დღეს, 5 თებერვალს „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯეიმს სტეინბერგს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ გორდონს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ყველა ის პრობლემატური საკითხი დააყენა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. საუბარი შეეხო პოლიტპატიმრების თემას, ზოგადად ქვეყანაში დემოკრატიული გარემოს არარსებობასა და კონფლიქტური ტერიტორიების საკითხებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ აშშ–ს დღევანდელი ადმინისტრაციისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის მეგობრის იმიჯის შექმნა, არამედ საქართველოში რეალური დემოკრატიული ნაბიჯები, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას.
„დემოკრატიული მოძრაობის"ლიდერის განცხადებით, მან სტუმრებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არც ერთი პოზიტიური და დემოკარტიული ნაბიჯი ხელისუფლებას არ გადაუდგამს.
„ქართველი ხალხი ელოდება იმ კულუარული მუშაობის და ზეწოლის შედეგებს, რომელსაც ნამდვილად აქვს ადგილი ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ადამიანებმა რეალურად იგრძნონ დემოკრატიული გარემოს და ქვეყნის სტაბილურობის ნიშნები" – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
























