13 თებერვალს, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნების შეხვდა. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და აღნიშნეს, რომ მიუხედავად ხელისუფლების არაერთი დაპირებისა, სამწუხაროდ, შექმნილი რთული ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით არც ერთი პოზიტიური ნაბიჯი არ გადადგმულა.
პიტერ სემნებიმ ნათლად დააფიქსირა, რომ ევროკავშირთან შემდგომი დაახლოება, მათ შორის სავიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით საკითხების გადაწყვეტა, უპირობოდ არის დაკავშირებული საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხზე და ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე.
პიტერ სემნების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დეტალურადაა ინფორმირებული აღნიშნული საკითხის თაობაზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ ხელისუფლება არ გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას და არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იქმნება რეალური საფრთხე, საქართველო არა თუ დაუახლოვდეს, არამედ კიდევ უფრო დაშორდეს ევროკავშირს.
შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ წარმომადგენლებზე მორალური, ფსიქოლოგიური და ფინანსური წნეხის შესახებ.
აღინიშნა, რომ მიუხედავად პიტერ სემნების პირადი დაინტერესებისა და არაერთგზის მოთხოვნისა კონკრეტულ საქმეებთან (მათ შორის, პარლამენტის წინ 11 აპრილს სცენის დარბევის, კახა ხანდოლიშვილის, ამირან ბიწაძის და სხვა) დაკავშირებით არც ერთი მათგანი დღემდე არ არის გამოძიებული.
























