„ნინო ბურჯანაძე: დღევანდელი ოპოზიციური სპექტრიდან ბევრია ხელისუფლებასთან შეკრული! ძალიან ბევრი!“
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან
„...მარაზმშია გადასული ხელისუფლებაც და სააკაშვილიც, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მარაზმში ვართ გადასულები ჩვენ ყველანი! დიახ, მთელი ქვეყანა მარაზმშია დღეს, რადგან ყველაფერთან ერთად, იმასაც ვითმენთ, როცა პრეზიდნტი პირდაპირ ეთერში აცხადებს, „დიახ, ჩემი კაპრიზია, რომ მესტიაში იყოს აეროპორტი და ამ აეროპორტში ზამთარში თვითმფრინავი დავსვა“...
...ისე, გასაბრაზებელი რომ არ იყოს, გულწრფელად უნდა შეგეცოდოს სააკაშვილი. ადამიანმა, რომელიც არც უნიჭოა და არც უნარმოკლებული, რა დღეში ჩაიგდო საკუთარი თავი და რა დამართა თავის თავს. დარჩიაშვილისა და მისი მეგობრების ასახსნელი რომ გახდა პრეზიდენტის გამონათქვამები?!
ნამდვილად მაინტერესებს, როდემდე აპირებს საქართველო ამის მოთმენას და განსაკუთრებით ის ხალხი, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს.
...ჩვენ მთელი ზაფხულის განმავლობაში ვმუშაობდით იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესი არ მომკვდარიყო და ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით „სახალხო კრებასთან“, რომლის ამოცანაც საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებაა. 29 სექტემბერს „სახალხო კრების“ მოსამზადებელი შეკრებაც გაიმართება, ხოლო შემდეგ „სახალხო კრებაც“ შედგება. კონკრეტული თვის დასახელება, თუ როდის დამთავრდება სააკაშვილის ხელისუფლება, არასწორია. თავად სააკაშვილი დამთავრებულია, კარგა ხანია!..
...ქვეყანას სააკაშვილი არ და ვერ მართავს! ეს ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელია. უბრალოდ, სააკაშვილი არის შირმა და ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ფლობენ სახელისუფლებო ბერკეტებს, იყენებენ მას!..
...არავისთვის ნიშნის მოგებას არ ვაპირებ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ასიათასობით დოლარს იხდიდნენ და იხდიან მხოლოდ სააკაშვილის სიამოვნებისათვის და მისი ახირებების დასაკმაყოფილებლად, აუცილებლად მიიღებენ იმას, რომ გაჭირვებისთანავე, სააკაშვილი, პირველ რიგში, მიუტრიალდება და მათ ჩასვამს ციხეში!
...ჩვენ არ გვაქვს მედიასაშუალებები. ოპოზიციური რომ ერქვა, იმ ტელევიზიებსაც კი ძნელად მონათლავ დღეს ოპოზიციურად. სულაც არ მომერიდება თქმა და გეტყვით, რომ, უპირველეს ყოვლისა, „კავკასიას“ ვგულისხმობ! „მაესტრო“ ამ წუთში ნახევრად მუშაობის გრაფიკშია, მაგრამ „კავკასიაზე“ თვენახევრის განმავლობაში ბატონმა აქუბარდიამ ვერ მონახა საშუალება, რომ ნახევარი საათი მაინც დაეთმო ჩემთვის! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! თუმცა, აქუბარდიასაც ისევე მოეპყრობა ეს ხელისუფლება, როგორც ძალიან ბევრ სხვას!
...პირდაპირ გეტყვით: ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაციების არ მეშინია! და სწორედ „სახალხო კრებამ“ უნდა უზრუნველყოს თითოეული ადამიანის ინფორმირება და მერე თავად გადაწყვიტოს ხალხმა - მოთმენა ურჩევნიათ თუ ბრძოლის გაგრძელება!..
...რომ გამოდის სააკაშვილი და მესტიაში აეროპორტი უნდა გავხსნათო, ამბობს... მაინტერესებს, უკვე გახსნილი აეროპორტის გახსნას აპირებს? 2007 წელს, აეროპორტი უკვე გაიხსნა მესტიაში! დიახ, ამერიკის ელჩის ჯონ ტეფტის მიერ იგი იქნა იგი გახსნილი და სიმბოლური გასაღები ბადრი ბიწაძეს გადასცეს! თუ ამ აეროპორტის გადაღებავს, მერე ახლიდან გახსნას და თავისად გასაღებას აპირებს, ეს უკვე სხვა საქმეა...“
„ასავალ-დასავალი“; 06.09.10; ავტ.გიორგი მამააცაშვილი; გვ.10-11
































