საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა. არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტი აღნიშნავს და მიგვითითებს ქვეყანაში დემოკრატიის არარსებობაზე. ქვეყნის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ხელისუფლების მიერ ამუშავებული ტერორის მანქანის მსხვერპლია. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენს ქვეყანას დიქტატურისკენ მიაქანებს. ბოლო დღეებში ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებიც ამის ნათელი დასტურია.
დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების დასაფარად მასმედიის სრული კონტროლი სჭირდება. სწორედ ამიტომ, ის ყველა მეთოდს იყენებს, რათა ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა, აკონტროლოს და საკუთარი ნებასურვილის გამხმოვანებლად აქციოს ქვეყნის მედიასივრცე. შესაბამისად, იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც „კონტროლს არ ექვემდებარებიან”, ხელისუფლება პირდაპირ ტერორს ახორციელებს. ამ პოლიტიკის შედეგია გაზეთ „ბათუმელების“ და „გურია ნიუსის” ჟურნალისტებსა და სტუდია „რეპორტიორის“ ხელძღვანელზე, ვახტანგ კომახიძეზე განხორციელებული ზეწოლაც.
ჩვენ, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ საკუთარ თავზე მიღებული გამოცდილებით ვიცით, თუ როგორ სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებს ხელისუფლება განსხვავებული აზრის მქონე, მებრძოლ ადამიანებზე და ამიტომ, მოვუწოდებთ პროფესიონალ, დამოუკიდებელ, თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლ ჟურნალისტებს, რომლებიც კიდევ მრავლად არიან ქვეყანაში, შექმნან წარმომადგენლობითი სპეციალური ჯგუფი, რათა მეტი ორგანიზებულობით და შედეგზე ორიენტირებული ქმედებით წინ აღუდგნენ ამგვარ უსამართლობას.
ბრძოლა დამოუკიდებელი მედიის, თავისულაფი სიტყვისა და აზრის დასათრგუნად არის ბრძოლა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოს გაერთიანება და განვითარება
წარმოუდგენელია დემოკრატიის გარეშე!
„დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭო
13.02.2010
























