ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან„ევროკავშირის ელჩებთან ასეთი ტიპის შეხვედრებს აზრი რომ არ ჰქონდეს, შეიძლება დროც არ დამეკარგა. ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია. მათ განსხვავებული აზრი უნდა მოისმინონ.
ჩვენთან საუბრისას ელჩებმა კონკრეტული ინფორმაცია დააფიქსირეს, რომელიც ჩვენთვის ძალინ საინტერესო იყო. ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, როცა ერთ-ერთმა ელჩმა ბრძანა, რომ სააკაშვილმა მასთან საუბრის დროს ილაპარაკა დემოკრატიის მეორე ტალღაზე და მიღწეულ წარმატებაზე. მე არ ვიცი, თქვენ ხედავთ თუ არა ახალ ტალღებს, მაგრამ ჩვენ, ოპოზიციამ, ერთხმად აღვნიშნეთ, რომ დემოკრატიული მიმართულებით არანაირი ტალღები არ არის, ხოლო ტალღები ანტიდემოკრატიული მიმართულებით ნამდვილად არსებობს და ამის კონკრეტული მაგალითებიც მოვიყვანეთ. საქართველოსადმი კეთილგანწყობის მიუხედავად, ამ ადამიანებმა ბევრი რამ არ იციან, ამიტომ ამ ტიპის ინფორმაციების მიწოდებას ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს.
არანაირი მნიშვნელობა არ იქნება თარხნიშვილის ადგილს ვინ დაიკავებს. როცა ტელევიზიები ხელისუფლების ხელშია და არ არსებობს თავისუფალი სასამართლო... სახეების სიმბოლური შეცვლით ჯამი არ იცვლება.
ნამდვილად არ მინდა გითხრათ, რომ ვინმე სააკაშვილთან შეკრულია, მაგრამ არის ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები, რომლის პოზიციაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. არის ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც, ალბათ ჯერ კიდევ გულწრფელად სჯერა, რომ შეიძლება შიდა ან დასავლეთის ზეწოლით გარკვეული ცვლილებები იქნეს მიღწეული სააკაშვილის პირობებში. სააკაშვილთან ურთიერთობის საკმარისი გამოცდილება მაქვს, რომ ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, ასეთი ცვლილებები არ იქნება. როგორც უშიშროების საბჭოების სხდომაზე სიარული გადაიფიქრეს, რადგან დაინახეს, რომ აზრი არა აქვს და ეს მხოლოდ სააკაშვილის პიარს ემსახურება, ასევე იქნება არჩვენებთან დაკავშირებითაც.
დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ალიანსი“ დარწმუნდება, რომ ადგილობრივ არჩევნებზე წასვლა ვერ გადაწყვეტს არსებულ პრობლემებს, მით უმეტეს, სააკაშვილი არანაირ დათმობაზე არ წავა. ასე რომ, ვფიქრობ, ისინიც შეურიგებელთ რიგებში აღმოჩნდებიან“.
„ალია“; 14.11.09; ავტ. ნინო სამხარაძე;გვ.3
































