დღეს საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად სასამართლოში ისადაც საგანგაშო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მნიშვნელოვნად გართულდა მოსარჩელე იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და მათი წარმომადგენლების სასამართლოში დაბარების წესები.
სასამართლოს კანცელარიის თანაშმრომელს აბსოლუტურად უკანონოდ ეძლევა უფლება უარი თქვას სარჩელის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხსენებული დოკუმენტი მიღებულია საფოსტო გზავნილის მეშვეობით, მოსარჩელე ხდება ვალდებული, ჩააბაროს მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, პირველი ინსტანციის სასამართლოს აღარ გამოაქვს ხარვეზის შესახებ განჩინება, აღარანაირ განმარტებას არ აკეთებს იმ მოქალაქეებისთვის რომელთაც სარჩელი შეაქვთ კვალიფიციური იურისტის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან არ აქვთ მათი დაქირავებისთვის აუცილებელი ხარჯები.
ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სოციალურად დაუცველი ფენისთვის სასამართლოს მეშვეობით საკუთარი დარღვეული უფლების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, ხოლო შედარებით შეძლებული ფენისთვის კი მნიშვნელოვნად გართულდა, როგორც ფინანსური ასევე სხვა კუთხითაც.
განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ სოციალურად დაუცველ ფენებზე, ვინაიდან ხსენებული ცვლილებების მიხედვით თუკი პირი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან იმიტომ, რომ მას არ აქვს ამის ფიუნანსური შესაძლებლობა, სასამართლო მას მაინც ავალდებულებს სარჩელის და თანდართული მასალების ასლების საკუთარი ხარჯებით ჩააბაროს მოპასუხეს, ანუ სოციალური დაცვის ხარისხი ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ნულის ტოლია, ვიანიდან მას ამის საშუალება არ აქვს.
აქედან გამომდინარე, სოციალურად დაუცველი პირისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია თავისი უფლების სასამართლოს მეშვეობით დაცვა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ კატეგორიულად მოითხოვს დაუყოვნებლივ შევიდეს ცვლილებები კანონში და აღნიშნული ხარვეზი სასწრაფოდ აღმოიფხვრას.
































