ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან„ძალიან უცნაურად მეჩვენება, რომ ოპოზიციონრები ძირითადად ერთმანეთის ლანძღვა-გინებისათვის დროს პოულობენ, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად ვერ იცლიან. სხვათა შორის, ისიც ძალიან მიკვირს, რომ ბოლო პერიოდში გია ცაგარეიშვილი ნაკლებად იცლიდა ჩემი კრიტიკისათვის. ეტყობა „ალიანსში“ მისმა გადაბარგებამ მისთვის ადგილის დამკვიდრების პრობლემა შექმნა და გადაწყვიტა, რომ კვლავ ჩემი მისამართით გამოისროლოს ისრები. მასაც და ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მონაწილეობს და ვისაც მართლა სურს, რომ რეალურად ოპოზიციური საქმე გააკეთოს, ყველას ვურჩევ, რომ ოპოზიციის კრიტიკას თავი გაანებონ და აკრიტიკონ ხელისუფლება.
წავიკითხე გაზეთი „ახალი ვერსია“, სადაც ბატონ დავით გამყრელიძის ინტერვიუმ, სიმართლე გითხრათ, ჩემი აღშფოთება გამოიწვია. ბატონ დავით გამყრელიძის ვერსიით, აღმოჩნდა, რომ თურმე 9 აპრილი მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს სდომია და ეს გამოსვლები ქვეყნისათვის საჭირო არ იყო. დავუშვათ, ასე იყო... თუ ასე იყო, მაშინ რატომ ჩაერთო „ალიანსი“ და თავად დავით გამყრელიძე 9 აპრილის აქციებში? თუ მათ მიაჩნდათ, რომ ეს აქციები არ უნდა ჩატარებულიყო, ეს აქციები არ იყო ქვეყნისთვის საჭირო, არ ჩამორჩნენ პოლიტიკურ პროცესებს და სხვისი წამხედურობით მიიღეს ამ აქციებში მონაწილეობა? მაშინ გამოდის, რომ ისინი ძალიან სუსტი პოლიტიკოსები ყოფილან, რადგან თუ არ უნდოდათ რაღაცაში მონაწილეობის მიღება და მაინც ჩაერთვნენ. იმიტომ, რომ ვიღაცამ, ამ შემთხვევაში ნინო ბურჯანაძემ, დაიწყო თურმე ეს პროცესი. ასევე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უსიამოვნო იყო ჩემთვის იმავე ბატონ დავით გამყრელიძის გამონათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე 9 აპრილი მე ჩემი ცოდვების ჩამოსარეცხად მჭირდებოდა. მინდა, კატეგორიულად ვუთხრა ყველას: დაამთავრეთ ლაპარაკი!... ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მე არავისზე მეტი ცოდვები არ მაქვს - არც ხელისუფლებაში მყოფებზე მეტი ცოდვები მაქვს და არც ოპოზიციაში მყოფებზე!... არავისზე მეტი შეცდომა არ დამიშვია...
როგორც მე ავიღე პასუხისმგებლობა ყველაფერზე, კეთილი ინებონ და იმ ადამიანებმა, რომლებიც დღევანდელ არჩევნებზე მიდიან, პასუხისმგებლობა აიღონ თავის თავზე, რადგან ამ არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმებამ საქართველოს მოუტანა ყველაფერი ცუდი - მამისონის უღელტეხილის დაკარგვა, არაერთი ადამიანის დაღუპვა, ქვეყნას კიდევ უფრო მეტ კრიზისში შესვლა და ასე შემდეგ...
რადგან არ ჩერდებიან ჩემი ძვირაფასი კოლეგები, მაშინ მე პირდაპირ ვიტყვი: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, სააკაშვილს კი არ ებრძვის, ებრძვიან ერთმანეთს, რათა ოპოზიციაში გარანტირებული მეორე ადგილი დაიჭირონ... უკვე შეეგუენ იმ აზრს, რომ პირველი ადგილი სააკაშვილს აქვს ჯიბეში ჩადებული. ჯერ კიდევ არის იმის შანსი, რომ, როგორც მინიმუმ, ოპოზიციამ შეძლოს ერთ რამეზე მოლაპარაკება - სანამ ეს ხელისუფლება არ გაგვიშვია და არ გაგვისტუმრებია, ჩვენ ერთმანეთის მიმართ კენჭებისა და ლოდების სროლას თავი გავანებოთ...
ნებისმიერი ჩემი განცხადება, ყველა ნორმალურ ქვეყანაში გამოიწვევდა სამთავრობო კრიზისს, გადადგებოდა პრეზიდენტი და გადადგებოდა მთავრობა, მაგრამ საქართველო არ არის ნორმალური ქვეყანა და ამაშია საქმე.
არის ვითარება, როდესაც ადამიანმა რაღაცეები უნდა თქვას, მაგრამ ყველაფერი არასოდეს არ უნდა იკადრო, თუნდაც მიზანი ამართლებდეს საშუალებას. მე არ ვაპირებ ბინძური და უსინდისო მეთოდების გამოყენებას, არც ყველაფრის თქმას არც ყველაფრის კადრებას, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ხალხთან ერთად გავიმარჯვებ.“
„ალია“; 20-21 აპრილი; ავტ. დიტო ჩუბინიძე; გვ.10
































