3-დან 5 მარტის ჩათვლით „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის ფედერაციაში ვიზიტით იმყოფებოდა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს ერთიანი, დემოკრატიული, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, იყოს რეალურად დამოუკიდებელი და სუვერენული!
მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება; საქართველოს ძირითადი პრობლემების მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი, ვთვლით, რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში გამგზავრების წინ.
ვიზიტის ფარგლებში, ნინო ბურაჯანაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრს, ვლადიმერ პუტინს პირისპირ შეხვდა.
შეხვედრის დაწყებისას ვლადიმერ პუტინმა და ნინო ბურჯანაძემ ღიად განაცხადეს:
ვლადიმერ პუტინი: - „სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არიან ადამიანები, რომლებთანაც ვერ მოხერხდა ურთიერთობების დალაგება. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, ზუსტად ამ პოლიტიკოსების გამო მივიღეთ ჩვენ ის ტრაგედია, რომელიც წელიწადნახევრის წინ მოხდა.
თუმცა იმედი მაქვს, იმ ადამიანებზე დაყრდნობით, ვისაც აქვს სურვილი ჰქონდეს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები, ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ურთიერთობებს იმ დონემდე, რომელიც კრიზისამდე გვქონდა”.
ნინო ბურჯანაძე: - „სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობები პრაქტიკულად ტრაგიკულ ჩიხამდე მივიდა. თუმცა, მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ ჩიხიდან გამოსავლის გზების მოძიება შესაძლებელი იქნება.
დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის ინტერესებშია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მოგვარება. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები აუცილებელია, როგორც რეგიონის მშვიდობიანი განვითარების, ასევე ჩვენი ერების ნორმალური განვითარების თვალსაზრისით.
უნდა მოიძებნოს გზები და შესაძლებლობები იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს. აუცილებელია ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.
რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, როგორც ჩემი ხალხის და სახელმწიფოს, ასევე რუსი ხალხისა და რუსეთის ინტერესებშია.
თითოეული მოქალაქის ვალია და მით უფრო მათი, ვინც პოლიტიკით არის დაკავებული გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ამ რთულ ვითარებაში ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.
მე ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა ის მძიმე საკითხი, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებშია განხილულ იქნას ღიად, გულწრფელად, ურთიერთპატივისცემისა და ნდობის დამყარების საფუძველზე.“
როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე საუბარი იმ უმძიმეს პრობლემებზე გაიმართა, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მისი თქმით შეხვედრაზე ნათლად დაფიქსირდა, რომ ურთიერთობების ორივე სახელმწიფოსათვის სასარგებლო ჭრილში გადატანისთვის დიალოგის გაგრძელება ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია.
მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან,
სერგეი ლავროვთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან და რუსეთის ფედერაციის სათათბიროს თავმჯდომარესთან სერგეი მირონოვთან.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთულესი ვითარებიდან გამოსვლა მათი ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიის ინტერესებშია.
შეხვედრებზე ღიად დაფიქსირდა, რომ არ არსებობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში საკითხები, მათ შორის ყველაზე მტკივნეულიც, რომლებიც განხილვას არ ექვემდებარება. იმ შემთხვევაში, თუ იქნება კეთილი ნება, სურვილი და მზაობა, რომ თანასწორუფლებიან და ურთიერთპატივისცემის ფორმატში შედგეს დიალოგი, არ არსებობს პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც შეუძლებელია.
რუსეთის კათალიკოს-პატრიარქის, რომელიც ნინო ბურჯანაძის ვიზიტის დროს მოსკოვში არ იმყოფებოდა, თხოვნითა და დავალებით „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მოსკოვის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, არქიეპისკოპოსმა ევგენიმ მიიღო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მან არქიეპისკოპოსს რუსეთის პატრიარქის მიმართ გამოთქმული საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სამადლობელი სიტყვები გადასცა, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის საპატრიარქომ არ აღიარა აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა და რომ იგი მხარს უჭერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
ვიზიტის შეფასებისას კი, ნინო ბურჯანაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა: - „იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას არანაირი რესურსი აღარ აქვს აწარმოოს დიალოგი რუსეთთან, ჩვენ უნდა შევეცადოთ გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომში რაიმე ტიპის პროვოკაცია, რომელიც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს.
ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მომზადდეს ბაზა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებისთვის.
ღიად ვაცხადებ, რომ ვდგამ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩემი ქვეყნის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად. ეს ნაბიჯები ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგებზე და არა ფიარ აქციებზე. ჩვენ სწორედ ფიარისთვის გაკეთებულმა განცხადებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 % დავკარგეთ.
ჩემი მიზანი საქართველოს გაერთიანებაა. ჩემი ამოცანაა, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა აღარასოდეს აღმოჩნდეს სისხლისმღვრელ ომში ჩართული.
მინდა მთელი ჩემი გამოცდილება, ენერგია, შესაძლებლობები და საერთაშორისო კონტაქტები გამოვიყენო იმისათვის, რომ ქვეყანას საფრთხე ავაცილო თავიდან, ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველო არსებული ურთულესი ვითარებიდან გამოვიყვანო, შევქმნა რეალური პირობები იმისათვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად იცხოვროს ერთიან, მშვიდობიან და დემოკრატიულ საქართველოში!“
მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძე ბრიუსელში გაემგზავრა.
























