<
კომენტარი
არქივის კალენდარი
« მაისი 2012 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
  
ნინო ბურჯანაძე: “ადრე თუ გვიან ჩვენი გზები, შესაძლოა, გადაიკვეთოს” (opinon.ge)

ქალბატონო ნინო, ბიძინა ივანიშვილმა თქვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, არც თქვენ იყავით ამის წინააღმდეგი, თუმცა, ფაქტია, რომ ამ დრომდე შეხვედრა ვერ შედგა. რატომ?

ვერ გეტყვით რა არის ამის მიზეზი. ეს ალბათ  ბატონ ბიძინას უნდა ჰკითხოთ, თუმცა ამაში მე ვერ ვხედავ ვერანაირ განსაკუთრებულ ტრაგედიას. მთავარია, რომ ბრძოლა ხელისუფლების შესაცვლელად, სწორი გზით წავიდეს, ხოლო როდის შედგება შეხვედრა, ეს საკითხი პრინციპული არ არის.

 

თუ იყო კონკრეტული შემოთავაზება, მაგალითად, თუ დაგირეკეს?

არა, ვინ უნდა დამირეკოს. საუბარი შეხვედრაზე რეალურად, არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მხოლოდ სურვილის დონეზე გაცხადებული.

არ ვაპირებ მარჩიელობას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემთვის თვითმიზანი არაა ვინმესთან შეხვედრა. ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ხელისუფლება, დანაშაულებრივი რეჟიმი რეალურად უნდა შეიცვალოს, მთავარია ამ მიმართულებით გადაიდგას სწორი ნაბიჯები. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვადასტურებ, რომ სახალხო კრება, ჩვენი პარტია მზადაა ითანამშრომლოს ყველა იმ ძალასთან და ადამიანთან, რომელიც რეალურად შეებრძოლება დღევანდელ რეჟიმს. ვითანამშრომლებთ მათთან ვინც რეალურად იბრძოლებს, რომ ქვეყანამ მიაღწიოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, ვინც დაინტერესებულია ხელისუფლების შეცვლით და არა ჩანაცვლებით. აქედან გამომდინარე, როდესაც იქმნება სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ მიმართულებით გადადგამს სწორ ნაბიჯებს, შესაძლოა ჩვენი გზები გადაიკვეთოს. პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ, ან კოორდინირებულად ვიმოქმედებთ. შეხვედრა როდის შედგება ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, სწორი ნაბიჯები იქნას გადადგმული.

ამ ფონზე თუ ხართ მზად ითანამშრომლოთ ივანიშვილის კოალიციასთან?

კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ ხელისუფლების ჩანაცვლებაზე და არა შეცვლაზე. იმ ადამიანებთან თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ ბოკერიას, ბენდუქიძის და ახალაიას პირობებში ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდება და ამბობენ, რომ მომავალ პარლამენტში ისინი აკაკი მინაშვილთან, ჩიორა თაქთაქიშვილთან, ნუგზარ წიკლაურთან სიამოვნებით ითანამშრომლებენ. სიმართლე გითხრათ, მათთან თანამშრომლობის სურვილიც არ მაქვს. რაც შეეხება ბატონ ბიძინას, რომელიც ღიად ამბობს, რომ მისი ამოცანაა ქვეყნის გადარჩენა, ხელისუფლების შეცვლა და არა ჩანაცვლება, მასთან და ნებისმიერ სხვა ადამიანთან, ვისაც იგივე მიზანი აქვს თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ.

ალასანიას და რესპუბლიკელებს თქვენთან გარკვეული კითხვები აქვთ

მე კი არანაირი სურვილი არ მაქვს მათთან თანამშრომლობის, ასე რომ კითხვები შეინახონ თავისთვის.

როგორ ფიქრობთ, ეს პოლიტიკური ძალები ხომ არ არიან ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ ივანიშვილთან თქვენი შეხვედრა ვერ მოხერხდა?

ვერ გეტყვით, ეს ბატონ ბიძინას უნდა ჰკითხოთ. მგონი კოალიციაში გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს და არა “რესპუბლიკელები” ან ალასანია.

და მაინც, როგორ გგონიათ, რატომ არის თქვნი ფიგურა მიუღებელი კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის?

არ მაინტერესებს, ეშინიათ კონკურენციის. ერთადერთი ეგ არის.

ზოგი ამას თქვენ რუსულ ვოიაჟებს უკავშირებს, ზოგი ხელუსფლებაში ყოფნას..

რუსეთში დავდიოდი და ვივლი კიდეც, აუცილებლად შევხდები რუსეთის მომავალ პრეზიდენტ პუტინს. მე ძალიან ვაფასებ ამ ურთიერთობას. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემს სამშობლოს გამოადგება ჩემი პირადი ურთიერთობა პუტინთან. მე შემიძლია ამ ადამიანს შევხდე, ვესაუბრო, ჩემი პოზიცია დავუსაბუთო. სასაცილოდ არ მყოფნის მაგ ადამიანების ვითომდა ბრალდებები. ეს ხელისუფლების კლიშე იყო და, რა თქმა უნდა, აიტაცა ოპოზიციამ, მაგრამ დამანახეთ ერთი პრორუსული განცხადება ბურჯანაძის მიერ გაკეთებული. პროქართული რამდენიც გნებავთ. განსხვავებით სხვა პარტიებისგან, მე არ ვაპირებ არც რუსებს, არც ამერიკელებს, არც ევროპელებს და არც ავსტრალიელებს ჩემი ერთგულების მტკიცება დავუწყო.  ყველას ვუმტკიცებ, რომ ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ, ჩემი ქვეყნის ინტერესში დღეს ნამდვილად შედის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. არასოდეს არ შემეშინდება იმის თქმის, რაც ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანად მიმაჩნია. გულზე მჯიღის ცემა, რომ პროამერიკელი  ვარო, ეს ბევრ ქვეყანაში სასაცილოდ არ ეყოფათ. არც პროამერიკელი უნდა იყო და არც პრორუსი, მაგრამ პროქართველი რომ იყო, არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენი ქვეყის ტერიტორიები არის ჩამოცილებული დედა სამშობლოდან. ეს ტერიტორიები დასაბრუნებელია.ამაზე ლაპარაკის არ უნდა გეშინოდეს. არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ქართული ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. არ უნდა შეგეშინდეს, რეტროგრადს დაგიძახებენ, როდესაც იტყვი, რომ დიახ, ოჯახური სიწმინდე არის ძალიან მნიშვნელოვანიო. დიახ, უფროს-უმცროსობა ძალიან მნიშვნელოვანია, დიახ, ქართული მარლმადიდებულური ეკლესია არის ჩვენი პატივისცემისა და თაყვანისცემის საგანი. დიახ, გასაგებია, რომ სადაც ბურჯანაძეა იქ ვიღაცეები თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ, მაგრამ ეს მე ძალიან ნაკლებად მაწუხებს. მე ვიცი ძალიან კარგად ჩემი თავის, ჩემი პარტიის, ჩემი თანაგუნდელების ბრძოლის ფასი.

ივანიშვილის კოალიცია საერთაშორისო დონეზე მუშაობს არჩევნებთან დაკავშირებითთქვენ არჩევნების გზის არ გჯერათ..

მე ეს არასოდეს მითქვამს. ყოველთვის ვამბობდი არჩევნებით უნდა შევცვალოთ ხელისუფლება, მაგრამ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები უნდა მოვიპოვოთ ავტოკრატიული ხელისუფლების ხელში. ამ გარემოში არჩევნებს აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ნამდვილად მოიგებს “ნაციონალური მოძრაობა”. “რესპუბლიკელებს” ნამდვილად აქვთ გამოცდილება საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური მუშაობის, ბიძინა ივანიშვილი ახლახან შემოვიდა პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” დიპლომატებით არის დაკომპლექტებული, პოლიტიკური გამოცდილება საერთაშორისო არენაზე მუშაობის მაინც სხვა რამეა. იმედია, გამოცდილებას აქ მე ვერ დამიწუნებენ ჩემი პოლიტიკური ოპონენტები. კარგად ვიცი რისი მიღწევა შეიძლება საერთაშორისო არენაზე. ძალიან სერიოზულად მუშაობდნენ “ბურჯანაძე- დემოკრატები” და “ნაციონალური მოძრაობა” 2003 წლის არჩევნების წინ საერთაშორისო არენაზე, მაგრამ პირადმა მეგობარმა, ბეიკერმაც კი ვერ მიაღებინა გადაწყვეტილება ედუარდ შევარდნაძეს, როდესაც მან ჩათვალა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელი იყო. მით უმეტეს სააკაშვილზე არ იმოქმედებს არანაირი ზეწოლა თუ ქვეყნის შიგნით არ იქნა აქტიური მონაწილეობა. რას ნიშნავს საერთაშორისო არენაზე სერიოზული მუშაობა? ეტყობა სააკაშვილის ვიზიტს თუ როგორ მუშაობდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც ამერიკაში დადიოდნენ. ერთი კითხვის დასმა მაინც უნდა მოეხერხებინათ სააკაშვილისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრებია, თუმცა, როგორ დასვამდენ ამ კითხვას, როდესაც თავად ამ პარტიების ლიდერები ხმას არ იღებენ საერთოდ პოლიტპატიმრების არსებობაზე. თუ არ იქნა ქვეყნის შიგნით სერიოზული აქტიურობა, მათ შორის ქუჩის აქციებითაც, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას არჩევნები ჩაატაროს რეალურად თავისუფალ გარემოში, ვერანაირი საერთაშორისო წნეხი სააკაშვილს სხვა ნაბიჯებს ვერ გადაადგმევინებს. თქვენც კარგად გახსოვთ თვითმმართველობის არჩევნების დროსაც ასე გვპირდებოდნენ ივანიშვილის კოალიციაში შემავალი ძალები, რომ დასავლეთი აიძულებს სააკაშვილს და ”ნაციონალურ მოძრაობას” თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. ვეკითხები მათ – თავისუფალი და დემოკრატიული იყო ადგილობრივი არჩევნები?

დღეს ამბობენ რომ არაო, თუმცა თავის დროზე მიულოცეს გამარჯვება. მაშინ თუ ვერ მოახერხეს რომ დასავლეთს ეიძულებინა სააკაშვილი არჩევნები ჩაეტარებინა ისე, როგორც საჭიროა, ახლა რა აძლევთ ამის გარანტიას?

მაშინ რა უნდა გააკეთოს ხალხმა და ოპოზიციამ, გარემო როგორ უნდა შეიცვალოს?

მარტივად, ჩემო კარგო. მილიონ 200 000 კაცი გამოვიდა ქუჩაში ესპანეთში, როდესაც კონსტიტუციაში ჩაწერეს მუხლი, რომელიც ხალხისთვის მიუღებელი იყო, ჩვენ ქართველები რა ესპანელებზე უფრო დემოკრატიულები, კანონმორჩილები, ცივილიზებულები ვართ, თუ რომის პაპზე მეტი კათოლიკეები გავხდით?! მილიონ 200 000 კაცი გამოვიდა ქუჩაში და გააპროტესტა კანონი. ჩვენი ხელისუფლება რომ პანტა-პუნტით იღებს კანონებს, რომლის მიღებაც, სხვათა შორის, ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროსაც უნდოდათ, მაგრამ ვერ გაბედეს. აი ახლა, ზუსტად 5 წუთის წინ ვიდრე თქვენ მოხვიდოდით მოვაწერე ხელი კონტროლის პალატაში გასაგზავნ ინფორმაციას მარტო იმიტომ, რომ ერთმა ადამიანმა პარტიაში შემოიტანა შემოწირულობა. მეტი საქმე არა მაქვს მე ასე თითო-თითო ადამიანის შემოწირულობის ინფორმაცია ვაგზავნო? ყველა პარტიამ სპეციალური ფინანსური სამსახური უნდა შევქმნათ, რომ არ გამოგვეპაროს თითო ადამიანის შეტანილი საწევროს შესახებ ინფორმაციის გაგზავნა? ვინ ეკითხება კონტროლის პალატას ჩემს პარტიას ვინ რამდენს შემოწირავს. ეს არ არის კონტროლის პალატის საქმე. ეს ხომ პირდაპირ ანტიკონსტიტუციური მუხლია. ამაზე მოსახლეობა და პოლიტიკური პარტიები ხმას არ უნდა იღებდნენ?!  როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ელემენტარულად წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდის ჩატარება, როცა ნებისმიერი შენი დაპირება შეიძლება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაგითვალონ და შეიძლება შენც დაგიჭირონ და ის ადამიანებიც, რომლებიც იტყვიან, რომ ეს პარტია კარგია, თუ ხელისუფლებაში მოვაო. გეკითხებით, ამ გარემოში რა არჩევნები უნდა ჩაატარონ, ამიტომ რეალურად უნდა შევხედოთ სიმართლეს. დღეს ხელისუფლება პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ის არ აპირებს, სააკაშვილმა გითხრათ, რომ 17 წლის შემდეგ დავიწყებ მემუარების წერასო, ვისაც უნდა რომ სააკაშვილი 17 წელი დარჩეს კიდევ ხელისუფლებაში, შეუძლია მშვიდად იჯდეს, დაელოდოს არჩევნების თარიღს, მივიდეს არჩევნებზე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არაფერი არ შეიცვლება.  “ნაციონალური მოძრაობა” მიიღებს იმ 65 პროცენტს,  რომელსაც ყოველდღე ცხვირწინ გვიტრიალებენ სახელისუფლო არხები და აჩვევენ როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ასევე მსოფლიო თანამეგობრობას, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მოსახლეობის 65 პროცენტი უჭერს მხარს.

თქვენ როგორ ფიქრობთ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად ხალხი მზად არის ქუჩაში გამოვიდეს?

არა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ხალხს ატყუებდნენ ბოლო ორ წელიწად ნახევრის განმვლობაში. აცხადებდნენ თარიღებს, ხან 25 დეკემბერს ეტყოდა სააკაშვილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე თანხმობას, ხან 30 მაისს, ხან პირველ სექტემბერს. ხალხს ეუბნებოდნენ, ხან 8-იანი ხან 6-იანი მოიპოვებს თავისუფალ საარჩევნო გარემოსო, მაგრამ დღეს მივიღეთ გაცილებით უარესი საარჩევნო გარემო, ვიდრე ეს იყო ორი წლის წინ. ამაზე პასუხი არავინ არ უნდა აგოს?! ორი წელი რომ ხალხს ატყუებდნენ, თქვენ მშვიდად იჯექით, გავაუმჯობესებთ საარჩევნო გარემოსო, არ გახვიდეთ ქუჩაში, სახალხო კრებას არ დაუჯეროთო, კაბინეტებში სააკაშვილთან სახე გაბადრულები იყვნენ, რომ საააკშვილმა ხელი ჩამოგვართვა და ამით მივაღწევთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასო. დღეს რომ პრინციპულად გაუარესებული  გარემო მივიღეთ, საზოგადოებას ამაზე პასუხი არავინ უნდა გასცეს?!

ამ საარჩევნო გარემოში რა შანსები აქვს ოპოზიციას?

არანაირი შანსები ოპოზიციას არა აქვს. ასე თუ გაგრძელდა, მე არ ვიცი, რა აქვს ჩაფიქრებული ბატონ ბიძინას შემდგომი ნაბიჯების თვალსაზრისით, მაგრამ თუ პროცესები ასეთი დინამიკით გაგრძელდა, თუ გაჟღერდება განცხადებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბატონ ბიძინას არ ეკუთვნის, მაგრამ კოალიციის ცალეკული წევრები აკეთებენ, სააკაშვილი ძალიან დიდი ხნით დარჩება ხელისუფლებაში. მაგრამ თუ არის ჩაფიქრებული რაიმე სტრატეგიული, ან ტაქტიკური ნაბიჯები, რომელიც პრინციპულად შეცვლის დღეს არსებულ რეალობას, რაიმეს შეცვლის შანსი არსებობს.

რაც შეეხება არჩევნებში თქვენს მონაწილეობას, გავრცელებული ინფორმაციით, კახა კუკავასთან და ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად აპირებთ კოალიციის შექმნას. იგეგმება თუ არა რეალურად მსგავსი გაერთიანების ჩამოყალიბება?

არანაირი ასეთი ინფორმაცია გავრცელებული არ ყოფილა, ეს მხოლოდ ჭორები იყო, ვიდრე ეს საარჩევნო გარემო გვაქვს კოალიციაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. არაერთგზის მითქვამს, შემიძლია შეგახსენოთ სახალხო კრების 2010 წლის 29 სექტებრის დოკუმენტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და ამისთვის ვიბრძვით. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტია იქმნება იმისათვის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას აზრი უნდა ჰქონდეს. არჩევნები საბჭოთა კავშირშიც ტარდებოდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. თუ ჩვენ, რეალური ოპოზიცია, შევძლებთ იმას, რომ მართლაც ვიბრძოლოთ თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად, თუ შევძლებთ იმას, რომ ერთი ტელეარხი მაინც იარსებებს ნაციონალური მასშტაბით, რომელიც ადამიანს მართალ სიტყვას მიუტანს, სადაც ბურჯანაძეს, ივანიშვილს, რესპუბლიკელს, თავისუფალ დემოკრატებს, კუკავას თუ ნებისმიერ სხვას, მიუხედავად იმისა ამ არხის მფლობელს მოსწონს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის პოზიცია, ყველა განსხვავებული აზრის მიტანა იქნება შესაძლებელი მოსახლეობამდე, სადაც მოსახლეობა გაიგებს, რომ სააკაშვილი ყოველი ფეხის ნაბიჯზე იტყუება არჩევნებს აზრი ექნება. მაშინ შეიძლება არჩევნები თუ პოლიტიკურ პოლიციაში მახინჯი სისტემის გადატეხვას შევძლებთ.. პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ ნამდვილად შემოიტანა იმედი იმისა, რომ მინიმალური რესურსი ოპოზიციის ნაწილს მაინც ექნება, ეს ყველაფერი გარკვეულწილად შეიძლება ერთმანეთს დაემატოს და მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლების უზარმაზარი უპირატესობა გადატყდეს. თუ ეს ყველაფერი არ მოხდა, მაშინ გარწმუნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მიიღებს იმას, რაც მიიღო ადგილობრივი თვიმარველობის არჩევნების დროს, როდესაც ოპოზიციამ მას ჩამორეცხა არადემოკრატიული პრეზიდენტის იმიჯი. ახლა კიდევ უფრო გაათეთრებენ, კიდევ უფრო გაალამაზებენ და ასე ვთქვათ, დემოკრატ სააკაშვილს ჩვენ კიდევ დიდი ხანი ვუყურებთ ტელეეთერებში.

შეგვიძლია თქვენი ნათქვამი გავიგოთ, რომ ასეთ გარემოში არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავთ?

თუ ეს ასე დარჩა, ძალიან საეჭვოა, ჩვენ რეალურად არჩევნებზე ვილაპარაკოთ, თუ არაფერი არ შეიცვალა არჩევნებში მონაწილეობას უბრალოდ, აზრი არა აქვს. მე სხვა რამეს გკითხავთ – შეიძლება მე შევიცვალო ჩემი დამოკიდებულება თუ ჩვენი კოლეგა ოპოზოციონერები მეტყვიან ამ სარჩევნო გარემოში რა მექანიზმით აპირებენ ისინი ელემატარულად ხალხისათვის ინფორმაციის მიტანას და შიშის სინდრომის მოხსნას. ადამიანებს უნდა დაანახონ როგორ აპირებენ მეორე ადგილზე გასვლას კი არა არჩევნების მოგებას. დავუშვათ ჩვენ ყველანი წავედით არჩევნებზე და აღმოჩნდა, რომ სააკაშვილმა ისევ მოგვატყუა, მაინტერესებს ჩვენი პარტიის გარდა, ვინმე აპირებს ხმების დასაცავად ბროლას?! თუ ისევ გაიქცევიან სააკაშვილთან, ხელს ჩამოართმევენ, მიულოცავენ კიდევ ერთ წინ გადაგმულ ნაბიჯს დემოკრატიის მიმართულებით, შევლენ და დასხდებიან პარლამენტში.

აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდით. ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაციები თქვენი უცხოური ვიზიტების შესახებ, როგორც ევროპაში, ასევე რუსეთში, თუმცა, ბოლო დროს, მსგავსი ინფორმაციები აღარ გავრცელებულა, რას უკავშირდება ეს და ხომ არ აპირებთ უფრო გაქტიურებას?

ცოტა ხნის წინ მე ვიყავი დაოსში, საინტერესო შეხვედრები მქონდა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. რამდენიმე სერიოზულ ღონისძიებაზე მქონდა შეხვედრები, როგორც პოლიტკოსებთან, ასევე მედიასთან და ექსპერტებთან, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით არ ვაანონსებთ ამ შეხვედრებს იმ მარტივი მიზეზი გამო,  რომ ხელისუფლება ხარჯავს მილიონებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ჩემს შეხვედრებს სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან. უხერხულ მდგოარეობაში აყენებენ ადამიანებს, რონლებსაც უმაღლესი თანამდებობის პირები ურეკავენ პირდაპირ და ეუბნებიან, არ შეხვდეთ ბურჯანაძეს, ძალიან გთხოვთ არ ესაუბროთო. ბუნებრივია, რომ ეს ხალხი ვარდება უხერხულ მდგომარეობაში. მე ამით ისინი ხელს ვერ მიშლიან, უბრალოდ, პრობლემებს ქმნიან იმ თვალსაზრისით, რომ ზოგჯერ ვიზიტის გადადება მიწევს, ან აღარ თქმა იმ მაღალი რანგის ადამიანების გვარებისა, რომლებსაც ვხდები.

არ არის პრობლემა, მე რეკლამა არ მჭირდება. ნებისმიერ თანამდებობის პირს შემიძლია შევხდე, ამის შესაძლებლობას იძლევა ჩემი განვლილი ცხოვრება. მე ამერიკაშიც, ევროპაშიც და დსთ-ს სოვრცეშიც ძალიან კარგად მიცნობენ. ჩემთვის მთავარია, ეს საქმიანი შეხვედრები შედგეს რომ მიზანი იქნეს მიღწეული.

სახალხო კრების დაკავებულ წარმომადგენლებთან დაკავშირებით უნდა მიგემართათ სტრასბურგის სასამართლოსთვის. რა ხდება ამ მიმართულებით და ასევე მაინტერესებს ბადრი ბიწაძის პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებით საქმე რა ეტაპზეა?

არცერთი პოლიტიკური პარტია, პრაქტიკულად მცირე გამონაკლისის გარდა, არ ლაპარაკობს საქართველოში პოლიტპატიმრებზე და არც კი ახსენებს 26 მაისის შემდეგ 40-მდე ადამიანს, რომელიც დღეს სისხლის სამართლის კანონდმებლობით იხდის სასჯელს და ზოგი ელოდება განაჩენს. სამარცხვნოა უბრალოდ. შენ თუ დემოკრატი ხარ, არ შეიძლება დაყო პოლიტპატიმრები შენს და სხვის პატიმრებად. ჩვენ ეს არასოდეს არ გაგვიკეთებია, მეტიც, სამსარცხვინო ფაქტს გაგახსენებთ, როდესაც კახა კუკავას ინიციატივით ჩატარდა სასტუმრო “რედისონში” პოლიტპატიმრებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სადაც მარტო სახალხო კრების წარმომადგენლები ვიყავით, მათ შორის, პარტიებიდან “დემოკრატიული მოძრაობა”, “თეთრები”, გია ჟორჟოლიანის პარტია და “ფორუმიდან” გუბაზ სანიკიძე. ეს სამარცხვინო ლაქა ნამდვილად აქვს ძალიან ბევრ ოპოზიციონერს. 19 საქმე სტრასბურგში უკვე წავიდა, დანარჩენი წარმოების პროცესშია. რაც შეეხება ჩემს მეუღლესთან დაკავშირებულ საკითხს, პროცედურები მიმდინარეობს, უზენაეს სასამართლოს ბადრი ბიწაძის სარჩელი ჯერ არ განუხილავს. როგორც კი გადაწყვეტილება იქნება ავტომატურ რეჟიმში გადავაგზავნით სტრასურგში. ყველა წინასწარი ინფორმაციით ვიცით, რომ ეს საქმე წარმატებით დასრულდება. რაც შეეხება თქვენს შეკიხვას პოლიტიკურ თავშესაფართან დაკავშირებით, მე ზოგადად ამ თემაზე არ ვსაუბრობ, თუმცა მე ერთი შემიძლია გითხრათ, ყველა ევროპულ ქვეყანაში იციან, რომ ბადრი ბიწაძე არის პოლიტიკური დევნილი და ის აბსოლუტურად უსაფრთხოდ და ლეგალურად იმყოფება იქ სადაც იმყოფება.

თქვენ კარგად იცნობთ მიხეილ სააკაშვილს, რამდენად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტმა არჩევნებამდე თაბამდებობა დატოვოს და ნაციონალური მოძრაობის სიას ჩაუდგეს სათავეში და როგორ ხედავთ სააკაშვილის პოლიტკურ მომავალს?

სააკაშვილი არ წავა ხელსუფლებიდან. ამ გარემოში სააკაშვილი დარჩება ხელისუფლებაში. ნებისიერ სცენარს გამოიყენებს, რომელიც მოეხასიათება, რომელიც უფრო მომგებიანი იქნება მისთვის. ხელი უნდა გავანძრიოთ და ვიბრძოლოთ ქვეყნის გადასარჩენად. ქვეყანა არის უმძიმეს მდგმარობაში და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე წლით დარჩენა უახლოესი მომავლის პერსპექტივას დაუკარგავს საქართველოს.

06.02.2012
 
მნიშვნელოვანი ვიდეო
ნინო ბურჯანაძე:
მე არავის ვაპატიებ ჩემი და ჩემი თანამებძოლების შეურაწყოფას და ღირსების         შელახვას
"სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ, რომელმაც 2011 წლის 26მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს თვალი დაკარგა, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის,ბ-ნი გიუნტერის სახელზე წერილი შეიტანა(08.05)


ნინო ბურაჯანაძე მედიაკავშირ ,,ობიექტივში'' (02.05.2012)


,,დემოკრატიულ მოძრაობასა'' და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა (13.03.12)

სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს განცხადება(12.03.12)

ნინო ბურჯანაძის კომენტარი (09.03.12)

ნინო ბურჯანაძის ბრიფინგი (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ (07.03.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ "Інтер+"-თან (03.03.12)

შალვა ოგბაიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

გია კობახიძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (01.03.12)

დემოკრატიული მოძრაობა გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა" (29.02.12)

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)


ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

თამარ ცინცაბაძის ბრიფინგი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით (29.02.12)

ზაზა სოფრომაძე კავკასიის ეთერში

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში (16.02.12)

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ დანელიას ბრიფინგი (17.02.12)

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში (16.02.12)

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ეთერში (15.02.12)

ნინო ბურჯანაძის ინტერვიუ

მამუკა აჩბას ბრიფინგი 13.02.2012

ბესო ტაბატაძის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძის კომენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივასთან დაკავშირებით

,,დემოკრატიული მოძრაობის'' ახალგაზრდული ფრთის ბრიფინგი

ნინო ბურჯანაძე ობიექტივში 07.02.2012

,,დემოკრატიული მოძრაობის'' წევრის მამუკა აჩბას ბრიფინგი ობამა-სააკშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით

ზაზა სოფრომაძის ბრიფინგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით

„დემოკრატიული მოძრაობა“: მტკვრის კალაპოტის შესაძლო შეცვლა ჩვენს ქვეყანას ეკოკატასტროფის წინაშე აყენებს

ვახტანგ ყოლბაიას ბრიფინგი "Human Rights Watch"ის გამოხმაურებაზე 26 მაისთან დაკავშირებით

ნინო ბურჯანაძე ,,პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში

ნინო ბურჯანაძე მაესტროს ეთერში 20.01.12

დემოკრატიული მოძრაობის წევრის ბესიკ ტაბატაძის ბრიფინგი: პატიმრების რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, ევროპაში კი პირველ ადგილს იკავებს

,,დემოკრატიული მოძრაობა'' გადაცემაში ,,თავისუფალი ტრიბუნა'' - 27.12.11

ნინო ბურჯანაძემ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრებმა ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრეს

,,სახალხო კრების'' აღმასრულებელმა საბჭომ რეგიონალურ და რაიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა