დღეს, 2 თებერვალს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან დაბრუნებულმა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ პარტიის ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
„როგორც მოგეხსენებათ, მე სტუმრის სტატუსით ვიყავი მიწვეული დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე და ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა დისკუსიებსა და ღონისძიებებში მივიღე მონაწილეობა.
მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები BBC, CNN ... გამოშვებებს სწორედ დავოსის ეკონომიკური ფორუმით ხსნიდნენ და აღნიშნულ ფორუმს ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირები, უმაღლესი რანგის მსოფლიო პოლიტიკოსები, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და ანალიტიკოსები, შემაშფოთებელია, რომ საქართველოდან უკვე მეორე წელია არც ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი ფორუმზე არ მიიწვიეს.
რაც უფრო საგანგაშოა, ამ ვიზიტისას ნათლად დავინახე, რომ პერსპექტივაც კი იმისა, რომ ქვეყანამ მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებებში ოფიციალურ დონეზე მიიღოს მონაწილეობა უახლოეს მომავალში არ არსებობს.
სამწუხაროდ საქართველოს აღარ მიიჩნევენ მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნად, საქართველო აღარ არის ჩართული საერთაშორისო პროცესებში. გამომდინარე აქედან, საქართველოს აღარ აქვს შესაძლებლობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტისას დაიცვას საკუთარი ინტერესები.
მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების დამსახურებით ჩვენი ქვეყანა ფაქტიურად საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული.
დავოსში ასევე მქონდა ძალიან სერიოზული დონის, მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები.
ამ შეხვედრებზე ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან დაფიქსირებულმა პოზიციებმა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა კარგავს საკუთარ ფუნქციას და როლს, როგორც რეგიონში, ასევე, საერთაშორისო არენაზე.
ჩვენი დასავლელი მეგობრები პირდაპირ აფიქსირებდნენ შეშფოთებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სააკაშვილის და მისი ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებებსა და განცხადებებზე. მათთვის აღმაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბრალს დებს ტალიავინის კომისიის წევრებსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში და სრულიად მიუღებელია, სუვერენული ქვეყნის, უკრაინის შიდა პოლიტიკურ ვითარებაში უხეში და უგუნური ჩარევა.
სწორედ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენს მეგობრებს საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშნები გაუჩინა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
სააკაშვილმა საქართველოს ყველა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა გაანაწყენა, მათ იმედები გაუცრუა და ზოგიერთი მოიმდურა კიდეც.
საკმაოდ რთული ვითარებაა ქვეყანაში სერიოზული ინვესტიციების შემოდინების თვალსაზრისით. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩემი შეხვედრების დროს არაერთმა გავლენიანმა პიროვნებამ, ბიზნეს წრეების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰქონდა სურვილი და ინტერესი საქართველოში ინვესტიციები განეხორციელებინა, თუმცა ვითარების გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ აღნიშნული კუთხით მაჩვენებლები, რომლებსაც ხელისუფლება ესოდენ მაღალ ხარისხში გვისახავს აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას.
სააკაშვილი საქართველოს არასტაბილური ქვეყნის იმიჯს უქმნის და გამომდინარე აქედან ქვეყანაში ყველა სერიოზული ინვესტიციის მოდინება რეალურად შეჩერებულია.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი იმისთვის რომ გადარჩეს. ამ ხელისუფლების ხელში ცოტაოდენი მანევრირების შესაძლებლობაც კი აღარ არსებობს, რათა ქვეყანა სრულიად მარტო, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე არ აღმოჩნდეს.
ნურავის ექნება ილუზია რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გასაკეთებელს სხვა ქვეყნები გააკეთებენ.
საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სწორედ იმის მოლოდინია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავად უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიულ ცვლილებებს და ქვეყანას გადარჩენისა და განვითარების შანსს მისცემს.
თითოეული ჩვენგანისთვის სიახლე ნამდვილად არ არის, რომ მერაბიშვილის უწყება ყველა ჩვენს საუბარს ზედმიწევნით ისმენს. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რა „დიდი ყურადღების“ ცენტრში იმყოფება ჩემი პოლიტიკური ორგანიზაცია. სააკაშვილის ადმინისტრაციამ ჩემი განცხადების გასანეიტრალებლად პრევენციულ ზომებს მიმართა და პრეზიდენტის უპრეცედენტოდ დატვირთულ გრაფიკზე დეტალური ანგარიში ჩაგვაბარა. თურმე საქართველოს პრეზიდენტი თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხავა სახელმწიფოთა პირველი პირები იღებენ და მსოფლიოს, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, იმიტომ ვერ მიემგზავრება, რომ ძალზედ დატვირთული გრაფიკი აქვს.
გასაკვირიც არ არის - ყველა ტელევიზია აკონტროლო, სარედაქციო განმარტებები მისცე ამა თუ იმ გადაცემასთან დაკავშირებით, სათხილამურო და საციგურაო მსოფლიო ჩემპიონატებისთვის „მოემზადო“ და პარალელურად დავოსისა და მიუნხენის ფორუმებზე მსოფლიოს პირველ პირებს შეხვდე, რათქმაუნდა ყოველივე ეს პრეზიდენტისთვის ძალიან ძნელი შესათავსებელია ერთმანეთთან.
ასევე ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ თურმე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტზე მიუწვევია. დაზუსტებით ჯერობით ვერაფერს გეტყვით, თემცა 15 წუთის წინ დასრულდა ჩემი და საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის შეხვედრა და როდესაც შეხვედრაზე ჩემი გულისტკივილი გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის პრეზიდენტს აღარსად იწვევენ და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ისიც კი ვერ მოხერხდა სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა თუნდაც ხელისჩამორთმევის დონეზე შემდგარიყო, სამწუხაროდ მას არ დავუმშვიდებივარ იმით, რომ მისი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს აშშ-ში იწვევს.
ერთი ნამდვილად შემიძლია ვთქვა, მსოფლიოს ძალიან გაუმართლა, რომ ბირთვული იარაღის ღილაკი სააკაშვილის ხელში არ არის!
ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა ძალიან სამწუხარო რომ არ იყოს, რადგან საუბარი ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტზე!“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





















პრესკონფერენცია - დავოსში ვიზიტის შეჯამება

