ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან
„ოპოზიციის და პირადად ჩემს წინააღმდეგ შეგნებულად იყო გამოყენებული შავი პიარი. რა თქმა უნდა, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ველოდი, რომ შავი პიარის ძალიან დიდი ტალღა წამოვიდოდა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი სააკაშვილის მხრიდან ასეთ უპასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე! არა მგონია, ვინმეს სჯეროდეს იმ სისულელის, რომ ეს ყველაფერი „იმედის“ ჟურნალისტებმა სააკაშვილისგან დამოუკიდებლად გააკეთეს!
რაც არ უნდა შეეცადოს სააკაშვილი, ჩემთან დაკავშირებით ვერასოდეს იპოვის ვერანაირ დასაბუთებულ ბრალდებებს იმისა, რომ მე ოდესმე ქვეყნის ინტერესები შევლახე, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და სააკაშვილი რაც უნდა ეცადოს, რაც უნდა გამოაცხადოს კუდიანებზე ნადირობა, ამის ლეგიტიმურ საფუძველს ვერანაირად ვერ შექმნის! სააკაშვილს პანიკურად ეშინია ჩემი და ეს უკვე მარაზმში გადაუვიდა!
სერგო ორჯონიკიძე ვინ არის და ვინ ითამაშა სერგო ორჯონიკიძის როლი, ამას ისტორია და ქართველი ხალხი მისცემს შეფასებას! მე ნამდვილად არ მაინტერესებს იმ უთავმოყვარეო ხელისუფლების აზრი, რომელმა ხელისუფლებამაც დააქცია და დაშალა ეს ქვეყანა! ამ ხელისუფლებამ თავისი უთავბოლობით და უტვინობით საქართველოს რუკა შეცვალა და დღეს ამ ხელისუფლებას არანაირი უნარი არ შესწევს, რომ ქვეყნის პრობლემები მოაგვაროს!
რუსეთის ხელისუფლებას ესმის, რამდენად აწუხებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს გულშემატკივარ პოლიტიკოსებს ის პრობლემები, რომლის წინაშე ცდღეს საქართველო დგას. მე დავინახე, რომ შესაძლებელია რუსეთის ხელისუფლებასთან საუბრის დაწყება და რეალური გზების ძიება იმ შემთხვევაში, თუ ილაპარაკებ ადამიანური ენით, დაიცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და არავის შეურაცხყოფას არ მიაყენებ.
სააკაშვილი დღეს დგას ერთადერთ რამეზე - ანტირუსულ ისტერიაზე და იმაზე, რომ ხალხი დაზაფროს, შეაშინოს და ათქმევინოს, ოღონდ ნუ იქნება ომი და იყოს სააკაშვილის ხელისუფლებაო.
მე ვიცი პუტინის აზრი სააკაშვილთან დაკავშირებით და არც პუტინისთვის არის უცხო ჩემი აზრი სააკაშვილზე. ჩვენ გვქონდა საუბარი გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ეხება რეალურ პრობლემებს და იმ ჩიხს, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები აღმოჩნდა.
პუტინის ჯიბრზე თვალი უნდა დავხუჭოთ იმ სისულელეებზე, რასაც სააკაშვილი აკეთებს? უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა კიდევ უფრო დიდ ჩიხში შევა? ან იქნებ საქართველოს მოსახლეობამ თავად უნდა მოსთხოვოს პასუხი სააკაშვილს იმისათვის, რაც მან ქვეყანას დამართა?
მოდით, ჩვენ მოსახლეობას პირდაპირ ვუთხრათ, რომ დღეს სწორედ სააკაშვილმა დაკეტა საქართველოსთვის ნატო-ს გზები, ეს არის რეალობა.
სააკაშვილი დღეს ხელისუფლებას ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ საკმარისად აქტიურები, იმიტომ, რომ ოპოზიცია არის დაქსაქსული და ვერ გაერკვა ოპოზიცია იმაში, რომ ადგილობრივი არჩევნები არ არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა.
ახლა ის საკითხი კი არ დგას, ვინმეს სააკაშვილი მოსწონს თუ არა, ახლა დგას ქვეყნის გადარჩენის საკითხი და გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი რაც მეტხანს დარჩება ხელისუფლებაში, მით უფრო დავშორდებით აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემის მოგვარებას და მით უფრო შეუქცევადი გახდება ქვეყნის იზოლაციის პროცესი! თუ ვინმემ შეზღუდა საქართველოს სუვერენიტეტი, ეს პირველ რიგში, სააკაშვილმა და მისმა უტვინო გარემოცვამ გააკეთა!
ვისაც რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტები აქვს, ყველას მტერს რომ ეძახიან, ძალიან საინტერესოა, თვითონ რატომ უმალავენ ხალხს რა კონტაქტები აქვთ რუსეთის ხელისუფლებასთან?!
და, საერთოდ, ვინ ლაპარაკობს დღეს სერგო ორჯონიკიძეობაზე, ის ხალხი, ვინც პატრიარქის თხოვნით რუსეთის პრეზიდენტის მიერ პერევიდან გაყვანილი რუსული ჯარი უკან შემოაბრუნა? ეს ხალხი უწოდებს სხვებს სერგო ორჯონიკიძეს?
სწორედ სააკაშვილის ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ დღეს ახალგორში, კოდორში, პერევში, მამისონში დგას რუსეთის ჯარი!“
„ასავალ დასავალი“; 15-21 მარტი; ავტ.ჯაბა ხუბუა; გვ.6
































