რა მესიჯებს უგზავნის ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, რატომ გაახსენდა ხელისუფლებას, რუსეთის პატრიარქის მიერ 2010 წელს გამოგზავნილი წერილი და რა ინფორმაცია გადასცა ილია მეორეს მოსკოვიდან დაბრუნებულმა ნინო ბურჯანაძემ
გაფართოვდება თუ არა სახალხო კრების ფორმატი, რატომ გადაიზარდა ირაკლი ალასანიასთან ურთიერთობა მწვავე დაპირისპირებაში, ,,იბლოკება'' თუ არა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ფიგურა ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში, რატომ გამოუგზავნა რუსეთის პატრიარქმა ბოდიშის წერილი ,,დემოკრატიული მოძრაობის'' ლიდერს და არა საქართველოს პატრიარქს, ამ კითხვებს თავად ,,დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს'' ლიდერი ნინო ბურჯანაძე უპასუხებს:
_ რუსეთის პატრიარქის მიერ გამოგზავნილი წერილის შესახებ ფაქტები დამახინჯდა და მედიამ არასწორად გააშუქა. უპირველეს ყოვლისა, ეს მიმოწერა 2010 წელს გვქონდა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციაში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა ვლადიმერ პუტინთან და სერგეი ლავროვთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის პატრიარქთან ჩემი შეხვედრა, სადაც ისეთ მტკივნეულ საკითხსაც შევეხეთ, როგორიცაა ილორის ეკლესიაში მიმდინარე სამუშაოები. რუსეთის პატრიარქი ამ საკითხით დაინტერესდა და განაცხადა, რომ იგი პატივს სცემს ქართული მართლმადიდებელური ეკლესიის საზღვრებს, მათ შორის, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. შემდეგ კი გასცა განკარგულება, რომ რუსეთის საპატრიარქოს საკუთარი ხარჯებითა და ქართულ მხარესთან შეთანხმებით, ძეგლისთვის პირვანდელი სახე დაებრუნებინა. ამავე შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ ქართულ მხარეს ოფიციალურად მიეწოდებინა ინფორმაცია, კონკრეტულად, რა შეიცვალა ან დამახინჯდა და, ზოგადად, რა პრეტენზიები გვქონდა ტაძართან დაკავშირებით. საქართველოში ჩამოსვლისთანავე შევხვდი მის უწმინდესობას ილია მეორეს და რუსეთის პატრიარქთან დახურული შეხვედრის სხვა დეტალების შესახებაც მივაწოდე ინფორმაცია. ამის შემდეგ უწმინდესმა თავადაც დაავალა საპატრიარქოს წარმომადგენლებს, კულტურის სამინისტროდან კონკრეტული მასალების უზრუნველყოფა და რუსეთის საპატრიარქოში გადაგზავნა, თუმცა დღემდე კულტურის სამინისტროდან პასუხი არც ჩვენ და არც საქართველოს საპატრიარქოს არ მიუღია.
_ თუმცა, ქართული მხარე აცხადებს, რომ დახმარების თხოვნით ,,იუნესკოს'' მიმართა. საინტერესოა, თუ აღნიშნული წერილი 2010 წელს მიიღეთ, ინფორმაცია მხოლოდ ახლა რატომ გახმაურდა?
_ ,,იუნესკო'' აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ შევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობას, ბუნებრივია, არ აღიარებს. იცით, რაშია საქმე? ახლა ამ ფაქტის გახსენება მხოლოდ იმ მიზეზით დასჭირდათ, რომ HUMAN RIGHTS WATCHES- ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები გადაეფარათ. ამასთან, ევროსაბჭოში დაისვა კითხვები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და იქ არავინ იცის, რომ ილორის ტაძრის საკითხის მოგვარება, ორმხრივი კონსულტაციების პირობებში, შესაძლებელი იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს არ ისურვა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ შემთხვევაში ბურჯანაძეს ვერ მიაკერებდნენ იარლიყს, რომ მას, თურმე სამშობლო არ უყვარს და არც ქვეყნის პრობლემები აწუხებს. მმართველი გუნდისთვის იმის აღიარებაც რთულია, რომ ბურჯანაძე რუსეთში ვიზიტისას ქართული სახელმწიფოსთვის მტკივნეულ საკითხებს აყენებს. რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ ბურჯანაძის ფაქტორი არ არის გადამწყვეტი. ზოგადად, ჩვენი ხელისუფლებაა ანტირუსულ ისტერიაზე გადასული და ამიტომ არ სურს საზოგადოებამ დაინახოს, რომ, რუსეთთან ნორმალური და კონსტრუქციული ურთიერთობის შემთხვევაში, თუნდაც ძალიან რთული პრობლემების მოგვარებაა შესაძლებელი. ამ შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს კი არამხოლოდ კულტურული ძეგლები, ჩვენი სამშობლოსთვის მნიშვნელოვანი ინტერესებიც ეწირება.
_ კი, მაგრამ ქართულ მხარეს რომც გაეგზავნა რუსეთის საპატრიარქოსთვის ინფორმაცია ილორის ტაძარში მიმდინარე დარღვევების შესახებ, შემდგომში როგორ უნდა გაეკონტროლებინა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიაში თუნდაც აღდგენითი სამუშაოების შესრულება?
_ თავად რუსეთის პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, ერთობლივი ჯგუფის შექმნისა, სადაც როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეები და აფხაზეთის წარმომადგენლები იქნებოდნენ გაერთიანებული. ეს ჯგუფი იმისთვის უნდა შექმნილიყო, რომ შემდგომში გაუმართლებელი პრეტენზიები არ გაჩენილიყო. გარწმუნებთ, რუსეთის პატრიარქის ჩარევის შემთხვევაში, ეს საკითხი ნამდვილად ჩვენთვის სასიკეთოდ მოგვარდებოდა.
_ საინტერესოა, თქვენი შეფასება პუტინის განცხადებაზეც, სადაც აღნიშნა _ ,,საშინელება იქნება, თუ რუსული დამრტყმელი სისტემების მიმართვა საქართველოსკენ მოგვიწევსო''. თქვენ ერთადერთი პარტია აღმოჩნდით, რომელმაც პუტინის ამ განცხადებაში პოზიტივი დაინახა...
_ ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც გაბედა და თქვა ის, რაც რეალურად დაინახა. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ! სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა იმის შიშით, რომ პრორუსულობა არ დაბრალებოდათ, ამის თქმა ვერ გაბედეს, თუმცა ამ დროს მათ რატომღაც არ ერიდებათ, როცა პროამერიკულობა და პროევროპულობა ბრალდებათ... პირადად ჩემთვის, ნებისმიერ ,,პრო'', გარდა პროქართულისა, მიუღებელია, რადგან ყველა პარტია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიას აცხადებს, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს. სააკაშვილმა რამდენიც არ უნდა იხტუნოს და ტელევიზიებში მარაზმატიკული გადაცემები აკეთოს, პუტინი რუსეთის პრეზიდენტი აუცილებლად გახდება. მას რუსეთის აბსოლუტური უმრავლესობა აირჩევს, რადგან, სააკაშვილისაგან განსხვავებით, პუტინი ყოველთვის რუსეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, ამიტომ პუტინის განცხადებაში, რომ მას ქართულ საზოგადოებასთან უკეთესი ურთიერთობების დამყარება სურს, რა არის ცუდი? თუ უკეთესია, როცა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რუსეთში ჩუმ-ჩუმად დაძვრებიან და თავს იკლავენ, როგორმე შეხვედრები მოაგვარონ? დიახ, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების გარეშე, საქართველო თავისი ტერიტორიების დაბრუნებასა და თვითმყოფადობის სრულყოფილად რეალიზებას ვერ შეძლებს. ხალხო, მართლა ხომ არ უნდა გამოვარეცხინოთ ტვინი სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას? აშშ-ცა და ჩინეთიც კი ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ისევე, როგორც მთელი ევროპა. მე რასაც ვამბობ, მუდმივად იმეორებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და გვაფრთხილებენ _ დაალაგეთ ურთიერთობები რუსეთთან! სხვათა შორის, კონდოლიზა რაისმა, აბსოლუტურად ღიად მითხრა, რუსეთთან არანაირ სამხედრო დაპირისპირებაში, თუნდაც პროვოცირების შემთხვევაში, არ ჩაერთოთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ძალიან გვიყვარხართ, რუსეთს ომს ვერ დავუწყებთო. ამ ადამიანებს არ მოვუტყუებივართ, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დიახ, ჩვენი სახელმწიფო ინტერესი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა.
_ თქვენ უკმაყოფილებას ოპოზიციაში თქვენი კოლეგების მიმართაც ხშირად გამოთქვამთ, რომლებიც თუნდაც 26 მაისის მოვლენების დროს, დაკავებულ 40-მდე პოლიტპატიმარზე აქცენტებს არ აკეთებენ...
_ მიუხედავად იმისა, ვიზიარებდით თუ არა კოლეგების პოლიტიკურ შეხედულებებს, უსამართლობას ყოველთვის ვაკრიტიკებდთ. იცით, დღევანდელი ოპოზიცია გაცილებით ეფექტურად ებრძვის სახალხო კრებას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. თანაც, ნამდვილად არ მიკვირს, რომ 26 მაისს უსამართლოდ დაკავებული ადამიანების ბედი არ ანაღვლებთ, რადგან მათ თავიანთი პარტიის წევრების დაცვა უჭირთ. პოლიტიკოსები, რომლებიც თავს ხელისუფლების ოპოზიციას უწოდებენ, სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ მიტინგზე მისულ ადამიანებს უხარისხოებს ეძახიან. ასე წარმოუდგენია დემოკრატია იმ ოპოზიციონერს, რომელიც გვპირდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დემოკრატი მმართველი იქნება? გარწმუნებთ, ისინი დემოკრატები ვერასოდეს გახდებიან.
_ ორი წლის წინ, თქვენი პარტიის დაფუძნების პირველივე დღეებში, გააკეთეთ განცხადება, რომ ოპოზიციასთან არათუ კამათში, ტელედებატებშიც კი არ მიიღებდით მონაწილეობას. ამ პირობის დარღვევა დღეს რატომ გადაწყვიტეთ, მით უმეტეს, როცა დღემდე ყოველგვარ კრიტიკას ითმენდით და პასუხს არ სცემდით?
_ ჩვენგან ეს პირობა არ დარღვეულა, უბრალოდ, ყველაფერს საზღვარი აქვს! მართალია, მაცხოვარი გვასწავლის, ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო, მაგრამ პოლიტიკაში მუდმივად ამ პრინციპით ცხოვრება, რთულია. გადახედეთ არქივს, პირველს არასოდეს დამიწყია ჩემი კოლეგების კრიტიკა. დიახ, ჩვენ ყოველთვის ვიყავით თმენის რეჟიმში, ამ დროს კი, საზოგადოებას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სათქმელი არაფერი გვაქვს და გვეშინია. ახლა უკვე, ისინი პასუხებს მიიღებენ! ვიმეორებ, არ ვარ განწყობილი ოპოზიციას შევეწინააღმდეგო, თუმცა აქვე იმასაც გეტყვით, რომ დღეს ჩვენ რეალურ ოპოზიციას არ ვაკრიტიკებთ.
_ ქალბატონო ნინო, მართალია, ბოლო პრესკონფერენციაზე აღნიშნეთ, რომ ირაკლი ალასანიაზე აღარ ისაუბრებდით, მაგრამ საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, როდის დაიწყო თქვენსა და ალასანიას შორის კონფლიქტი, მით უმეტეს, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გქონიათ, მეტიც, მას ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთ პროგრესულ ძალად მიაჩნდით.
_ დიდი პატივია, თუ ირაკლი ალასანია ოდესღაც ასე მომიხსენიებდა... ყველა კოალიცია, რომელსაც ალასანია ქმნიდა, ბურჯანაძის წინააღმდეგ იყო მიმართული. ოპოზიციის წარმომადგენლებს ხშირად მივუთითებდი, რომ თვითმმართველობის არჩევნებითა და სააკაშვილთან მოლაპარაკებით არაფერი შეიცვლებოდა, თანაც მაშინ, როცა ასი ათასი ადამიანი ქუჩაში დგას, მოლაპარაკებაზე არ უნდა გავარდე და არ შეიძლება ბედნიერი სახე გქონდეს მაშინაც, როცა პრეზიდენტს, რომლის გადაყენებასაც აპირებ, ხელს ართმევ. საზოგადოებამ თავად უნდა გააკეთოს ანალიზი, ვინ რას აკეთებს და ვისი ქმედებები რა შედეგებს იწვევს. ის, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაშია, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ოპოზიციის დამსახურებაა.
_ გასაგებია, ირაკლი ალასანიას სააკაშვილის პროექტი უწოდეთ, თუმცა თქვენს ბრალდებაზე ალასანია ბრალდებით გპასუხობთ _ რატომ ათანხმებდა ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილთან პარტიულ სიასო?
_ მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი და როცა ერთ კვირაში გაზეთში სიის გამოქვეყნებას ვაპირებდი, ელემენტარული კოლეგიალობა მოითხოვდა, პრეზიდენტს ამის თაობაზე სცოდნოდა. მინდა გითხრათ, რომ მაშინ ერთმანეთთან დაპირისპირებულები არ ვყოფილვართ, მე მხოლოდ სააკაშვილისაგან განსხვავებული ხედვები მქონდა.
_ კი, მაგრამ თქვენ ხომ უკვე გადაწყვეტილი გქონდათ ოპოზიციაში წასვლა, პრეზიდენტს რატომ უნდა მოეცა რჩევა, ირაკლი ალასანია უნდა ყოფილიყო თქვენთან ერთად ოპოზიციაში თუ ვინმე სხვა?
_ იცით რა, ადამიანისგან, რომელთანაც რადიკალურად დაპირისპირებული არ ვყოფილვარ, აზრი რატომ არ უნდა გამეგო? მეტსაც გეტყვით, 2008 წელს, როცა პარტიის შექმნას ვაპირებდი, თანაც მაშინ, მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ნამდვილად არ მქონდა ილუზია, რომ სამ თვეში ხელისუფლებას შევცვლიდი. ალასანიას მაშინ პოტიზიტიური ნაბიჯი რომ გადაედგა, პარლამენტში სერიოზული ძალა შეიქმნებოდა, თუნდაც ფრაქციის სახით, რაც ნამდვილად დაამუხრუჭებდა მიხეილ სააკაშვილს. ირაკლი ალასანიას გარდა, სხვა ადამიანებსაც ვთავაზობდი ამ გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა პასუხად ვიღებდი _ ამათ რა შეებრძოლება, ამის თავი არ გვაქვსო. ვიმეორებ, ეს ძალა რომ შექმნილიყო, მიხეილ სააკაშვილი აგვისტოში გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, რადგან ზუსტად ეცოდინებოდა, რომ პარლამენტში არსებული ფრაქცია იმპიჩმენტს გამოუცხადებდა. 2008 წლის იანვარში, ჯერ კიდევ ვფიქრობდი, ამ ხელისუფლებას შეცდომებზე სწავლის უნარი შესწევდა, მაგრამ როცა დავინახე, ყველაფერი უკუღმა დაატრიალა და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დავტოვე. დარწმუნებული ვარ, სხვები არ გააკეთებდნენ. კარგად ვნახეთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტის დატოვების გამო, ხალხს ისტერიკა დაემართა. თუ ოპოზიცია დღევანდელ საქართველოსა და 3 წლის წინანდელ საქართველოს შორის განსხვავებას ვერ ხედავს, რუკას მაინც გადახედოს?! ჩემს კოლეგებს ვურჩევ, ჩამოყალიბდნენ, თუ მათ მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი პრობლემაა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლებიდან მის მოსაშორებლად, რაშიც, რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ მეთოდებს ვგულისხმობ, თუ არადა, თქვან, რომ მიხეილ სააკაშვილს არაუშავს და საზოგადოებას ნუ ატყუებენ!
_ რადგანაც ალასანიაზე ვსაუბრობთ, მან ისიც აღნიშნა, რომ მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას სთავაზობს ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას?
_ საინტერესოა, თვითონ რა პოლიტიკური მესიჯები აქვს საზოგადოებისთვის? ბოკერიას იმედი აქვს, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმები განხორციელდება? არ მაინტერესებს ირაკლი ალასანია, მე უკვე ვთქვი ის, რაც აუცილებლად უნდა მეცნობებინა საზოგადოებისთვის, რათა ერთ მშვენიერ დღეს, მოსახლეობას არ ეთქვა, რატომ არ ვთქვი ის, რაც იცოდიო.
_ თქვენი პარტიის წევრები ღიად მიანიშნებენ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის ფლანგზე საერთო ფრონტი არ შეიქმნება, სახალხო კრებაში ახალ გაერთიანებას ჩამოაყალიბებთ, ვინ შეიძლება შემოუერთდეს არსებულ ფორმატს?
_ სახალხო კრებაში გარკვეული გაერთიანება უკვე არსებობს, რომელიც შესაძლოა გაფართოვდეს, თუმცა ეს მესამე ცენტრი ვერ იქნება. სახალხო კრება პირველი ცენტრია, რომელიც დაარსების დღიდან, ხელისუფლების წინააღმდეგ თანმიმდევრულად იბრძოდა. დანარჩენი ცენტრები მხოლოდ ახლა იქმნება. ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ ისე, რომ არავინ მოგვიტყუებია. სხვები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას გვპირდებოდნენ, სინამდვილეში კი, გაუარესებული საარჩევნო კოდექსი მივიღეთ. რა თქმა უნდა, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ქართული სპეცნაზი საბჭოთა კავშირის სპეცნაზზე უარესად მოგვექცეოდა, ჩვენი ხელისუფლება კი, როდიონოვზე უარესად იმოქმედებდა... რაც შეეხება ბატონ ბიძინასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუ მისი გუნდი რეალურად იბრძვის ხელისუფლების შესაცვლელად და არა ჩასანაცვლებლად, სახალხო კრებისა და ბიძინა ივანიშვილის გზები ან გადაიკვეთება ან პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ. თუ ივანიშვილის კოალიციაში ბოკერიასა და სააკაშვილის გონიერების იმედად დარჩენილმა ძალებმა გადაძალეს და დაიჯერეს, რომ ობამა თუ სააკაშვილს დაარიგებს, სააკაშვილი მას დაუჯერებს, ასეთ შემთხვევაში, შედგება თუ არა ჩვენს შორის კონსულტაცია, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენი გზები აუცილებლად სხვადასხვა მიმართულებით წავა. ისე, გარწმუნებთ, თუ ხელისუფლებასთან რეალური ბრძოლა გაჩაღდა, ხალხის ძალის დემონსტირებისა და საპროტესტო აქციების გარეშე, ხელისუფლება არსად წავა. სამწუხაროდ, ეს ფაქტია.
_ გინდათ თქვათ, რომ თქვენს გეგმებში ახალი საპროტესტო ტალღის აგორებაც შედის?
_ აქციების ჩატარება ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ რომ შემდგარი სახელმწიფო ვიყოთ და ოპოზიციაც ნორმალური გვყავდეს, დღეს აქცია აქციაზე უნდა ტარდებოდეს. ხელისუფლებას პასუხს უნდა ვთხოვდეთ იმ დრაკონული კანონებისთვის, რომელმაც, დემოკრატიულ პირობებში, არჩევნების ჩატარება შეუძლებელი გახადა. პირველ რიგში, ,,რვიანი'' უნდა ატარებდეს ამ აქციებს, რადგან სწორედ მათი მოქმედების შედეგად მივიღეთ გაუარესებული საარჩევნო გარემო. ასე რომ, ჩემს კრიტიკას თავი დაანებონ და თავიანთი დაპირებები გაიხსენონ. როცა უჩნდებათ კითხვა, ბურჯანაძე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რას აკეთებდაო, კარგად შეადარონ მაშინდელი რეალობა დღევანდელს. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილს მაშინ მსგავსი დრაკონული კანონების მიღება არ უნდოდა? მაშინ ბრძოლის შუაგულში, ერთი ქალი ვიდექი და შემაკავებელი ძალა ვიყავი. კაფანდარა ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ერთი ქალი ვარ, რომლის მისამართითაც ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ისრებს ისროდა. ნამდვილად არ მივტირი ჩემს ძველ პოზიციას, პირიქით, ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე და, მიუხედავად უზარმაზარი წინააღმდეგობებისა, შინაგანი კომფორტი მაქვს. დაწყებულ ბრძოლას კი აუცილებლად ბოლომდე მივიყვან, რათა საზოგადოებას თვალი აეხილოს და ქვეყნის გადასარჩენად სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
27.01.2012
































