირებული კომისიის შექმნის შემთხვევაში კი, ხელისუფლება სასურველ შედეგს ვერ მიიღებდა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლას ყველა რესურსის გამოყენებით ვცდილობდით. თუ მასშტაბური გაერთიანება არ მოხდა, ჩვენ პოლიტიკურ მოღვაწეობას, რა თქმა უნდა, არ დავასრულებთ, პირიქით, აქტიურად ჩავერთვებით ხელისუფლების შეცვლის პროცესში, რადგან ჩვენ ჩვენი ადგილი, პროგრამა და სამოქმედო გეგმა გვაქვს. ისე, უპრიანი იქნებოდა, თავიდანვე, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ოპოზიციური ძალები სრული შემადგენლობით გაერთიანებულიყვნენ, ხოლო გაკრეფვა, გზა და გზა განხორციელებულიყო. ეს გაცილებით სამართლიანი იქნებოდა. თუმცა არ გამოვრიცხავ, ჩვენს კოლეგებს სხვა გათვლა ჰქონდეთ. საერთოდ, თუ აკვირდებით, ბიძინა ივანიშვილის გარშემო მყოფი ადამიანების უკანა პლანზე გადაწევა და ჩანაცვლება მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში, გადაფასება ხდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ფლანგზე გადაწყვეტილებებს სპონტანურად არ იღებენ.
23.01.2012
































