საინტერესო
„დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს განცხადება „იმედის“ ეთერით გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით

გუშინ, 13 მარტს სააკაშვილის რეჟიმის მიერ მართული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული 8 საათიანი „ქრონიკით“ საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად დაგვანახა, რომ არაფრად აგდებს საკუთარი ხალხის სიცოცხლეს, სიმშვიდესა და ღირსებას!

ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე ექსპერიმენტებს მუდმივად ატარებს, რისი მიზანიც თაობებზე უარყოფითი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა.

მიხეილ სააკაშვილი და მისი რეჟიმი, რომელსაც პრაქტიკულად მთელი სატელევიზიო სივრცე მონოპოლიზირებული აქვს, პირადად გეგმავს და აკონტროლებს მათ სარედაქციო პოლიტიკას. ამ ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული ინფორმაციული ტერორის მეშვეობით ქვეყანაში შექმნას ვირტუალური რეალობა და ამ გზით ძალაუფლება შეინარჩუნოს.


თუ ვინმეს აწყობს ის შესაძლო რეალობა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მეშვეობით წარუდგინეს საქართველოს მოსახლეობას, ეს სააკაშვილია, რადგან მისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა მხოლოდ მუდმივ საომარ საფრთხეებზე აპელირება და მოსახლეობის დატერორებაა.


მაშინ, როდესაც, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ისე სრულიად ქართულმა საზოგადოებამ, უმძიმესი შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტს, სააკაშვილი არ თუ არ ცვლის რიტორიკას, არამედ მეტი სიმძაფრით თრგუნავს და აშანტაჟებს მოსახლეობას მოსალოდნელი ომის საფრთხით.


სწორედ ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენაჩუნების მიზნით, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ 2008 წელს საქართველო წინასწარ წაგებულ ომში ჩართო და ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარა რუსეთს.


ქვეყანაში გამეფებული „შერჩევითი სამართალი“ გახდა საფუძველი იმისა რომ ამ უმძიმესი დანაშაულის გამოც კი არ დამდგარა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. ამ რეჟიმის მიერ დამკვიდრებული დაუსჯელობის სინდრომი განაპირობებს ხელისუფლების მხრიდან არაერთ უპასუხისმგებლო ქმედებას, რომელსაც მრავალჯერ შეუქმნია საფრთხე, როგორც საკუთარი მოსახლეობისთვის, ასევე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და სუვერენიტეტისთვის.


ხელისუფლებას საკუთარი თავი ქვეყანასთან ჰყავს გაიგივებული, სწორედ ამიტომ, არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთ, ადამიანებს, რომელთაც განსხვავებული ხედვა, დამოკიდებულება და აზრი აქვთ, ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლებად წარმოაჩენს, მოღალატეებად და  ქვეყნის მტრებად ნათლავს.


ქართულ არმიასა და ჯარისკაცებს, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ იმ ომშიც კი, რომელშიც ქვეყანა სააკაშვილმა საკუთარი უგუნური პოლიტიკის გამო ჩართო და რომელშიც ჩვენი ქვეყანა დამარცხებისთვის იყო განწირული, დღეს ხელისუფლება მოღალატეობას აბრალებს.


ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულმა გადაცემამ საქართველოს მოსახლეობისთვის თვალნათელი გახადა, თუ როგორ „იქმნებოდა“ ჩვენი, „დემოკრატიული მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიებისა და მათი აქტივისტების წინააღმდეგ „საბრალდებო“ სიუჟეტები.


მიუხედავად იმისა, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ შეტანილი აქვს სარჩელი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ქართული სასამართლო უკვე მერვე თვეა არ იხილავს, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ასევე, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რის გამოც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ვამზადებთ სარჩელს.


საქართველოს მოსახლეობა არ უნდა შეეგუოს და არც შეეგუება საკუთარი და ქვეყნის ღირსების შელახვას!


დღეს არსებითად მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების ერთად დგომა!


ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა არის ქვეყნის  და საზოგადოების გაერთიანების, სტაბილურობის, დემოკრატიული  მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთი გზა.

 

ელფოსტაბეჭდვა
 
ინტერაქტივი
მიგაჩნიათ, რომ „სახალხო კრება“ არის გზა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში არსებული რეალობის შეცვლას?
არქივის კალენდარი
« ივლისი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
  
კვირის ფოტო