საინტერესო
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად შემუშავებული „ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის“ ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია გამართა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" პოლიტიკურმა პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძირითადი მიმართულებების" პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც ექსპერტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

„დემოკრატიული მოძრაობის" და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შემუშავებული დოკუმენტი მიზნად ისახავს ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნას.

დოკუმენტში აღწერილია სააკაშვილის რეჟიმი, როგორც კლასიკური ავტორიტარული წყობისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტების სისტემა, რაც გულისხმობს:

პარტიული და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ფაქტობრივ ურთიერთშერწყმას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკომპლექტებას პარტიული ერთგულების ნიშნით;

ხელისუფლების დანაწევრების პრინციპის უგულებელყოფას;

საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების ერთპიროვნულ მართვას პრეზიდენტის და მისი გუნდის მიერ;

ხელისუფლების არასაჯაროობას;

პოლიტიკურ და თვით სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი არაუფლებამოსილი პირების ან ინსტიტუტების მონაწილეობას;

არადემოკრატიულ, არასამართლიან და არათავისუფალ არჩევნებს;

ხელისუფლების კრიმინალიზაციას;
საპოლიციო ტერორს, განსხვავებული აზრის მქონე პირების სამოქალაქო უფლებების შელახვას ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ზემოქმედების მეშვეობით;

კანონით გაუთვალისწინებელი გასამხედროებული ფორმირებების, ე.წ. ზონდერბრიგადების შექმნას და მათ გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ;

მედიასივრცის კონტროლს;

დანაშაულებრივი ქმედებების გზით ქვეყნის მთელი ტერიტორიის მომცველი მედიაარეების მონოპოლიზაციას სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ;

კერძო საკუთრების დაუსაბუთებელ და უსამართლო ხელყოფას;

ეკონომიკაზე სახელისუფლო კლანების სრულ კონტროლს;

არამდგრად და არათამიმდევრულ საკანონმდებლო ბაზას;

დემოკრატიული ინსტიტუტების ნეიტრალიზაციას, მოსახლეობის დატერორებას და დასავლური ღირებულებების დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლას.


„მიუხედავად აგვისტოს ომის უმძიმესი შედეგებისა, ხელისუფლებამ „ვერ" მოიცალა იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია შექმნილ რეალობასთან შესაბამისობაში მოეყვანა. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობის" მიერ წარმოდგენილ ხედვაში ნათლად არის ჩამოყალიბებული ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეები. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფრთხედ ხედვაში წარმოდგენილია არსებული ხელისუფლების არაადეკვატურობა, ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანაში განაპირობებს ინსტიტუტების არარსებობას და შესაბამისად, ქმნის ქვეყნის, როგორც არასაიმედო პარტნიორის იმიჯს. ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ტენდენციად მიგვაჩნია ის, რომ ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტიდან ამ ურთიერთობათა ობიექტი ხდება. ქვეყანა კარგავს საკუთარ ფუნქციას როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


ეროვნული ინტერესების და მიზნების რეალიზაციის და უსაფრთხეობის პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მთავარი პრიორიტეტად დოკუმენტში მიჩნეულია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე ყველა სადავო საკითხის გადაწყვეტა მშვიდობიანი, პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით.

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის პრინციპებთან დაკავშირებით კონცეფციის ძირითად მიმართულებებში აღნიშნულია, რომ ცალსახად აუცილებელი პირობებია:

გამჭვირვალობა და პროგნოზირებადობა;

უსაფრთხოების პოლიტიკისათვის სათანადო კონცეპტუალური ბაზის არსებობა;

პოლიტიკის განხორციელების შესაბამისი საკადრო უზრუნველყოფა;

ჩვენი პარტნიორებისა და მეზობელი ქვეყნების კანონიერი ინტერესების, მსოფლიოში (როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეზე) მიმდინარე პროცესების გათვალისწინება;

მკვეთრი რყევების თვიდან აცილება;

პოლიტიკის ღიად დეკლარირებულ პრინციპებზე დაყრდნობა და თანმიმდევრული განხორციელება.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებას საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების ისეთი ფორმით არსებობა, როდესაც მთელი ინფორმაციის მიღება, მოხმარება და გადამუშავება ერთი სტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელშია თავმოყრილი და დაზვერვის, კონტრდაზვერვისა და სხვა უმნიშვნელოვანესი სტრუქტურები პრაქტიკულად ფორმალურ სახეს ატარებს.

კონცეფციაში წარმოდგენილია თავდაცვის, სასაზღვრო, საზოგადოებრივი, ენერგეტიკული, ეკოლოგიური, ინფორმაციული, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სფეროებში უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.


საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროს პოლიტიკის განასაზღვრისას, აუცილებელია განხორციელდეს მახინჯი, ზოგიერთ შემთხვევაში კი პირდაპირ დანაშაულებრივი ხასიათის მატარებელი ე.წ. სამართალდამცავი სტრუქტურების სრული დემონტაჟი; შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად ცალკე სტრუქტურულ ერთეულად უნდა ჩამოყალიბდეს მუნიციპალური პოლიცია და გამოძიების ეროვნული ბიურო; უნდა გაუქმდეს პოლიტიკური დევნის ინსტიტუტები და შეიქმნას არაპოლიტიზირებული სამართლებრივი სტრუქტურები; პოლიციას უნდა ჩამოშორდეს ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის ფუნქცია.


როგორც დოკუმენტის შეფასებისას ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი არა მხოლოდ გარე საფრთხეებზეა გაკეთებული, არამედ ყურადღება გამახვილებულია შიდა გამოწვევებზეც, რაც ერთმნიშვნელოვნად აღსანიშნავია, რადგან როდესაც ქვეყანას არა აქვს განმტკიცებული შიდა პოზიცია, მხოლოდ საგარეო საფრთხეებზე ორიენტაცია დაუშვებელია.


უსაფრთხოების ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის შედეგების გათვალისწინებით და შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება უსაფრთხოების ახალი კონცეფცია.


„იმისათვის, რომ უსაფრთხოების კონცეფცია იყოს ეფექტური და რეალურად შეძლოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიღწევადი, თუ ხელისუფლება გამჭვირვალე პოლიტიკას აწარმოებს და საზოგადოების ყველა წრისა და სფეროს ინტერესებს გაითვალისწინებს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.


„საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად იცის იმ გარე საფრთხეების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში არსებობს, მაგრამ არ აქვს ინფორმაცია შიდა საფრთხეებზე; ადეკვატურად არ არის გააზრებული თუ რა ბალანსია შიდა და გარე საფრთხეებს შორის. „დემოკრატიული მოძრაობისა" და ექსპერტების მიერ შექმნილ კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ ჩვენი ხელისუფლება ქართული სახელმწიფოსთვის საფრთხის მატარებელია, რომ ხელისუფლება სახელმწიფოსთან ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს მისი კრიტიკა სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაა, რაც აბსოლუტურად არაადეკვატური მიდგომაა.


პოლიტიკა უსაფრთხოების სფეროში უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და პროგნოზირებადი. ნებისმიერმა მოქალაქემ თავი დაცულად მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება იგრძნოს. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ არსებობს პირდაპირი ბმა დემოკრატიის დონესა და ეროვნული უსაფრთხოების დონეს შორის", - აღნიშნა კონცეფციის ერთ-ერთმა ავტორმა, ექსპერტმა კახა კაციტაძემ.


„ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია" გულისხმობს თვისობრივად ახალი ურთიერთობების დამყარებას ევროკავშირის აღმოსავლური და სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში კონკრეტული და ეფექტური პროექტების შემუშავება უნდა მოხდეს; ასევე აუცილებალია ევროკავშირის აღმოსავლური და სამეზობლო პოლიტიკის ფორმატში საქართველოს და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი ხელშეკრულებების შემუშავება, რომელიც მოიცავს მხარეების თანამშრომლობას უსაფრთხოების საკითხებში და განსაზღვრავს კონკრეტულ პროგრამებს ამ სფეროში; ასევე უნდა განხორციელდეს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის ინსტიტუციონალიზაცია და საქართველოს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში - როგორც ეროვნული ინტერესებისა და მიზნების რეალიზაციის ერთ-ერთი საშუალება.


ურთიერთობა აშშ-სთან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.


დოკუმენტში უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად აღნიშნულია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, რომლის თანმდევი პროცესი უცილობლოდ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ერთმანეთის კანონიერი ინტერესების პატივისცემაა.


როგორც ექსპერტმა არჩილ გეგეშიძემ კონცეფციის შეფასებისას აღნიშნა, ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც მთავრობის გარეთ კეთდება ამ ტიპის დოკუმენტი, როდესაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება სისტემურად არის გააზრებული და კონცეპტუალურად დანახული, გათვალისწინებულია დღევანდელი რეალობა და სამომავლო გეგმები.

„ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს ხშირად ადანაშაულებს, რომ მათ არ გააჩნიათ ალტერნატიული ხედვა და საკუთარი გამოსვლები მხოლოდ კრიტიკაზე აქვთ აგებული. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ სახეზეა ობიექტური და ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომ პარტიას გააჩნია როგორც საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალი, ასევე შესაძლებლობა ასეთი პოტენციალის მოზიდვისა, რაც თანამშრომლობის კარგი მაგალითია.


არასწორი იქნებოდა მოთხოვნა, რომ კონცეფციას სამოქმედო გეგმის სახე ჰქონდეს, რადგან სამოქმედო გეგმის განსაზღვრა აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაა" - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.


ექსპერტების აზრით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაიწყო ქვეყნისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობა და მისი განხილვა; რაც აქამდე არ მომხდარა.

 

 

main_directions_of_the_national_security_concept_georgian_version.pdf

ელფოსტაბეჭდვა
 
ინტერაქტივი
მიგაჩნიათ, რომ „სახალხო კრება“ არის გზა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლას?
არქივის კალენდარი
« ივლისი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
კვირის ფოტო