ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან„უცხოელი პოლიტიკოსები შოკში ჩავარდნენ, როდესაც მოისმინეს, რომ დღევანდელი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის 88% არის ამომრჩეველი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, თურმე, ბავშვები არ გვყავს!..
მე შემიძლია გითხრათ, რომ არა მარტო ამ თემასთან დაკავშირებით, არამედ სხვა თემებთან დაკავშირებით, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ჩვენი უცხოელი მეგობრების მიდგომები აბსოლუტურად განსხვავებულია, ვიდრე ეს ერთი წლის წინათ იყო. მათ ძალიან კარგად იციან საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ და კიდევ უფრო მეტი დეტალი აინტერესებთ.
გვეკითხებიან გამოუძიებელ საქმებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ რეპრესიებთან დაკავშირებით, მედიის არარსებობასთან დაკავშირებით. მე ვისარგებლე შემთხვევით და ევროპარლამენტის დეპუტატებს გადავეცი კონკრეტული განცხადება ჩემი პარტიის წევრის - ვასილ ბალახაძისა და იმის შესახებ, რომ მას რუსთავის კუდ-ის უფროსი - ლევან ტყეშელაშვილი, უბრალოდ, არ აძლევს მოსვენებას და ემუქრება, რომ, თუკი ქუჩაში დაინახავს, აუცილებლად ნარკოტიკს ჩაუდებს. მე „ალიას“ საშუალებით ვაფრთხილებ ლევან ტყეშელაშვილს, რომ მისი უმსგავსო საქციელი რეაგირების გარეშე არ დარჩება და გაფრთხილდეს.
არჩევნები უკვე გაყალბებულია!.. თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს, ბატონ გიგი უგულავას აბსოლუტურად გზა ხსნილი აქვს და ყველა ეთერი მას აქვს დათმობილი.
დიპლომატებთან შეხვედრას ძალიან დიდი აზრი აქვს, იმიტომ, რომ მსოფლიოს საერთაშორისო აზრი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები იქნას გადადგმული. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - ის მოლოდინი, რომ ვინმე ჩვენს მაგივრად ამ ხელისუფლებას შეცვლის, არის ფუჭი!..
ჩვენს მაგივრად არც ნორმალურ არჩევნებს ჩაატარებს ვინმე და არც აფხაზეთსა და ცხინვალს დაიბრუნებს!..“
„ალია“; 30-31მარტი; ავტ.დიტო ჩუბინიძე; გვ.3
































