ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან„ის, რომ დღეს არანორმალური პრეზიდენტი გვყავს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ავირჩიოთ. სანამ ჩვენ სწორი კრიტერიუმებით არ შევარჩევთ, ვინ რა საქმე უნდა აკეთოს, მანამ ვიქნებით ამ დღეში. როცა მიდიხარ საარჩევნო ურნასთან, პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღო ძალიან პრაგმატულად. შეიძლება კატეგორიულად არ მოგწონდეს ადამიანი, მაგრამ უნდა განსაზღვრო, რისი მოტანა შეუძლია ამ ადამიანს ქვეყნისათვის.
მე ვუსვამ კითხვას ყველას, ვინც მეუბნება, რომ მერის არჩევნებით გადაარჩენს ქვეყანას: ხვალ რომ სააკაშვილმა საომარი მდგომარეობა და ომი გამოაცხადოს, მერე რას იზამს?! მთავარსარდლის ბრძანებას გააუქმებს?!
სააკაშვილს დღეს ძალიან კარგად ესმის, რომ მის კისერზე ყულფი თანდათან ვიწროვდება. თუ ადრე რუსები არ ელაპარაკებოდნენ, დღეს თითქმის არავინ ელაპარაკება მსოფლიოში. 13 თებერვლის გადაცემის შემდეგ მას უკვე არც ერთი თავმოყვარე ადამიანი, პოლიტიკოსი არ დაელაპარაკება. მისი ერთადერთი გადარჩენა არის, რომ მას ერქვას რუსეთის ტანკების მიერ გაგდებული პრეზიდენტი.
სამწუხაროდ, შევარდნაძემ ბევრი საბედისწერო შეცდომა დაუშვა, მაგრამ უდავოდ ძალიან დიდი პოლიტიკოსი იყო, რასაც ვერავინ უარყოფს. სხვათა შორის, მან ფუნქცია შესძინა ქვეყანას, რომელიც სააკაშვილმა პრაქტიკულად გააცამტვერა და წყალში გადაყარა. ამიტომ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ამ ქვეყნის პრობლემა სააკაშვილია და იგი დროზე უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, სანამ მთლიანად დაღუპავს საქართველოს“.
„რეზონანსი“; 24 მარტი; ავტ.ნინო ცხოიძე; გვ.3
































